LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მე ბავშვები დავკარგე, მათ ბავშვებს ვეძახი იმიტომ, რომ მთელი პოლკი ჩემი ოჯახია, ეს გაცოფებს, მაგრამ არ დაუშვა შეცდომები ” – აზოვის პოლკის ქართველი მეთაური გიორგი ქუფარაშვილი ომის განცდებზე

183
ქუფარაშვილი

“კაცი მითებს მიღმა” – ამ სათაურით გამოაქვეყნა “კიევ პოსტმა” გიორგი ქუფარაშვილის ვრცელი ინტერვიუ. აზოვის პოლკის ქართველი მეთაური მარიუპოლში გატარებულ დღეებში განცდილ ემოციებს იხსენებს.

“მე ბავშვები დავკარგე, მათ ბავშვებს ვეძახი იმიტომ, რომ მთელი პოლკი ჩემი ოჯახია და ყველა მათგანი მე გამოვზარდე, მე და ჩემმა გუნდმა. თითოეულ მათგანს ვიცნობ და ეს საშინლად რთულია. ძალიან ძნელია იმის გაანალიზება, რომ ჩემი ბავშვები არიან და ერთ დღეს უბრალოდ აღარ არიან. რა თქმა უნდა ეს გაცოფებს, მწყობრიდან გამოჰყავხარ, მაგრამ შენ მაინც უნდა შეძლო სიმშვიდის შენარჩუნება და არ დაუშვა შეცდომები, რადგან დანარჩენები ცოცხლები არიან”,- ამბობს ქუფარაშვილი.

გიორგი ქუფარაშვილი პოლკის წევრების გამბედაობასაც უსმავს ხაზს:

“მუცელში ორი ტყვიით ვიყავი დაჭრილი, როცა სარდაფში ვიყავი, ზუსტად არ მახსოვს რა დრო იყო, რადგან ბუნკერში სიბნელეა და დროის განსაზღვრა გიჭირს. მახსოვს მეძინა და მოულოდნელად ვიღაცამ გამომაღვიძა, ის მეთაური რედისი იყო, ის ჩემთვის მხოლოდ მეთაური არ არის, ის ჩემთვის გმირია, მეგობარი, მოსწავლე, ძმაკაცი. როცა დავინახე გავცოფდი და ვკითხე იქ რას აკეთებდა, რადგან ვიფიქრე, რომ უბრალოდ ჩემს სანახავად მოვიდა. მაგრამ ეს სხვა შემთხვევა იყო, ის ცდილობდა, რომ მძიმედ დაჭრილების ევაკუაცია მოეხდინა მე გამეღიმა და ვუთხარი – რედის ეს სიგიჟეა, შეუძლებელი. მას უკვე დაგეგმილი ჰქონდა ეს ოპერაცია და თანაც ძალიან კარგად დაგეგმილი.

ბიჭებმა ეს შეძლეს, მე შევძელი, ჩვენ შევძელით. მარიუპოლში ჩვენ ამას შვიდწამიან სიცოცხლეს ვეძახით, იმიტომ რომ შვიდი წამის იქით არაფერზე ფიქრობ, არც მომავალზე, საერთოდ არაფერზე. ამ შვიდი წამის განმავლობაში ზოგი ლოცულობს, ზოგი რაღაცაზე ფიქრობს, ამ მოკლე პერიოდს დავარქვით სიცოცხლის შვიდი წამი. თუ გადარჩი, (ღრმად ამოისუნთქავს) კარგია და მერე, როცა ევაკუაციისას მიწაზე ეშვები მოულოდნელად აანალიზებ, რომ წინ შვიდი წამი კი არა მთელი სიცოცხლე გაქვს და შეგიძლია ყველაფერი თავიდან დაიწყო. ეს ემოციური იყო, პილოტებსა და ეკიპაჟის წევრებს ვეხუტებოდი”,- ამბობს ქართველი მეთაური.

გიორგი ქუფარაშვილი ამბობს, რომ “აზოვის” პოლკის ბრძოლა კვლავ გრძელდება და ახლა მათი მთავარი მიზანი ტყვედ ჩავარდნილების რუსი ოკუპანტებისგან უსაფრთხოდ დახსნაა. ” არ ვენდობი რუსულ მხარეს, მაგრამ იმედი მაქვს რომ ჩვენს ტყვეებს ისე მოექცევიან, როგორც ჩვენ მათსას ვექცეოდით”,- ამბობს ის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g