ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთში საპროტესტო მუხტი გაიზარდა.
პუტინის გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები დაიგეგმა და გაიმართა. ამასთან გაიზარდა ქვეყნიდან გამსვლელთა რიცხვი. ფიქრობენ, რომ მობილიზაციის გამოცხადების გამო, რუსეთს კიდევ უფრო მეტი ადამიანი დატოვებს.
შესაძლებელია თუ არა ამის გამო რუსეთის ხელისუფლებამ საზღვრების ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღოს? – როგორც რუსული მედიასაშუალება „მედუზა“ წყაროზე დაყრდნობით წერს, კრემლი არ გეგმავს რუსი მამაკაცებისთვის საზღვრის ჩაკეტვას უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე „რეფერენდუმების“ დასრულებამდე, თუმცა, ვითარება შეიძლება შეიცვალოს, თუ ქვეყნიდან გადინება მასობრივი გახდება.
როგორც გამოცემის წყაროები აღნიშნავენ, ის თუ როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, დამოკიდებული იქნება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, სპეცსამსახურებისა და ძალოვანი სტრუქტურების შეფასებაზე და, რა თქმა უნდა, თავად ვლადიმირ პუტინზე, რომელიც მიიჩნევს, რომ „რეფერენდუმი“ და მობილიზაცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა განხორციელდეს.
გამოცემის წყაროს განმარტებითვე, მობილიზაციის მიმდინარეობაზე პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, გუბერნატორებს დაეკისრებათ.
„ჯერჯერობით არავის ესმის, როგორ და ვის შეეხება მობილიზაციის პროცესი, არავინ არ არის ბედნიერი, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენი სამუშაო ასეთია“, – აცხადებს ხელისუფლების წყარო.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ განკარგულებას ხელი გუშინ მოაწერა, რასაც რუსეთის მოსახლეობის ნაწილში უკმაყოფილება და აქციები მოჰყვა.
რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებზე 808 ადამიანი დააკავეს