LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელანომა – დიაგნოსტიკა, მკურნალობა და პრევენცია

553
ნათია თოდუა

მელანომა კანის სიმსივნეა, რომელიც კანში არსებული პიგმენტური უჯრედების, იგივე მელანოციტების პათოლოგიური გამრავლების დროს ვითარდება. მას აგრესიული მიმდინარეობა ახასიათებს, თუმცა დაავადების დროული აღმოჩენისა და სწორი მკურნალობის შემთხვევაში, ხშირად შესაძლებელია მისგან განკურნება.

რა იწვევს მელანომას, რა სიმპტომები ახასიათებს მას და როგორია მისი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მეთოდები? – დაავადების შესახებ თოდუას კლინიკის დერმატოლოგს, ნათია თოდუას გავესაუბრეთ.

რა არის მელანომის გამომწვევი მიზეზები?

რთულია ვთქვათ, რა კონკრეტული მიზეზები იწვევს მელანომას, თუმცა ხშირად ის BRAF გენის მუტაციის შედეგად ყალიბდება. დაავადების განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გენეტიკაც, ამიტომ მათ, ვისაც ოჯახურ ანამნეზში მელანომის დიაგნოზი აქვს, მეტი სიფრთხილე მართებთ. მის პროვოცირებას ახდენს ულტრაიისფერი გამოსხივებაც, არ აქვს მნიშვნელობა მზის სხივები იქნება ეს თუ სოლარიუმის. როდესაც ჩვენთან პაციენტი მოდის და ეჭვი გვაქვს მელანომაზე, აუცილებლად ვუსვამთ კითხვას, მიუღიათ თუ არა დამწვრობა ბავშვობის ასაკში ან თინეიჯერობისას, რადგან ამან შესაძლოა მომავალში მელანომის პროვოცირება მოახდინოს.

რა ნიშნების შემთხვევაში უნდა მივიტანოთ ეჭვი მელანომაზე?

აღსანიშნავია, რომ მელანომა შეიძლება განვითარდეს უკვე არსებულ ხალზე ან გამოვლინდეს ახალი წარმონაქმნის სახით. დაავადების შემთხვევათა 95% სწორედ De Novo-ა ანუ ახალი წანაზარდით ვლინდება.

პაციენტებმა რამდენიმე ნიშანს უნდა მიაქციონ ყურადღება – წარმონაქმნი საეჭვოა თუ ის ასიმეტრიულია, აქვს არასწორი კიდეები და არაერთგვაროვანი ფერი, არის 6მმ-ზე მეტი ზომის ან დროთა განმავლობაში განიცადა ფერის, ზომისა და ფორმის ცვლილება. ასევე, საყურადღებოა სისხლმდენი ხალები და წარმონაქმნები, რომლებსაც ახლავს ქავილის შეგრძნება. ეს ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს როგორც არსებულ ხალზე, ისე ახლად გაჩენილზე. ასეთ დროს, აუცილებელია, სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა და წარმონაქმნების გამოკვლევა.

როგორ ხდება დაავადების დიაგნოსტიკა?

დიაგნოსტიკა, პირველ რიგში, დერმატოსკოპიით იწყება. ეს არის კვლევა, რომლის საშუალებითაც ვათვალიერებთ კანის იმ სტრუქტურებს, რომლებიც შეუიარაღებელი თვალისთვის უხილავია. დერმატოსკოპიით შეგვიძლია დავადგინოთ წარმონაქმნი კეთილთვისებიანია, საეჭვო თუ ავთვისებიანია.

საეჭვო წარმონაქმნის შემთხვევაში, აუცილებელია მონიტორინგი და მასზე დაკვირვება. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაინიშნოს ბიოფსიაც. ზოგს სჯერა, რომ ხალზე ბიოფსიის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი, რადგან ეს იწვევს მის გადაგვარებას, რაც მცდარი მოსაზრებაა. მელანომის დიაგნოსტირებისთვის ინიშნება სხვა ტიპის კვლევებიც, რომლებსაც სპეციალისტი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.

დაავადების მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

თუ მელანომა ზედაპირულია და არ ახასიათებს მეტასტაზები გამოსავალი, როგორც წესი, საიმედოა. ასეთ შემთხვევაში საკმარისია ქირურგიულად ამოიჭრას წარმონაქმნი. იმ შემთხვევაში, თუ მელანომას ახლავს მეტასტაზები, ჩაზრდილია კანში ან წარმოდგენილია კვანძების სახით, ქირურგიულ ოპერაციის გარდა, ინიშნება იმუნოთერაპია, ტარგეტული თერაპია, სხივური თერაპია და ქიმიოთერაპია. მკურნალობის მეთოდებისა და თერაპიების სწორი კომბინაცია სპეციალისტის მიერ განისაზღვრება.

რა არის თქვენი რეკომენდაცია, რას ურჩევდით საზოგადოებას მელანომის პრევენციისთვის?

მელანომას არანაირი ჩივილი არ ახასიათებს, გარდა იმისა, რომ ვლინდება ხალის მსგავსი წარმონაქმნით. ამიტომ სპეციალისტების მთავარი რჩევაა გარკვეული პერიოდულობით ადამიანებმა დაითვალიერონ კანი და ყურადღება მიაქციონ მასზე არსებულ ცვლილებებს. ეჭვების შემთხვევაში კი, დროულად მიმართონ ექიმს.

ასევე, აუცილებელია, უარი ვთქვათ მწველ მზეზე გარუჯვასა და სოლარიუმის მოხმარებაზე. ამასთან, დღის ნებისმიერ დროს, სეზონსა და ამინდში გამოვიყენოთ მზისგან დამცავი საშუალებები.

დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში კანის სიმსივნეებზე უფრო მეტად ამაღლდება ცნობიერება და მეტი ადამიანი გაიაზრებს „ჩექაფის“ მნიშვნელობასაც. ეს არის მელანომის შემთხვევების ადრეულ სტადიაზე გამოვლენის ყველაზე ეფექტიანი გზა, რასაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g