მერაია ქერი ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც BET Awards-ის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით დაწესებული სპეციალური პრემია – Ultimate Icon Award მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ქერი კარიერის განმავლობაში სამჯერ იყო დაჯილდოებაზე ნომინირებული, თუმცა ამ დრომდე ჯილდო არ მინიჭებია.
საკულტო არტისტმა საღამოზე პერფორმანსიც გამართა, რა დროსაც უახლესი სინგლი – Type Dangerous და 25 წლის წინანდელი სიმღერა – It’s Like That შეასრულა. სანახაობისას მას სცენაზე, Anderson .Paak და Rakim შეუერთდნენ. საზოგადოებამ 56 წლის შემსრულებლის წარმოდგენას განსაცვიფრებელი, ხოლო თავად მას თვალწარმტაცი უწოდა.
Type Dangerous, რომელიც 6 ივნისს დარელიზდა, ქერის მომავალი მუსიკალური პროექტის მთავარი ჩანაწერია. როგორც ცნობილია, მომღერალი მალე 2018 წლის შემდეგ, მეთექვსმეტე სტუდიურ ალბომს გამოუშვებს, რომლის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, ახალი ტრეკი Anderson .Paak-ის თანაავტორობით შეიქმნა და მასში ლეგენდარული ჰიპ ჰოპ დუოს – Eric B. & Rakim ჰიტის – Eric B. Is President სემპლია ჩართული.