ევროპული საქართველო მესამე მოსმენას იმ შემთხვევაში დაესწრება თუ გიორგი რურუა საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს – ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ოთარ კახიძემ განაცხადა. მისი თქმით, გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების პირველი და საკვანძო ნაწილი იყო.
“პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის ცვლილება – ეს ორივე პირობა ეხება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასულ ურთიერთობას, რაც პოლიტიკური გარემოს ნორმალიზებას ნიშნავს. ასევე იმაზე შეთანხმებას, რომ მედიამფლობელების და პოლიტიკოსების დევნის გარეშე უნდა ჩატარდეს საარჩევნო კამპანია. ნორმალური ატმოსფერო უნდა იყოს, რადგან ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს არჩევნების გზით.
ჩვენ როდესაც ამ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, ორივე საკითხზე ავიღეთ ვალდებულება და მთლიანობაში გამოვხატეთ მზადყოფნა, რომ თუკი ხელისუფლება ამ ნაბიჯებს გადადგამდა, ჩვენი მხრიდან მოხდებოდა დეესკალაცია. ქუჩის აქციების, პიკეტირების, ბოქლომების დადების ნაცვლად ვთავაზობთ, რომ საპარლამენტო ცხოვრებაში მივიღოთ მონაწილეობა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.
შეგახსნებეთ, საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დღეს 115-მა დეპუტატმა დაუჭირა, კენჭისყრაში მონაწილეობა ამჯერადაც არ მიუღია “ნაციონალურ მოძრაობას,” მეორე მოსმენით განხილვას არ ესწრებოდა “ევროპული საქართველო”, რომელმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.