LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე თქვენ ვეღარ მომკლავთ“ – ზაზა სარალიძე გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება

3464
ზაზა სარალიძე

შვილმოკლული მამა, ზაზა სარალიძე გუშინ გავრცელებულ ვიდეო-მასალას, სადაც მას მოსყიდვაში ადანაშაულებენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „ექსკლუზივნიუსის“ რედაქტორის მიერ გავრცელებული ჩანაწერი მისი გაშავების მცდელობაა.

„2017 წლის 1 დეკემბრიდან მოყოლებული ჯერ ქოცაქტივმა გადაუარა ჩემი მოკლული შვილის სახელს და საფლავს, შემდეგ მკვლელები დაიჭირეს და ნაცაქტივმა გადაუარა…​

ერთადერთი ადამიანი, ერთადერთი, ხაზგასმით ვამბობ, იყო და არის ალექსანდრე ხოჯევანიშვილი მაშინდელი ხელისუფლებიდან, ვინც ადამიანურად მიმიღო და მიიღო ჩემი ოჯახის ტკივილი, როცა მუხლდაჩოქილი ვიხვეწებოდი დახმარებას და ოცნების დეპუტატები მხრებს იჩეჩავდნენ და მარტო კანონების ენით მელაპარაკებოდნენ, რომელ კანონში ვერც მოკლული და ვერც ცოცხალი შვილის დასაცავი მექანიზმი ვერ ვნახე, კანონი მხოლოდ თქვენი, ელიტის წარმომადგენლების დასაცავად ყოფილა,“ – წერს ზაზა სარალიძე „ფეისბუკზე.“

სარალიძე ეჭვობს, რომ გავრცელებული ვიდეომასალა პარლამენტის მოქმედი წევრის, ოპოზიციური პარტიის ლიდერის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის დისკრედიტაციას ემსახურება:

„როგორც ვხედავ, აქ ალეკოს გასაშავებლად იბრძვით, მე თქვენ ვეღარც გამაშავებთ და ვეღარც გამათეთრებთ, 2017 წლის 1 დეკემბერს დავასრულე მეც სიცოცხლე ჩემს შვილთან ერთად და მკვდარი გინდა გააშავე, გინდა გადაუარე…

პ.ს. ამ დროს 2018 წელს ალეკო გენინსპექციის უფროსი იყო და ზვიად კუპრავას ჰკითხეთ, ვისი გვარებიც წერია მაგ კონვერტში, უკეთ ეცოდინება იმ პოლიციელების გვარები, ვინც დაისაჯა მისი სასამართლოს ვითომ შეურაცხყოფის გამო,“- აცხადებს სარალიძე.

ცნობისთვის, ვიდეოკადრებში, რომლის გადაღების თარიღი უცნობია, ჩანს, თუ როგორ გადასცემს ფურცელს გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ალექსანდრე ხოჯევანიშვილი ზაზა სარალიძეს.

ვიდეოჩანაწერი რამდენიმეწამიანია, არ ისმის ხმა, არ ხდება შეხვედრის ადგილისა და დროის იდენტიფიცირება.

„ექსკლუზივნიუსის“ ინფორმაციით, ზაზა სარალიძე მოისყიდეს. გამოცემის რედაქტორი ირწმუნება, რომ მან სარალიძის მოსყიდვის სხვადასხვა მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია მიიღო, მათ შორის, ვიდეომასალა. მისი მტკიცებით, ეს ვიდეო რამდენიმე დღის წინ არის ჩაწერილი.

შეგახსენებთ, რომ ვიდეომასალა, რომელიც ხოჯევანიშვილისა და სარალიძის შეხვედრის ფრაგმენტს ასახავდა,  „ექსკლუზივნიუსის“ რედაქტორმა მას შემდეგ გავრცელა, რაც სარალიძემ მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის შეურაცხმყოფელი „ფეისბუკპოსტი“ დაწერა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g