LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მედიკამენტით კლების შემდეგ, გამიჩნდა კვანძები, გავხდი საოპერაციო“ – სოფო ჯაფარიძე გახდომის მსურველებს ურჩევს, ექიმის რჩევის გარეშე არც ერთ პრეპარატს არ გაეკარონ

588
ფორტუნა - 2023-05-04T120611.439

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ გადაცემაში „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ წონის ზედმეტად კლება მის ჯანმრთელობაზე აისახა. კერძოდ, სოფო ჯაფარიძემ თქვა, რომ თავად მიიღო გადაწყვეტილება, რომ გახდომის ყველაზე სწრაფი მეთოდისთვის მიემართა, რამაც მისივე თქმით, ცუდი შედეგი გამოიღო.

„მესამე ბავშვის გაჩენის შემდეგ წონაში კლება ძალიან გამიჭირდა. დაახლოებით, 10 კგ მქონდა ზედმეტი. სხეულის მასის ინდექსი სრულ ნორმაში იყო, მაგრამ მე თვითონ არ მომწონდა ჩემი თავი. მქონდა საშინელი დისკომფორტი. ახლა რომ ვარ, ასეთი გამხდარი არასდროს ვყოფილვარ.

ვფიქრობ, რომ წონის კლება ზედმეტი მომივიდა და ეს ჩემს ჯანმრთელობაზეც აისახა.“ – ამბობს სოფო ნანუკა ჟორჟოლიანის შოუში.

სოფო ჯაფარიძის თქმით, წონაში კლება თავიდან ენდოკრინოლოგის რჩევების მიხედვით სცადა, მაგრამ მისთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღო.

„კლება დავიწყე დიეტით. მივედი არაჩვეულებრივ ენდოკრინოლოგთან.. რაღაც ანალიზები არეული იყო, რაც იმის მიზეზი იყო, რომ ვერ ვიკლებდი. დამინიშნა წამლები, რამაც დამირეგულირა ანალიზები. დავიწყე სწორი კვება. ზოგადად, გურმანი ვარ და ეს მომენტი ჩემთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ მაინც დავიკელი 9 კილო ნახევარი. მერე გამეყინა წონა.

ამ დროს გავიგე წამლის შესახებ, რომლის ბუმია მთელს მსოფლიოში. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ დებმა კარდაშიანებმა გაუკეთეს მათ რეკომენდაცია, მაგრამ მათ ეს ინფორმაცია უარყვეს. ეს არის კანქვეშა ინექცია, რომელიც ინიშნება ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ დიაბეტი ან პრედიაბეტი.

მე ძალიან ცუდად, არაექიმურად მოვიქეცი, რასაც დღეს ძალიან ვნანობ. ორი თვე, დაახლოებით 2 კურსი გავიკეთე. საოცარი შედეგი მქონდა, მინას რომ ქვას ესვრი და ჩამოიმსხვრევა, დაახლოებით, ისე დაიმსხვრა ჩემი წონა. წონის მომენტალური, სწრაფი კლება დავიწყე. თუმცა ყველაზე ასე არ მოქმედებს. დედაჩემი ჩემზე გაცილებით დიდი ხანი იკეთებდა, მაგრამ გრამი არ დაუკლია.“ – ამბობს სოფო ჯაფარიძე და დასძენს, რომ კლების აღნიშნული მეთოდის დაწყების შემდეგ მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები გაუჩნდა.

„ყოველ წელს ვიკეთებ „ჩექაფს“ და არასოდეს მქონია ჯანმრთელობის პრობლემა. ერთი თვის წინ გავიკეთე „ჩექაფი“ და თითქმის ყველა ორგანოზე მაქვს პრობლემა. ამის გამომწვევი მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მედიკამენტური ჩარევა მხოლოდ ეს იყო, დიდი ალბათობით, ჩემი პრობლემები ამ ჩარევის ბრალია.

გამიჩნდა გარკვეული კვანძები, გავხდი საოპერაციო.

აქედან გამომდინარე, ექიმის რეკომენდაციის გარეშე დაუშვებელია ამ ნემსის გაკეთება. რამდენიმე ენდოკრინოლოგთან გავიარე კონსულტაცია და ყველამ მითხრა, რომ არ მჭირდებოდა, მაგრამ მირჩიეს, რადგან ეს შენი დაჟინებული სურვილია, ანალიზები მაინც გაიკეთე, რომ ყველაფერი ნორმაში გქონდესო. ფაქტია, ანალიზები მანამდე მქონდა ნორმაში და ახლა აბსოლუტურად ყველაფერი არეულია.

მე ადამიანებს ამ წამლის მიღებას ექიმის დანიშნულების გარეშე არ ვურჩევ. ჩემმა მეგობარმა, რომელსაც აღმოჩნდა, რომ ამ წამლის საჭიროება აქვს, იკეთებს და არის ჯანმრთელი. ჩემთან ერთად დაიწყო და ის პრობლემა დაურეგულირა, რისთვისაც დაიწყო მკურნალობა“. – განმარტავს სოფო.

მისივე თქმით, ვეღარ იმატებს წონაში, მიუხედავად იმისა, რომ გაძლიერებულ კვებაზეა გადასული.

„ვჭამ ყველაფერს, ვსვამ ვიტამინებს, მაგრამ გრამს ვეღარ ვიმატებ. გასტრონომიული გემოვნება მაქვს ამოყირავებული. ტკბილს საერთოდ ვეღარ ვჭამ. მხედველობის პრობლემა მქონდა..“, – ამბობს სოფო ჯაფარიძე.

მან იმ დისკომფორტზეც ისაუბრა, რაც წამლის მიღების დროს ჰქონდა.

„მქონდა გულისრევის შეგრძნება, რაც სრულიად უუნაროს მხდიდა, მაგრამ იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ სწრაფად ვიკლებდი, ამას აღარ ვაქცევდი ყურადღებას. მენტალურად ძალიან გამაბედნიერა წონაში კლებამ.

დღეს დაახლოებით 3 კილოს მოვიმატებდი. ძალიან ბევრი, მათ შორის უცნობები მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, რა მოგივიდაო.  მეუბნებოდნენ, შენს გვერდით ვართო და მე ამ დროს უბრალოდ ჩემი ნებით ვიკლებდი.

დამეწყო შფოთვები.

ამიტომ ყველას ვურჩევ, ენდოკრინოლოგის რჩევის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ გაეკარონ არამარტო ამას, არამედ არც ერთ გასახდომ პრეპარატს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g