LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყინულის მოედანი დიღომში და სპორტის ახალი უნივერსიტეტი 2025 წლისთვის – რა ახალ პროექტებს აანოსნებს კულტურის მინისტრი

429
Untitled design (7)

კულტურის მინისტრმა დღეს „მინისტრის საათის“ ფარგლებში პარლამენტს წლიური ანგარიში წარუდგინა.

თეა წულუკიანმა საკანონმდებლო ორგანოში უკვე განხორციელებულ და სამომავლო პროექტებზე ისაუბრა.

მინისტრის განცხადებით, 2025 წლისთვის სპორტის ახალი უნივერსიტეტი აშენდება:

„სულ რამდენიმე ხანში, ჩემი ვარაუდით, ორ-სამ კვირაში საქართველოს მთავრობა მოიწონებს და დაამტკიცებს სპორტის სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს ერთობლივ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს იმას, რაც ყველას გვინდოდა, რომ სპორტის უნივერსიტეტი კი არ გადასახლდეს სხვაგან, არამედ დარჩეს იქ, სადაც არის სიმბოლო, ის ადგილი, სადაც დიდი სპორტსმენები სწავლობდნენ და ყალიბდებოდნენ ჩვენი ქვეყნის სიამაყეებად.

ეს გახლავთ ჩვენს დედაქალაქში, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე. ეს არის დიდი მიღწევა, რადგან გარკვეული წლების წინ დაგეგმილი იყო, ჯერ წინა ხელისუფლების დროს სპორტის უნივერსიტეტის გასხვისება, უბრალოდ გაყიდვა. ვის რად უნდა სპორტის უნივერსიტეტი, მაშინ ასეთი განწყობა იყო, მაგრამ სპორტსმენებმა ის დაიცვეს. ეს ჩვენ ყველას გვახსოვს.

შემდეგ იყო გეგმა, ამისთვის გამოიყო კიდეც მიწის ნაკვეთი, რომ დიღომში აშენებულიყო ახალი უნივერსიტეტი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ შევძლებთ, რომ უნივერსიტეტი, ახალი უნივერსიტეტი აშენდეს თავიდან, აშენდეს იქ, სადაც ის დღეს დგას და ტრადიციულად იდგა. სამხარაულის ექსპერტიზა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რაც ისედაც ვიცოდით, რომ ამ შენობის გამაგრება და რეაბილიტაცია შეუძლებელია. კედლები არაერთ ადგილას არის გახსნილი. ჩვენ სასწავლო პროცესი უკვე ვეღარ ვაწარმოეთ ამ შენობაში. მადლობას ვუხდი სხვადასხვა დაწესებულებას და პირველ რიგში, სოხუმის უნივერსიტეტს, რომელმაც სპორტის უნივერსიტეტი არაერთხელ შეიფარა.

მოცემული ქონება გადაეცემა ინვესტორს იმ დათქმით, რომ ორ წელში ჩაგვაბარებს იმავე ტერიტორიაზე ახალ უნივერსიტეტს, რომელიც იქნება სახელმწიფოს ქონება და ეს ფართობი იქნება ბევრად დიდი, ვიდრე დღეს არის და ვიდრე დღეს რეალურად სჭირდება. ჩვენ გვინდა ის სპორტის უნივერსიტეტი, რომელიც მომავალ გათვლასაც უპასუხებს და ახალი ფაკულტეტების გახსნის საშუალებას მისცემს სასწავლებელს. იქნება ოთხი სპორტული დარბაზი და გვერდით მდებარე სამბოს დარბაზი ახლიდან აიგება ან იმავე ტერიტორიაზე, ან დიღომში“, – განაცხადა მინისტრმა.

თეა წულუკიანის განცხადებითვე, უწყების სამომავლო პროექტების ფარგლებში, თბილისში, დიღომში, ყინულის მოედანი აშენდება:

„ჩვენ რამდენიმე დღეში ჩავუშვებთ ტენდერს იმისთვის, რომ თბილისში, დიღომში ყინულის საერთაშორისო სტანდარტის მოედანი აშენდეს. ეს არის ჩვენი სამინისტროს ძალიან პრინციპული პოზიცია, როგორც ყინულის ჰოკეისთვის, ასევე ციგურაობისთვის, ვინაიდან გამორიცხულია, ერთ ფედერაციას ჰქონდეს ამხელა ინფრასტრუქტურა და მერე საჭირო იყოს თხოვნა ან ხვეწნა, რომ სხვა ფედერაციას და სპორტის სახეობას გაუწია ანგარიში. შესაბამისად, ის რომელიმე ფედერაციის მართვაში ვერ იქნება. ეს იქნება სპორტსერვისის ინფრასტრუქტურა, რომელსაც ორივე ფედერაცია გამოიყენებს.

ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ყინულის ჰოკეის საერთაშორისოო ფედერაციის პრეზიდენტთან თბილისში და მასთან ისევე, როგორც ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით შესაბამის საერთაშორისო ექსპერტებთან ვთანამშრომლობთ. პროექტი არის მზად.

გამოყოფილია 16 ათასი კვ. მეტრის ფართობის მიწა. როგორც უკვე მოგახსენეთ, ჩვენს ქვეყანას რამდენიმე წელიწადში ორი ყინულის მოედნისგან შემდგარი და 15 ათას მაყურებელზე გათვლილი ყინულის მოედანი ექნება იმ დათქმით, რომ ტენდერში პასუხისმგებელი კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას და პროცესი არ გაიწელება“, – აღნიშნა მინისტრმა.

ანგარიშის წარდგენის დროს, კულტურის მინისტრმა დაფინანსების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ „კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი არ არის დიდი, მაგრამ არც იმის თქმა შეიძლება, რომ რომ ის იმდენად მწირია – არ შეიძლება ბევრი აკეთო“.

„რაც შეეხება, პროექტების დაფინანსებას, ჩვენ სულ გვესმის და მე ვადასტურებ, რომ კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი არ არის დიდი, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ ის იმდენად მწირი ყოფილა, რომ არ შეიძლება ბევრი აკეთო. უბრალოდ, არ უნდა მოგერიდოს იმის, რომ იმ ადამიანებს, ვინც მიჩვეულები არიან, მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა, გარანტირებულად ყოველ წელს მიეღოთ თანხები, აწყენინო ცოტა, ცოტა და გადარჩენილი თანხებით დააფინანსო სხვა პროექტები.

იმიტომ, რომ პროექტი ბევრია, საბანი არის ერთი და ეს საბანი მაქსიმალურად უნდა შევეცადო, რომ ეყოს ბევრ ადამიანს, პროექტს, ამ შემთხვევაში ის, ვინც იღებს მეტს, მუშაობს ნაკლებს, ვინც იღებს ნაკლებს, იღებს მეტს“, – განაცხადა წულუკიანმა.

პოპულალურები