რუსთავში, ცოლისა და სიდედრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 27 წლის გიორგი ფირაშვილი დუმილის უფლებით სარგებლობს.
როგორც უფლებადამცველმა „ინტერპრესნიუსსთან“ საუბრისას აღნიშნა, ფირაშვილი სამართალდამცავებმა გუშინ გამოჰკითხეს, თუმცა, მან მძიმე ემოციური მდგომარეობის გამო, ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
ადვოკატის თქმით, სავარაუდო დანაშაულის ჩადენის მომენტში დაკავებული მამაკაცი ფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს თავად შეატყობინა.
„ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა, 112-ში დარეკა, უთხრა, რომ დანაშაული ჩაიდინა და პოლიციის თანამშრომლებს შემთხვევის ადგილზე დაელოდა. დაკავებული გუშინ გამოიკითხა, მაგრამ დუმილის უფლება გამოიყენა, მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, შეიძლება ითქვას, რომ შოკში იყო, ამის გამო საუბრის სურვილი არ ჰქონდა. ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ, დრო ჯერ არ შეუტყობინებიათ.
ასევე ნახეთ„თვეების არის მათი შვილი და რა უნდა მომხდარიყო ამ ერთ წელში, რომ ეს დატრიალდა. მისმა მეგობრებმა დამირეკეს, ყველა ერთმანეთს ვეკითხებით და არ ვიცით რა მოხდა“
რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, უცნობია, რადგან ბრალდებულს ამაზე არ უსაუბრია. საქმის მასალებს ბრალის წარდგენის შემდეგ გადმომცემენ და დანარჩენი დეტალები, მოგვიანებით იქნება ცნობილი. როგორც მითხრეს, ფხიზელ მდგომარეობაში იყო“, – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, 22 მაისს, რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დედა-შვილი სანადირო თოფიდან გასროლით იმ დროს მოკლეს, როცა ბავშვს ასეირნებდნენ. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით 27 წლის გიორგი ფირაშვილი დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.