„კანონით შემოვიღებთ განსაკუთრებული მხარდაჭერის მქონე თეატრების ნუსხის განსაზღვრის შესაძლებლობას, რაც უზრუნველყოფს იმ თეატრების წახალისებას, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა“, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას აღნიშნა, ეს შექმნის სახელმწიფო თეატრებთან კონკურენციას, რომლისაც ზოგიერთ სახელმწიფო თეატრს ეშინია, ზოგს კი, არა, რადგან არის საუკეთესო ფორმაში.
„თუ არ იარსებებს კონკურენცია, რასაკვირველია, ძალიან ძნელია, როდესაც მუდმივობის განცდის, მაინც არაფერი მევალებას განცდის პირობებში ორგანიზაციას აქვს შემოქმედებითი ფუნქცია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
გარდა ამისა, როგორც კულტურის მინისტრმა აღნიშნა, კანონით დარეგულირდება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კვალიფიკაციის საკითხიც.
„ათეულობით კონკურსი ჩავატარეთ სამხატვრო ხელმძღვანელების პოზიციაზე შარშან და წელს და არაერთი საკანონმდებლო ხარვეზი გამოიკვეთა.
ვთვლით, რომ თეატრის სფეროსთან დაკავშირებულ პროფესიაში უნდა იყოს მოცემული პირი უმაღლესი განათლების მქონე და უნდა ჰქონდეს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, ვინაიდან ძალიან კარგი რეჟისორები დანიშნულან, მათ შორის ჩემ მიერ სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე და შემდეგ თავად მიმხვდარან, რომ ეს იყო შეცდომა.
ერთია, იყო ძალიან კარგი რეჟისორი და მეორეა, მართო თეატრი, რომელიც არის ორგანიზაცია, რომელიც პირველ რიგში, შემოქმედებასთან ერთად, გულისხმობს მენეჯმენტსაც. მენეჯმენტის გარეშე არ არსებობს წარმატებული თეატრი“, – თქვა მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნიდან.
თეა წულუკიანის თქმით, ერთ-ერთი მთავარი სიახლე, რაც იქნება რეფორმაში, განისაზღვრება სახელმწიფო თეატრების დაფინანსების სისტემის საფუძვლები.
როგორც კულტურის მინისტრმა აღნიშნა, დღეს ეს სისტემა არ არსებობს.
„ლოგიკა არ არსებობს, თუ რატომ იღებს ერთი თეატრი მეტს და მეორე თეატრი ნაკლებს. ის, ვინც იღებს მეტს, მუშაობს ნაკლებს, ვინც იღებს ნაკლებს, იღებს მეტს და ასე შემდეგ. ამიტომ, ჩვენ ვთვლით, რომ დაფინანსების სისტემა ახლებურად უნდა მოეწყოს და ის უნდა იყოს შედეგზე მიბმული.
როდესაც 2021 წელს ერთ თეატრს აქვს იმხელა რეპერტუარი, იმდენი ახალი სპექტაკლით, მწირი სადადგმო ხარჯის პირობებში და არის სხვა თეატრი, რომელსაც უფრო მეტი დაფინანსება აქვს, მაგრამ რეპერტუარი აქვს დაახლოებით იგივე, რაც ჰქონდა იმის წინა წელს, რასაკვირველია, მომდევნო წლის დაფინანსებაში ეს უნდა აისახოს.“ – განაცხადა თეა წულუკიანმა.
