„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე საქართველოში რუსი ტურისტების შემოსვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „თუ ყველა დროულად არ გამოვფხიზლდით როგორც საჭიროა და საფრთხე არ გავისიგრძეგანეთ, აქედან გაქცევა ისევ ქართველებს მოგვიწევს.“
მელიას მაგალითად მარო მაყაშვილის მონათხრობი მოჰყავს და წერს:
„ეროვნული გმირი მარო მაყაშვილი თავის თავის დღიურში, 1920 წლის 16 აპრილს, საქართველოს ოკუპაციამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსებზე ასეთ რამეს წერს:
„…თბილისი აივსო რუსი ლტოლვილებით, კავკასიიდან, როსტოვიდან, ეკატირე ნოდარიდან და სხვა. სულ აქ არიან. ქუჩაში თუ გავა ადამიანი, ყოველ ნაბიჯზე უცხო ტომები, მდიდრები, კარგად ჩაცმულები. გამოექცნენ ბოლშევიკებს. ყველანი ჩვენკენ მორბიან. აქ კარგი თავშესაფარია, ჩვენც ყველას ვიღებთ, ვუმასპინძლდებით.
სხვათა შორის, ჩამოვიდნენ არტისტები მოსკოვის სამხატვრო თეატრის კაჩალოვთან ერთად. ისინი ამბობენ: ჩვენ საშინელი წარმოდგენა გვქონდა საქართველოზეო. გვეგონა, აქ ყველა მხეცებია, ამოღებული ხანჯლებით დარბიანო და დღე სახლებში უვარდებიან, ჰკლავენ, სძარცვავენო.
სიზმარში გვეგონა თავი, აქ არაჩვეულებრივი ცხოვრებაა. ყველაფერია, მხიარულობენ, სიჩუმეა. ერთმა თქვა, რომ ჯერ ვერ შევეჩვიე ამ სიჩუმესო, მაშინ როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში მარტო სროლა ისმის. მიკვირს, რომ დღისით გარეთ ვარო, ხალხს ვხედავო, მოსიარულეს, მოცინარეს. სამოთხეა, სამოთხე. რატომ ადრე არა ვიცოდით.
როცა რაშიმე დავჭირდებით, მაშინ დაგვაფასებენ ხოლმე, ცხოველები, პირუტყვები ვეგონეთ. ესეც შენი ხალხი, რომელიც ერთ დროს ქვეშევრდომნი ვიყავით, „პატარა პარიზიც“ დაარქვეს. ფული ბლომად აქვთ. არაფერს ზოგავენ. ხელგაშლილად ცხოვრობენ.“
ამის დაწერიდან რამდენიმე თვეში ბოლშევიკებმა საქართველოც დაიპყრეს და გააწითლეს.
ის რუსები კი, რომლებიც რუსეთიდან ბოლშევიკებს „გამოექცნენ“ აქედან რატომღაც აღარსად გაქცევიან ბოლშევიკებს.. ზუსტად ასე მოიქცევიან პუტინს „გამოქცეული“ რუსებიც. აქედან არავინ გაექცევა პუტინს.. ისევ ქართველებს მოგვიწევს აქედან გაქცევა თუ ყველა დროულად არ გამოვფხიზლდით როგორც საჭიროა და საფრთხე არ გავისიგრძეგანეთ.“– წერს ნიკა მელია.