ნიდერლანდელი მეცნიერების კვლევის მიხედვით, თუ ადამიანი ყოველდღიურად ერთი საათით ნაკლებ დროს დაუთმობს ტელევიზორის ყურებას და ამ დროს სხვა საქმიანობით ჩაანაცვლებს, დეპრესიის განვითარების რისკი 11%-ით მცირდება.
კვლევაში 65 ათასი ნიდერლანდის მცხოვრები მონაწილეობდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტელევიზორის ნაცვლად ნებისმიერი აქტივობა სასარგებლოა – იქნება ეს ჰობი, მეგობრებთან შეხვედრა თუ უბრალოდ დამატებითი ძილი.
ყველაზე ეფექტური მაინც ფიზიკური აქტივობა აღმოჩნდა. მხოლოდ 30-წუთიანი ვარჯიში დეპრესიული აშლილობის რისკს 18%-ით ამცირებს, ხოლო ერთი საათის განმავლობაში ვარჯიში – 30%-ზე მეტით.

ყველაზე მკვეთრი შედეგები 40-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში დაფიქსირდა. ამ ასაკში ტელევიზორის ყურების ერთი საათით შემცირება დეპრესიის რისკს თითქმის 19%-ით ამცირებს, ხოლო 1,5-2 საათით შემცირების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 43%-ს აღწევს.
ახალგაზრდებსა და ხანდაზმულებში მსგავსი ეფექტი შედარებით სუსტად გამოვლინდა. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ამის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია და დამატებით კვლევებს საჭიროებს.