“თამბაქოს კონტროლის ალიანსი” ეხმიანება გახურებადი თამბაქო „აიქოსის“ შესახებ გამოთქმულ მოსაზრებას. საქართველოში გავრცელდა ინფორმაცია, “აიქოსის” ნაკლებმავნებლობის თაობაზე, წყაროდ კი ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს გადაწყვეტილებაა მოყვანილი. თუმცა, როგორც “თამბაქოს კონტროლის ალიანსი” საუბრობს, ეს გადაწყვეტილება არასწორად გაშუქდა. ამასთან დაკავშირებით ალიანსმა განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„ფილიპ მორისის“ საქართველოს ოფისმა ლობისტური კომპანია „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ საშუალებით, გაავრცელა ამერიკის წამლისა და საკვების სააგენტოს ერთ-ერთი ბოლო დროინდელი გადაწყვეტილების დამახინჯებული ინტერპრეტაცია, თითქოს სააგენტომ აღიარა, რომ „ფილიპ მორისის“ ახალი პროდუქტი, გახურებადი თამბაქო „აიქოსი“ ჯანმრთელობისთვის ნაკლები რისკის მქონეა და მისი კვამლი გარშემომყოფთ არ ვნებს.
სინამდვილეში სააგენტომ არ დააკმაყოფილა „ფილიპ მორისის“ მოთხოვნა „აიქოსზე“ „ჯანმრთელობისათვის ნაკლები საფრთხის შემცველის“ სტატუსი მიენიჭებინა, რადგან გახურებად პროდუქტში შედარებით ნაკლები, მაგრამ ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო ტოქსინები და კანცეროგენებია, გამონაბოლქვი კი უმძიმეს გავლენას ახდენს მწეველსა და მის გარშემომყოფებზე.
ამას ადასტურებს თავად „ფილიპ მორისის“ კვლევები. სხვათა შორის, სააგენტომ მხოლოდ ამ კვლევების საფუძველზე გადაწყვიტა „აიქოსისთვის“ „მოდიფიცირებული რისკის პროდუქტის“ დროებითი სტატუსიმიენიჭებინა. რაც გულისხმობს, რომ „აიქოსი“ ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, მაგრამ რაოდენობრივად ნაკლებ შხამებს შეიცავს ვიდრე თამბაქოს კლასიკური პროდუქტი.
მიგვაჩნია, რომ „ფილიპ მორისის“ ამ ახალი ბრენდის შესახებ გადაწყვეტილება, „აიქოსი“ წარმოდგინდეს, როგორც მოდიფიცირებული რისკის მქონე პროდუქტი, ამერიკის წამლის და საკვების სააგენტოს მეორე საბედისწერო შეცდომაა. პირველი, თითქმის ასი წლის წინ, თამბაქოს ნაწარმის ლეგალიზაციის სახით დაუშვა, რასაც გასულ საუკუნეში 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
გაუგებარია გადაწყვეტილების განმარტებაც, მარკეტინგის პროცესს დავაკვირდებით და თუ ბავშვებში და ახალგაზრდებში„აიქოსის“ მოხმარებაგაიზრდება, სტატუსს შევუჩერებთ, ან გავუუქმებთო. ამ გაუმართლებელი ექსპერიმენტის უფლება არცერთ ქვეყანას არ აქვს, რადგან საქმე მომავალ თაობებს ეხება.
ეს მიდგომები საგანგაშოა არამხოლოდ ამერიკის მოსახლეობისთვის. თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების სამყაროში, რომლის შესაძლებლობებსაც თამბაქოს ინდუსტრია თავისი ნაწარმის პოპულარიზაციისთვის წარმატებულად იყენებს, ამერიკის წამლის და საკვების სააგენტოს მიერ სტატუს მინიჭიებული „აიქოსი“ ერთნაირად მაცდური ხდება ნებისმიერი ქვეყნის ბავშვისა და მოზარდისათვის. მით უფრო, რომ ამ სეგმენტის მოსახიბლად„ფილიპ მორისი“მარკეტინგულაქტივობებსა და ხრიკებს არ იშურებს.
სააგენტოს დროებით გადაწყვეტილებას მკვეთრად უარყოფითი პოზიციით გაემიჯნენ გავლენიანიპროფესიულიამერიკული ორგანიზაციები: „თამბაქოსაგან თავისუფალი ბავშვები“, „ამერიკის კიბოს ასოციაცია“, „კიბოს აქტივობის ქსელი“, „ამერიკის გულის ასოციაცია“, „ამერიკის ფილტვების ასოციაცია“, „სიმართლის ინიციატივა“.
„ფილიპ მორისის“ და „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ დეზინფორმაციის მიზანი მხოლოდ ერთია – მოატყუონ საქართველოს მოსახლეობა და განსაკუთრებით ბავშვები და ახალგაზრდები დამოკიდებული გახადონ ნარკოტიკზე, რომელსაც ამ შემთხვევაში გახურებადი თამბაქოს სახელით გვთავაზობენ.
თამბაქოს პროდუქტების მოხმარების შედეგად ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალურ-ეკონომიკური ტვირთის გამო, ორი წლის წინ, საქართველომ გახურებადი თამბაქოც ჩვეულებრივი თამბაქოს ნაწარმის რეგულაციის ქვეშ მოაქცია.
საყურადღებოა, ისიც, რომ„ფილიპ მორისის“ ინტერესების დამცველად სწორედ ამ დღეებში მოგვევლინა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც უკრაინაში „აიქოსზე“ გადასახადების 4-ჯერ მატება და ჩვეულებრივი სიგარეტის გადასახადთან დაახლოება გააპროტესტა. როგორც ჩანს, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე თავად გაეხვა კორუფციულ სკანდალში, კონკრეტული ბიზნეს სუბიექტის ფინანსური ინტერესების ლობირება აშკარად და ღიად დაიწყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე:
• მწეველებს მოვუწოდებთ, არ წამოეგონ თამბაქოს ინდუსტრიის მორიგ სატყუარას, „აიქოსს“, რომლის შექმნის მიზანია, ნიკოტინზე, როგორც უმძლავრეს ნარკოტიკზე ადამიანების დამოკიდებულების შენარჩუნება. ბაზარზე ამ ე.წ. სიკვდილის ახალი პროდუქტების შემოტანა, სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა ახალი მომხმარებლების (რომელთა უმეტესი ნაწილი ბავშვები და ახალგაზრდები არიან) მახეში გაბმას.
• მოვუწოდებთ ხელისუფლებას, განაგრძოს მოსახლეობის ჯანმრთელობის და სასიცოცხლო ინტერესების დაცვა, რაც ასევე ქვეყნის უსაფრთხოების დაცვაზე გადის და გვჯერა, როგორც ადრე, არ დააკმაყოფილებენ „ფილიპ მორისის“ ლობისტის „ბიზნეს ასცოციაციის“ მიზანმიმართულ არაჰუმანურ განზრახვას, რაც შეიძლება მეტად გაყიდონ მათ მიერ შექმნილი ახალი ლეტალური იარაღი სახელად „აიქოსი“.
თამბაქოს კონტროლის ალიანსი