LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ სეფაშვილი: „გაიღიმე“ 24 წლის წინ ჩავწერე, თავიდანვე ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ ახლა უკვე არნახული რეკორდი მოიხსნა, რადგან სულ სხვა დატვირთვა მიიღო… ყველასი გახდა ეს სიმღერა…”

253
მერაბ-სეფაშვილი

11 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ ეთერში მერაბ სეფაშვილის ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სიმღერის, „გაიღიმე“ ახალი ვერსიის პრემიერა შედგა. მომღერალმა აღნიშნული სიმღერის თავიდან დაბადებაზე და მიღწეულ არნახულ პოპულარობაზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, პირველ რიგში, საქართველოს ნაკრების ქომაგების დამსახურებაა.

ბატონო მერაბ, მსოფლიო ჩემპიონატის წინ, ჩვენი ერი მოლოდინით არის აღსავსე, რომ ჩვენი საფეხბურთო ნაკრები საოცარ შედეგს დადებს. გაგვიზიარეთ თქვენი ემოცია, ნაკრების მხარდასაჭერად გერმანიაში თამაშზე დასწრებას ხომ არ აპირებთ?

რაც შეეხება შედეგებს, უკვე სასწაულად დიდი შედეგია ჩვენთვის ის, რაც ბიჭებმა გააკეთეს. ვნახეთ, როგორი ბედნიერი იყო ჩვენი ქვეყანა.

ჩემპიონატს, რა თქმა უნდა, ყველა ველით და ყველა იმედიანად ვართ. ყველას გვინდა გამარჯვება.

კი, თამაშზე მივდივარ გერმანიაში და თქვენთან ერთად ვუგულშემატკივრებ ნაკრებს.

სიმღერა, რომელიც დღეს უნდა გავაჟღეროთ „არ დაიდარდოს“ ეთერში, შექმნის დღიდან ძალიან პოპულარული იყო. ვისაუბროთ ნამუშევარზე „გაიღიმე“, რა ადგილი უკავია მას თქვენს შემოქმედებაში?

„გაიღიმე“ 24 წლის წინ ჩავწერე. თავიდანვე ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ ახლა უკვე არნახული რეკორდი მოიხსნა, რადგან სულ სხვა დატვირთვა მიიღო ამ სიმღერამ. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მიხარია და სიამოვნებით ვმღერი ხალხთან ერთად. თითქოს, მხოლოდ ჩემი აღარ არის, ყველასი გახდა ეს სიმღერა. პოზიტივი მოაქვს და ჩემი აზრით, გარკვეული გამარჯვებაც მოგვიტანა. ბიჭებიც აღნიშნავდნენ, სულ „შენთანა ვართ“ ჩაგვესმოდაო.

რა განცდა იყო თქვენთვის, როცა ფაქტობრივად, თავიდან აღზევდა ეს სიმღერა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ერთგვარ ჰიმნად იქცა? ალბათ, ეს ყველაფერ იყო ინსპირაცია, რომ აღნიშნული სიმღერის ახალი ვერსია ჩაგეწერათ…

კი, რა თქმა უნდა, ასეა. „აჭარასთან“ ერთად გავაკეთე ეს პროექტი. კლიპიც გადავიღეთ.

ეს სიმღერა რომ ასე ჟღერს დღეს, ეს, პირველ რიგში, ქომაგების დამსახურებაა. საქმე იმაშია, რომ უკვე არა მხოლოდ ფეხბურთზე, კალათბურთზე და სხვადასხვა შეჯიბრებებზეც მღერიან ქომაგები ამ სიმღერას.

მერაბ სეფაშვილი – გაიღიმე (2024 ვერსია)

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები