LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბიშვილს ადვოკატები და თანაპარტიელები ბევრ ტყუილს ეუბნებოდნენ – წულუკიანი

279
BeFunky-collage (2)

ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა. თეა წულუკიანის განცხადებით, რაკი დღეს ვანო მერაბიშვილი თავისუფალია, ის კრიტიკულად შეაფასებს მისი ადვოკატების საქმიანობას, რაც წულუკიანის თქმით, მიმართული იყო სიცრუის გავრცელებისკენ.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ მერაბიშვილი პოლიტიკური პატიმარი არ არის. მისი თქმით, ადვოკატებს საზოგადოება და თავად ყოფილი მაღალჩინოსანი შეცდომაში შეჰყავთ.

წულუკიანის თქმით, ვანო მერაბიშვილს ეუბნებოდნენ, რომ საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამო ევროსაბჭო მთავრობას მის ვადამდე ადრე გათავისუფლებას დაავალებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

“ვარ ხოლმე მოწმე, როგორ იქცევიან გარეთ მყოფი პირები პატიმართან მიმართებაში, როდესაც ატყუებენ, რომ მინისტრთა კომიტეტი გაგათავისუფლებს, რომ ევროსაბჭო გაგათავისუფლებს. ბატონი ბოკერიადან დაწყებული, მისი ადვოკატებით, პარტიის წევრებით დასრულებული…

რაც შეეხება საკნიდან გაყვანის ეპიზოდს, ამ ეპიზოდზე გამოძიება გაიხსნა თავიდან, მიმდინარეობს, მაგრამ კიდევ ერთი ტყუილი, რომელსაც ადვოკატები და პარტიის წევრები მედიის საშუალებით ეუბნებოდნენ ამ პატიმარს წლების მანძილზე, იყო ის, რომ საკნიდან გაყვანის ეპიზოდის გამო, ევროსაბჭო დაავალებდა მთავრობას მის ვადაზე ადრე გათავისუფლებას.

ჩვენ ყველამ ვნახეთ, რომ ეს იყო სიცრუე, ვითომ ეს პატიმარი პოლიტიკური პატიმარია და მას 2020 წლის თებერვალზე ადრე გაათავისუფლებინებდნენ უცხოელებს, ეს იყო სიცრუე. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და ვერცერთი უცხოელი ვერ წყვეტს, ვინ როდის უნდა გამოვიდეს ციხიდან,”– განაცხადა თეა წულუკიანმა.

მერაბიშვილმა ციხე 6 წლისა და 9 თვის შემდეგ დატოვა. ყოფილი პრემიერის თქმით, “წლის ბოლომდე დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ამ ციხის კარი ყველა პოლიტპატიმარისთვის ფართოდ გაიღება”.

ვანო მერაბიშვილმა პოლიციელებს მიმართა და აღნიშნა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მათი ღირსება აღდგეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები