თავდაცვის ყოფილმა მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, გიორგი გახარია არის საქართველოს პირველი რუსეთის კაცი პრემიერ-მინისტრი. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან წასვლის შემდეგ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში პროდასავლური კომპონენტი გაქრა.
„ჩემთვის წყალგამყოფი არის გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან წასვლა. გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობიდან წასვლით აბსოლუტურად გაქრა საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში პროდასავლური კომპონენტი, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად ეს დასრულდა. გახარია, რა თქმა უნდა, აღარ იყო, მე არ ვენდობი მოსკოვში განათლებამიღებულ ჩემი ასაკის ადამიანებს. დედაჩემის ასაკის ადამიანებს ვენდობი იმიტომ, რომ მათ არჩევანი არ ჰქონდათ.
არასოდეს დამიმალავს მე ჩემი განწყობა მის მიმართ, ის ჩემთვის არის საქართველოს პირველი რუსეთის კაცი პრემიერი, ჩვენ მანამდე ასეთი ღია, რუსულ ორბიტაზე მყოფი პოლიტიკოსი პრემიერად არ გვყოლია.
ყველასთვის ცნობილია, რომ თავის დროზე, როდესაც გიორგი გახარია უნდოდა ბატონ ბიძინას საგარეო საქმეთა მინისტრად, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო და სანამ ჩვენ კოალიციაში ვიყავით, მან მინისტრის პორტფელი ვერ ჩაიბარა“, – განაცხადა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში.
