LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე ვარ გიორგი, საქართველოდან“ – ბიჭი, წარმატებული კარიერით გერმანიაში, რომელმაც კვების პირველი სოციალური ქსელი შექმნა 

938
გიო

მარკეტერი და არტ დირექტორი გიორგი ურუშაძე ყველა ახალ მიზანს საცეკვაო მოედანზე სახავს. გერმანიაში სამი წლის წინ სასწავლებლად წავიდა. უკვე წელიწადზე მეტია ის „ბერლინ ფაქტორის“ არტ დირექტორის პოზიციაზე მუშაობს. სრული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ქართველი ახალგაზრდა ახალ სტარტაპტს იწყებს, რომელიც ქართულ ბაზარზე უახლოეს კვირებში აიღებს სტარტს. არაერთი წარმატების, გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გიორგი ურუშაძემ „ფორტუნასთან“ ისაუბრა.

„წამოვედი სასწავლებლად „მაიამი ედ სქულში“ და „შტაინბაის უნივერსიტეტში“. განათლების საერთაშორისო ცენტრის სრული დაფინანსება მქონდა, როგორც სწავლის, ისე ცხოვრების. „მაიამი ედ სქულში“ ვსწავლობდით არტ მიმართულებას, რეკლამას. „მაიამი ედ სქული“ მსოფლიოში ნომერ პირველი სარეკლამო სკოლაა. ბევრი ფილიალი აქვს და რეიტინგებით პირველი იყო ბერლინი. კოლაბორაციული პროგრამის საშუალებით, „შტაინბაის უნივერსიტეტში“ მარკეტინგი და კრეატიული მენეჯმენტი დავამთავრე.

მოგვიანებით, „მაიამი ედ სქული“ გადავიდა „ფაქტორი ბერლინის“ შენობაში, ძალიან მომეწონა მათი სივრცე. სწავლის დასრულების შემდეგ გამოცხადდა კონკურსი, არტ დირექტორებს ეძებდნენ, გავიმარჯვე კონკურსში და დავიწყე ე.წ. „ფრილანსერად“ მუშაობა. 4-5 თვეში კი მივიღე მათგან შეთავაზება, რომ გავმხდარიყავი მათი მთავარი არტ დირექტორი. ეს დიდი წარმატება იყო ჩემთვის. „ბერლინ ფაქტორი“ ბევრ ეკოსისტემას აერთიანებს და აქვს რამდენიმე ფილიალი გერმანიის მასშტაბით. ბიზნეს ქსელი ინოვატორებს და შემოქმედებით ადამიანებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. ჩემი მოვალეობა ბრენდინგი, კრეატიული კამპანიები, დიზაინის მიმართულება, ვიდეოგრაფია და სხვადასხვა პროექტის ხელმძღვანელობაა“, – ამბობს გიორგი „ფორტუნასთან“.

გამოწვევები და განსხვავებული გამოცდილება ბერლინში

გიორგი ფიქრობს, რომ თუ ადამიანი საკუთარ თავს მუდმივად გამოწვევების წინაშე არ დააყენებს, შესაძლოა, სტაგნაცია დაეწყოს.  რამდენიმე წლიანი სწავლისა და მუშაობის შემდეგ, სტარტაპერი საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებს და ამბობს, რომ ქართული და გერმანული სამუშაო კულტურას განსხვავებულია, თუმცა მშობლიურ ქვეყანაში მიღებული გამოცდილება დაეხმარა.

„ქართული გამოცდილებები აქ მუშაობისას საკმაოდ გამომადგა. თავიდან მქონდა შიში, რადგან ახალს ვიწყებდი, არ ვიცოდი გერმანული სამუშაო კულტურა. საქართველოში წარმატებული კარიერა მქონდა, სხვადასხვა ადგილას ვმუშაობდი, ვკითხულობდი ლექციებს.

აქ ბევრად პატივს სცემენ შენს პირად თავისუფლებას და არ გიწევს 24-საათიან რეჟიმში მუშაობა, თუ ეს შენი ნება არაა. არავინ გეტყვის, რომ დარჩე 6 საათის მერე. ეს მაჩვენა გამოცდილებამ, რომ ამას გერმანიაში ვერ ხვდებიან, ზოგჯერ ღამის 12-მდე ვმუშაობდი, რადგან ახალი ვიყავი, რომ მეჩვენებინა, რა მაგარი ვარ. მაგრამ ეს ვერ გაიგეს, ეგონათ გვიან ვიწყებდი მუშაობას, ამიტომ  მივხვდი რომ ეს უნდა დამევიწყებინა. პირველი 6 თვე ძალიან გამიჭირდა, ყველაფერი მენატრებოდა. თავიდანვე გავიჩინე მეგობრები და ძალიან ახლოს ვიყავით, მაგრამ მონატრების განცდა მქონდა ძალიან მძაფრად. ერთ დღესაც, ქუჩაში სიარულისას, ვიგრძენი ბედნიერების განცდა და მივხვდი, რა ბედნიერ ვარ, აქ რომ ვცხოვრობ. ენის ბარიერიც მქონდა თავიდან, ინგლისური მშობლიური ენა არ იყო და როგორც ქართულად წარმოვაჩენდი საკუთარ თავს, ისე ინგლისურად არ გამომდიოდა, მაგრამ ეს ყველაფერი გადავლახე და მივხვდი, რომ კარგი გამოწვევის წინაშე დავდექი. საქართველოდან ამიტომაც წამოვედი, რომ იქ თითქოს გაყინვას გამოვექეცი და დისკომფორტი შევუქმენი საკუთარ თავს“, – გვიყვება გიორგი.

მე ვარ გიორგი, საქართველოდან

„ეს განცდა სულ მაქვს, ყველგან ასე წარვადგენ თავს – მე ვარ გიორგი, საქართველოდან. კურსელებს ეგონათ, რომ რამეს ვიტყუებოდი საქართველოზე, როცა ვსაუბრობდი, ჩვენს ისტორიაზე, კულტურაზე. ამოწმებდნენ ინტერნეტში და ხვდებოდნენ, რომ რეალურ ფაქტებს ვასახელებდი. იმდენად დიდია სიამაყის განცდა, რომ ეს მომენტი ყველგან მაქვს, მეგობრებთან, ახალ ადამიანებთან სულ მინდა წარმოვაჩინო. ვფიქრობ, რომ ადამიანები კულტურული განსხვავებულობით ვართ ერთმანეთისთვის საინტერესო. ჩვენი ინდივიდუალიზმის განმსაზღვრელია ჩვენი კულტურული იდენტობა, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როცა მეკითხებიან, დავბრუნდები თუ არა უკან, ვპასუხობ, რომ წამოსული არ ვარ. აქ კარიერის აწყობა შეიძლება დიდი წარმატებაა, მაგრამ უფრო დიდი ხიბლი აქვს, როცა შენი კარიერით შენს ქვეყანაში ცვლი რაღაცას. ეს ბევრად უფრო დიდ სიამოვნებას განიჭებს“, – ამბობს ახალგაზრდა მარკეტოლოგი.

Tasteit – კვების პირველი სოციალური ქსელი

Tasteit – ასე ერქმევა აპლიკაციას, რომელზეც გიორგი ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობს. მისი თქმით, სურდა შეექმნა ქართული პროდუქტი, რომელსაც უცხოურ ბაზარზე გაიტანდა. როგორც სტარტაპერი ამბობს, ქართული ბაზრის ათვისების შემდეგ პროდუქტის შეთავაზებას გერმანული სეგმენტისთვისაც გეგმავს.

„მაიამის სკოლა რომ დავამთავრე, გერმანიაში სარეკლამო კომპანიაში ვმუშაობდი და იქ დაიბადა კვების სოციალური ქსელის იდეა – Tasteit. მისი საშუალებით, ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან კულინარიული გემოვნების მიხედვით. აპლიკაციისთვის ავიღეთ ე.წ. „დეითინგ“ აპლიკაციის ალგორითმი, ადამიანების ნაცვლად ირჩევ კერძებს ან სასმელებს, რომლებსაც გთავაზობენ რესტორნები. შესაბამისად, კონტენტს ქმნიან რესტორნები. თითოეული კერძი ან სასმელი არის ე.წ. „ინფლუენსერი“. კონკრეტული კერძის არჩევის შემთხვევაში, ნახულობ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც მოსწონთ ეს კერძი და მათთან შეგიძლია დაიწყო კომუნიკაცია, წახვიდე მათთან ერთად საუზმეზე, სადილზე, ვახშამზე ან მარტო წახვიდე და ახალი გემოები აღმოვაჩინო, ან მეგობრებთან ერთად გაერთო. ეს ნიშა ბაზარზე არ არსებობს. აპლიკაცია იქნება კვების მოყვარული ადამიანებისთვის, განურჩევლად არის ის ვეგანი, ვეგეტარიანელი თუ ა.შ. იდეის გაჩენიდან სამ დღეში საქართველოში გამოვფრინდი და მივიღე „შარქ თენქ საქართველოს“ დაფინანსება. აპლიკაცია, რომელიც ქართულ და ინგლისურ ენაზე იქნება, უკვე ტესტირების რეჟიმშია. ვგეგმავთ, ივნისში ქართულ ბაზარზე ჩავუშვათ, დავიწყებთ თბილისითა და ბათუმით და მერე მთელ საქართველოს მოვიცავთ. საქართველოს შემდეგ გვინდა გერმანულ ბაზარზე შევიდეთ“, – გვიყვება სტარტაპერი.

„ყველა მიზანი საცეკვაო მოედანზე დავსახე“

გიორგი ამბობს, რომ სრულ განაკვეთზე სამსახური და პარალელურად სტარტაპზე მუშაობა საკმაოდ რთულია. დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ის ცდილობს, რომ პერიოდულად გაერთოს, რადგან მისი აზრით, ძალების აღდგენა ნებისმიერი ადამიანისთვის აუცილებელია.

„ბერლინი ბევრ შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის განტვირთვის კუთხითაც. ჩემთვის განტვირთვის მთავარი საშუალება და მოტივაცია ცეკვაა. თბილისში ცხოვრების დროსაც, ჩემი ყველა მიზანი საცეკვაო მოედანზე დავსახე. ყოველ კვირას ვერ დავდივარ, მაგრამ თვეში ერთხელ ვცდილობ წავიდე კლუბში, დავიმუხტო სასიამოვნო ემოციებით და ძალები აღვიდგინო“, – ამბობს გიორგი „ფორტუნასთან“.

„სადაც არ უნდა წავიდე, ამაყი ვარ, რომ ქართველი ვარ“ – ქართველი გოგონას ამერიკული ცხოვრება და ინოვაციური სტარტაპი სან-ფრანცისკოში

mazda magti 5g