ლეგენდარული როკ-ჯგუფის, Metallica-ს ინიციატივამ გერმანიაში ათასობით ადამიანი სისხლის დონორად აქცია. ჯგუფმა მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გულშემატკივრებს სისხლის ჩაბარებისკენ მოუწოდა, რის შედეგადაც თითქმის 10 000 ადამიანი დონაციის პროგრამაში ჩაერთო.
აქცია გერმანიის წითელ ჯვართან თანამშრომლობით ჩატარდა. სისხლის ჩაბარება შესაძლებელი იყო იმ სტადიონებთან, სადაც Metallica ფრანკფურტსა და ბერლინში კონცერტებს მართავდა. პროცედურამდე მსურველები ავსებდნენ ჯანმრთელობის ანკეტას, გადიოდნენ სამედიცინო შემოწმებას და ექიმის კონსულტაციას. დონაციის შემდეგ კი ძალების აღსადგენად მსუბუქ საკვებს იღებდნენ .
გერმანიის წითელი ჯვრის წარმომადგენლების თქმით, ასეთი მასშტაბური გამოხმაურება მათთვის მოულოდნელი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მონაწილეთა უმრავლესობამ სისხლი პირველად გაიღო.

მედიკოსები აღნიშნავენ, რომ დონორის სისხლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებული ადამიანებისთვის, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, მშობიარობის გართულებების მქონე ქალებისა და იმ პირთათვის, რომლებსაც რეგულარული სისხლის გადასხმა სჭირდებათ.
1981 წელს დაარსებული Metallica მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ როკ-ჯგუფად ითვლება. ჯგუფს 125 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული, ხოლო კონცერტები დღემდე ათიათასობით მსმენელს იზიდავს.