“მე ჭორიკანა პოლიტიკას არ მივსდევ” – ეს განცხადება პარლამენტის მაჟორიტარმა წევრმაზაქარია ქუცნაშვილმა, ეკა ბესელიასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ გააკეთა. დაარღვია თუ არა ეკა ბესელიამ გუნდურობის პრინციპი და გაიტანა თუ არა მან შიდა საკითხები გუნდიდან, ქუცნაშვილმა ამ კითხვაზე პასუხი არ გასცა და განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” ოფისთან ის სხვა მიზნითაა მისული.
“ჩემი დღევანდელი მიზანი, ფრაქციის ერთი წევრის მორალურობაზე მსჯელობა არაა,” – განაცხადა ქუცნაშვილმა.
მანვე ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ ძალადობისგან თავი შეიკავონ.
“აზრის გამოხატვის უფლება დაცულია, აზრის იძულებით გამოხატვისგანაც. თქვენ არ გაქვთ უფლება, პროფესიული მდგომარეობის მიუხედავად, აიძულოთ რესპონდენტი აზრი გამოხატოს. თქვენ გაქვთ უფლება, რომ დასვათ კორექტული შეკითხვები, მაგარამ არ გაქვთ იძულების უფლება. შეიკავეთ თავი და დაელოდეთ პროცესის განვითარებას,” – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
რაც შეეხება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას, მაჟორიტარმა განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს.
“ჩვენ საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე, ამ საკითხს არ დავუბრუნდებით. შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ თანასწორობის პრინციპი დაცული იყოს და ყველა იურისტს ჰქონდეს საშუალება უზენაესი სასამართლოს მოსამართლის შესარჩევ კონკურსში, რადგან კანონის წინაშე ყველა თანასწორი ვართ. მე ვიცნობ ბევრს, ვინც ოცნებობს ამ კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე,” – განაცხადა ქუცნაშვილმა.
ამ წუთებში “ქართული ოცნების” ოფისში სხდომისთვის პოლიტიკოსები იკრიბებიან. სხდომა 11 საათზე იყო ჩანიშნული. განსახილველი საკითხები უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ მას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
განხილვის ერთ-ერთი საკითხი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შექმნილი ვითარება იქნება
ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს სხდომას გამართავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება
არსებული ინფორმაციით, განხილვის თემები სხვა საკითხებთან ერთად, იუსტიციის საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია და ზოგადად, იუსტიციის საბჭოში შექმნილი ვითარება იქნება. ასევე სავარაუდოდ, განხილული იქნება ეკა ბესელიასა და პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ ერთმანეთის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებები, სადაც კოლეგებმა ერთმანეთი არაგუნდურობაში დაადანაშაულეს.