“კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობს უკიდურესად დამძიმდა”,-ამის შესახებ მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა ლიკა მუმლაძემ განაცხადა.
მისი თქმით პაციენტს ვირუსთან ერთად რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვს, რაც მის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.
“ცენტრში მკურნალობს 56 COVID ინფიცირებული პაციენტი. ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც არის ჩვენი ერთ-ერთი ხანგრძლივი პაციენტი, ივნისის თვიდან იტარებს ჩვენთან მკურნალობას, ეს არის მრავალი ქრონიკული დაავადებით დაავადებული ქალბატონი. შემოვიდა დადასტურებული კორონავირუსის ინფექციის დიაგნოზით, იყო მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, აქვს გულის ქრონიკული უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა, მასთან იყო რამდენიმე ძალიან კრიტიკული მომენტი, როდესაც მოხდა გულის გაჩერება, რითმის დარღვევა, აღვადგინეთ სასიცოცხლო ფუნქციები, თუმცა ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა კვლავ რჩება კრიტიკულად მძიმე,” – განაცხადა მცხეთის სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ.
მცხეთის სამედიცინო ცენტრში ამ დროისთვის სულ 55 პაციენტი მკურნალობს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1 117 შემთხვევაა გამოვლენილი, აქედან 917 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.