მთავრობა პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ წარმატებაზე აცხადებს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, პროექტი მოსალოდნელზე მეტად აქტიურ ტემპში მიმდინარეობს და პირველი ორკვირიანი ციკლი უპრეცედენტოდ მაღალი შედეგით დასრულდა.
ნათია თურნავას თქმით, პროექტის დაწყებიდან ორი კვირის განმავლობაში, 26 ისეთი ობიექტის პრივატიზება მოხდა, რომელიც აქამდე გაჩერებული და პრაქტიკულად უსარგებლო იყო.
„ამ 26 ობიექტში ინვესტორებმა ჯამში გადაიხადეს 41 მილიონ ლარზე მეტი, როდესაც საწყისი შეფასება იყო დაახლოებით 30 მილიონი ლარი. შესაბამისად, მაღალი კონკურენციის, ძალიან აქტიური და მაღალი ინტერესის შედეგად საწყისი ფასი გაიზარდა 34 პროცენტით. მთლიანობაში, მინდა ვთქვა, რომ პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ არის ძალიან წარმატებული, პრივატიზება მიდის მაღალი ტემპით და ძალიან მალე ახალ საპრივატიზებო ქონებას შევმატებთ ამ სიას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მთავრობა წყნეთის სამთავრობო აგარაკებსაც გაყიდის
ჯამში, აუქციონზე გასაყიდი ქონების საერთო საწყისი ღირებულება 150 მილიონი ლარია
„100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ პროექტის ფარგლებში გაყიდულ ობიექტებს შორის არის მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია, რომელიც გამართულ საჯარო აუქციონზე 7 510 000 ლარად გაიყიდა, რაც საწყის ფასზე 308%-ით მეტია.
ცნობისთვის, პრეზიდენტის მესტიის რეზიდენცია 2011 წელს აშენდა, ის 2,592 კვ. მეტრ მიწას და 11,310 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობებს მოიცავს.