უკრაინის ოთხი ოლქის პრორუსულმა, დე ფაქტო საარჩევნო კომისიებმა წუხელ გამოაცხადეს 5-დღიანი, ე.წ. რეფერენდუმების ე.წ. საბოლოო შედეგები, რომელთა თანახმად, „ოქმების 100%-ის შეჯამებით”, ზაპოროჟიეში, ამ ოლქის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მხარი დაუჭირა 93.11%-მა, ლუგანსკში – 98.42%-მა, დონეცკში – 99.23%-მა და ხერსონში – 87.05%-მა.
ჯერ კიდევ ამ ე.წ. საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე, ტელეგრამ-არხზე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა დაწერა: „რეფერენდუმები დასრულდა. შედეგები აშკარაა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სახლში, რუსეთში!“
ე.წ. რეფერენდუმი რომელიც დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ჩატარდა, ამ რეგიონების რუსეთთან შეერთებას, მათ ანექსიას გულისხმობს.
ე.წ. რეფერენდუმების დანიშვნის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ასევე თქვა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უზრუნველყოფდა.
ამას გარდა, პუტინი დასავლეთს კვლავ ბირთვული იარაღის გამოყენებით დაემუქრა.