LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ დვალი: „თუკი 1 წლის ასაკში ბავშვს სიელმემ არ გაუარა, მშობელმა უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს“

676

თვალის რომელი დაავადებები გვხდება ყველაზე ხშირად ახალგაზრდა ასაკში, რას უნდა მიაქციონ ყურადღება მშობლებმა, რა ასაკიდან შეიძლება გაკეთდეს ლაზერული კორექცია და რა უნდა ვიცოდეთ კატარაქტის შესახებ. გადაცემას „სტუმრად ექიმთან” თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და კლინიკა ”ახალი მზერის” პროფესორი მერაბ დვალი ესტუმრა.

დღეს ჩვენი გადაცემა ორ ნაწილად იქნება გაყოფილი, თვალის დაავადებები, რომლებიც ახალგაზრდა ასაკისთვის არის დამახასიათებელი და დაავადებები, რომლებიც ასაკოვან ადამიანებში გვხდება.

რომელი დაავადებები გვხდება ახალგაზრდა ასაკში?

ჩვენი მშობლების თაობაში თვალის დაავადებების გაჩენა პირდაპირ უკავშირდებოდა ასაკს, დღეს საკითხი სხვანაირად არის. ვერ ვიტყვი, რომ ეს არის დაავადება, თუმცა არის ახალგაზრდა ადამიანისთვის შემაწუხებელი ფაქტორი, ანომალია, რომელიც ხალხში გავრცელებულია ახლომხედველობის, შორსმხედველობისა და ასტიგმატიზმის სახელით. ზოგჯერ, როდესაც ახლომხედველობა დაბალი ხარისხის არის, შეიძლება მოსახერხებელიც კი გახდეს ეს ფაქტი პაციენტისთვის. იმ შემთხვევაში კი თუ ის მაღალ ხარისხს აღწევს, მაგალითად არის -10, -15, -20, ეს რასაკვირველია გადადის დაავადებაში, ბადურაგარსზე სერიოზული ცვლილებების მოწმეები ვხდებით და ამ დროს სწრაფი რეაგირებაა საჭირო. იგივე შეიძლება ითქვას შორსმხედველ პაციენტებზეც. დღეს არსებობს იმის საშუალება, რომ ახალგაზრდა ასაკში პაციენტს თვალზე პრობლემები არ ჰქონდეს, ეს არის: სათვალე, კონტაქტური ლინზა და მეოცე საუკუნის ბოლო წლებისა და 21-ე საუკუნის დასაწყისის არაჩვეულებრივი გამოგონება, ლაზერული კორექცია. ახლომხედველების რაოდენობა რა თქმა უნდა მატულობს, რადგან მათ ახლო მანძილზე უწევთ მხედველობის გამოყენება – სმარტფონებში, კომპიუტერზე და ა.შ.

არსებობს თუ არა ახალი, თანამედროვე მეთოდები მხედველობის პრობლემების მკურნალობისას?

ახალგაზრდა ასაკში უნდა მოხდეს გამიჯვნა. ახლომხედველობა მის კლასიკურ ფორმაში დაავადება არ არის. მაგრამ მას ძალიან ჰგავს დაავადება, რომელიც სამწუხაროდ საქართველოსა და მსოფლიოში ხშირია, ეს არის კერატოკონუსი. არასწორი დიაგნოსტიკისას შეიძლება ექიმს შეეშალოს და ახლომხედველობის დიაგნოზი დასვას მაშინ, როდესაც რეალურად საქმე გვაქვს კერატოკონუსთან. მისი აღმოჩენა თანამედროვე აპარატურის წყალობით ნაადრევ ეტაპზე შეგვიძლია. ეს დიდი მიღწევაა, რადგან ერთმანეთის მსგავსი სიმპტომების არსებობისას ჩვენ რეალური მიზეზის დადგენას ვახერხებთ. მისი გართულებისას საჭიროა რქოვანის გადანერგვა, ამიტომაც არის მისი საწყის ეტაპზე გამოვლენა ძალიან მნიშვნელოვანი.

არის თუ არა ლაზერული კორექციისას ასაკობრივი ზღვარი?

საქართველოში ლაზერის გამოყენება დაახლოებით 20 წლის წინ დავიწყეთ და პიონერები ვიყავით მსოფლიოში, როდესაც ლაზერის სხივი ბავშვებში ”ზარმაცი თვალის” პრობლემის მოსაგვარებლად გამოვიყენეთ. ეს მძიმე დაავადებაა, ბავშვს თვალი გაურბის და ექიმი ამ დროს ამბობს, რომ მას ”ზარმაცი თვალი” აქვს. „ზარმაცი თვალი” ცუდად ხედავს, მშობელმა კი დააგვიანა ექიმთან მიყვანა და სპეციალისტი ეუბნება მას, რომ უკვე დაგვიანებულია. იმისათვის, რომ პაციენტი მთელი ცხოვრება დაბალი მხედველობით არ დავტოვოთ, ოპერაცია კეთდება 8-9 წლის ასაკში. თუმცა, ლაზერული კორექცია ეხება მხოლოდ ე.წ. ”პლიუსებს”, ანუ შორსმხედველობასა და ასტიგმატიზმს, რაც თანდაყოლილია. ახლომხედველობისას კი კორექცია მხოლოდ 18 წლის ასაკში კეთდება, როდესაც მხედველობის სტაბილიზაცია მოხდება.

შეიძლება თუ არა ფაქტი, როდესაც პატარას თვალი გაურბის, იყოს ნორმა?

ახალშობილებისთვის ეს დამახასიათებელია, არ წარმოადგენს საშიშროებას, თუმცა მშობელი მაინც ყურადღებით უნდა იყოს, რომ არ გაგვეპაროს დაავადება. თუკი 1 წლის ასაკში სიელმემ არ გაიარა, მშობელმა უნდა მიმართოს ოფთალმოლოგს იმის დასადგენად, რა იმალება ”ზარმაცი თვალის” უკან.

რომელი დაავადებები გხვდებათ მოზარდებსა და ახალგაზრდდებში ყველაზე ხშირად?

გარდა ზემოთ ხსენებული დაავადებებისა, ყურადღება მინდა გავამახვილო კიდევ ერთ სიმპტომზე. კერატოკონუსის დროს პაციენტები ამბობენ, რომ აქვთ თვალის მოსრესვის სურვილი. ეს სამწუხაროდ ძალიან ცუდი სიმპტომია, რაც ნიშნავს იმას, რომ თვალი მშრალია, რაც თავის მხრივ კერატოკონუსის გამომწვევია. თუკი თვალის მოსრესვის სურვილი გაქვთ, გადაამოწმეთ, ხომ არ გაქვთ საქმე კერატოკონუსის საწყის ეტაპთან. მშრალი თვალი 21-ე საუკუნის დაავადებაა რაც გაჯეტების ეკრანებთან გატარებული ხანგრძლივი დროის შედეგია. როდესაც ჩვენ ეკრანს ვუყურებთ, თვალს იშვიათად ვახამხამებთ, თვალის ზედაპირიდან ხდება ცრემლის აორთქლება, თვალის ზედაპირი შრება, იწყება თვალის დაღლა, შეგრძნება თითქოს ქვიშა აქვს თვალში პაციენტს. ძალიან იოლად ხდება მისი სწორი დიაგნოსტირება და მკურნალობა. ჩვენს მიერ გამოკვლელული ახალგაზრდების 80-85%-ს აქვს თვალის სიმშრალე. როდესაც პაციენტი ამბობს, რომ თვალი აწუხებს, უნდა გამოირიცხოს თვალის ზედაპირის სიმშრალე.

რა გამოსავალი არსებობს მაშინ, როდესაც ადამიანის სამუშაო დღე მთლიანად კომპიუტერს უკავშირდება?

ის რეკომენდაციები, რასაც ახლა მე ვიტყვი ახალი არ არის, თვალის პრობლემა მაშინაც იყო, როდესაც არ იყო ეკრანი, თუმცა ადამიანები მაშინ წიგნებს კითხულობდნენ. ახლო მანძილზე მუშაობისას ყოველ ერთ საათში მაინც უნდა მოხდეს თვალის 10 წუთით შესვენება. შესვენება გულისხმობს შორს მანძილზე გახედვას, ამ დროს თვალის კუნთების დასვენება ხდება. არ არის საჭირო ახალგაზრდას აუკრძალო კომპიუტერთან მუშაობა, ეს არასწორია. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, გამოიყენეთ ის საშუალებები, რაც თვალის დანოტივების შესაძლებლობას იძლევა. თუკი თვალის ზედაპირი დანოტივებულია, თვალი ამ დროს კომფორტულად არის. სპეციალური წვეთები პროფილაქტიკისთვის არის საჭირო, მას არანაირი გვერდითი მოვლენა არ აქვს. ვისაც თვალის ახლო მანძილზე დატვირთვა უწევს, ყველას ვაძლევ რეკომენდაციას გამოიყენოს ასეთი წვეთები.

შეიძლება თუ არა ასეთი წვეთების გამოყენება ბავშვებისთვის და თუ გვეტყვით რა დროით არის ნებადართული ბავშვმა დრო გაატაროს ეკრანთან?  

ასე ზუსტად რთულია თქმა, მაგრამ, თუკი ბავშვი კომპიუტერთან ყოველ ერთ საათში თვალს შეასვენებს, ექნება შესაბამისი განათება, ანუ ბნელ ოთახში მხოლოდ ეკრანი არ უნდა ანათებდეს, თუკი გამოიყენებს წვეთებს, ასევე არ შეიძლება დაწოლილ მდგომარეობაში სმარტფონებისა და ლეპტოპების გამოყენება, მე მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო ბავშვს დაუდგინო 1 საათი, ან 2 საათი. მთავარია მოხდეს თვალის შესვენება.

გადავიდეთ თვალის დაავადებებზე ასაკში, ყველაზე ხშირად გვსმენია კატარაქტა, გვესაუბრეთ მის შესახებ…

კატარაქტას დიაგნოზს თავდაპირველად თავად პაციენტი სვამს. ამ დროს ადამიანი მოდის ჩივილით, რომ მხედველობა გაუარესდა. ამის შემდეგ ექიმი ადასტურებს, რომ მოხდა ბროლის შერღვევა, ანუ კატარაქტა. მის სამკურნალოდ მხოლოდ ქირურგიული ჩარევა არსებობს. სხვა რაიმე სახის მკურნალობა არც პროფილაქტიკისთვის და არც დაავადებისთვის, არ არსებობს. თუმცა, გაუმჯობესდა ოპერაციის პროცესი, დღეს კატარაქტის ოპერაცია ხდება ამბულატორიულად, ოპერაცია გრძელდება 10-15 წუთი, შემდეგ პაციენტს ეძლევა საშუალება 15-20 წუთი მოისვენოს და წავიდეს სახლში. ოპერაციიდან რამდენიმე დღის განმავლობაში სასურველია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იყოს და რამდენიმე დღეში მისი მხედველობა აღდგენილია. ოპერაცია მარტივია პაციენტისთვის, თუმცა არა ქირურგისთვის. იგივეა, რომ დაჭიმულ თოკზე გაიარო. მოვუწოდებ მოქალაქეებს, ნუ მიიყვანთ მხედველობას სრულ დაბრმავებამდე. რაც უფრო დროულად მიმართავს პაციენტი ექიმს, ოპერაცია მით უფრო ეფექტურია. აღსანიშნავია ისიც, რომ კატარაქტას სხვა დაავადებები არ უნდა ერთვოდეს, მაგალითად გლაუკომა, ან შაქრიანი დიაბეტი.

რა გართულებებს იწვევს დიაბეტი თვალის შემთხვევაში?

მეორე ტიპის დიაბეტი თვალს პრობლემას მხოლოდ მოზრდილებში უქმნის. ამ დროს ოქროს სამკუთხედს წარმოადგენს სამი სპეციალისტის, თერაპევტის, ოფთალმოლოგისა და ენდოკრინოლოგის თანამშრომლობა. დიაბეტის დროს მხოლოდ თვალის მკურნალობას შედეგი არ ექნება. პაციენტმა ხშირ შემთხვევაში არ იცის, რომ დიაბეტი აქვს, მაგრამ ამჩნევს, რომ მხედველობა გაუარესდა, სწორედ ამ დროს ოფთალმოლოგი უშვებს მას დიაბეტის შესამოწმებლად. თუკი ეს სამკუთედი დაირღვა, დგება საშიშროება პაციენტმა მხედველობა დაკარგოს.

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ყოფით ცხოვრებაში?

მხედველობის პრობლემები შეიძლება ორ ნაწილად გაიყოს. ერთი, როდესაც პაციენტი გრძნობს, რომ რაღაც პრობლემა აქვს და თავად მიდის ექიმთან, ან მეორე, როდესაც მას არავითარი სიმპტომი არ აქვს, მაგრამ რეალურად ბრმავდება პაციენტი, მაგალითად გლაუკომის შემთხვევაში. დიაბეტის დროს, პაციენტს ჰგონია, რომ შაქრის მომატებისას მას საფრთხე არ ემუქრება. 40 წელს გადაცილებულმა ადამიანმა, ორ წელიწადში ერთხელ 30-40 წუთი უნდა დაუთმოს თვალის გამოკვლევას. რაც შეეხებათ პატარებს, მათ მშობლებს მივმართავ, რომ როდესაც ბავშვი თამაშობს, შეეცადონ თავად გასინჯონ, თუ როგორ ხედავს ის ჯერ ერთი თვალით, შემდეგ მეორე თვალით.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები