LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მემანქანეების გაფიცვის შემთხვევაში რეზერვს გამოვიყენებთ – სატრანსპორტო კომპანია

22

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელის, მამუკა კობახიძის, განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მეტროს მემანქანეები გაიფიცებიან, კომპანია დამატებით რესურსს გამოიყენებს და მეტრო არ გაჩერდება.

“გვაქვს გარკვეული რეზერვები. კომპანია ასწავლის და ამზადებს ახალ კადრებს 5-6 თვის განმავლობაში. აქ არიან როგორც მემანქანეები, ასევე კონდუქტორები და დამხმარე თანამშრომლები. თუმცა, იმედს ვიტოვებთ, რომ მოლაპარაკების გზით გადაწყდება პრობლემა და ესკალაცია არ მოხდება. ხვალიდან მეტროს გაჩერებას საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება იმას, რომ 240-ვე მემანქანეა გაწევრიანებული პროფკავშირში და 240-ვეს მოთხოვნაა ხელფასების მატება, შემიძლია გითხრათ, რომ 240-ვე არ არის ამ პროფკავშირში,”- განაცხადა კობახიძემ.

როგორც მამუკა კობახიძე აცხადებს, დამწყები მემანქანე მატარებლის შემადგენლობას არ მართავს.

“ვისაც ექნება გამოცდა ჩაბარებული და დაშვება ექნება მატარებლის შემადგენლობა მართოს, მხოლოდ მათ მიეცემათ უფლება შემადგენლობა მართოს”,- განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, თბილისის სატრანსპორტო კომპანია მუშაობს მეტროს მემანქანეების მიერ დაყენებულ მოთხოვნებთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც მამუკა კობახიძე აცხადებს, მათ თავიდანვე დააფიქსირეს პოზიცია, რომ კომპანია ვერ გაითვალისწინებს ხელფასების მატების მოთხოვნას ერთი მიმართულებით, რადგან ეს სხვა თანამშრომლებში სამართლიან უკმაყოფილებას გამოიწვევს.

“რაც შეეხება გაფიცვას, სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი და გაფიცვა გადავადებულია. მეტროს გაჩერებას და პარალიზებას საფრთხე არ ემუქრება. ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ”,- განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები