LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მეთხუთმეტე საიუბილეო „ღამის სერენადებს“ მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეებით ვხვდებით” – ნინა ცაგარელი

883
3-2023-07-25_09-58-45_657479-1024x768

ფესტივალის „ღამის სერენადების“ დირექტორმა ნინა ცაგარელმა  ფესტივალის წლევანდელ სეზონზე ისაუბრა.

– 5 წელია წარმატებით ხელმძღვანელობთ საერთაშორისო ფესტივალს „ღამის სერენადები“, რას ნიშნავს ეს ფესტივალი თქვენთვის?

– ფესტივალი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. „ღამის სერენადები“ მისი შექმნის დღიდანვე განსაკუთრებულ მოვლენად იქცა და ეს უპირველეს ყოვლისა არის უდიდესი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორი ლიანა ისაკაძის დამსახურება. „ღამის სერენადების“ შექმნის დღიდან ფესტივალი მასპინძლობდა არაერთ გამოჩენილ მუსიკოსს, როგორებიც არიან: ალფრედ შნიტკე, კურტ მაზური, გიდონ კრემერი, აიმან მუსახაჯაევა, ვიქტორ ტრეტიაკოვი, მუჰაი ტანგი, ლავარდ სკოუ ლარსენი, ჟან პასკალ ტორტელიე, გეზა ჰოსუ ლეგოცკი, დენის შაპოვალოვი, კატია სკანავი, ანა-ლიზა ბეზროდნი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი და მრავალი სხვა. როდესაც რაღაც ძალიან ღირებული იქმნება, ყველა გამოწვევისა და სირთულის მიუხედავად, მაინც აგრძელებს არსებობას და ფესტივალმა ეს დაადასტურა. მოგეხსენებათ, რომ თავდაპირველად ტარდებოდა აფხაზეთში, თუმცა ყველასთვის ცნობილი ტრაგიკული მოვლენების გამო, გარკვეული პერიოდით შეწყვიტა არსებობა. თუმცა აღდგენის შემდეგ უკვე მეთხუთმეტე ფესტივალს ვატარებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ფესტივალს კიდევ ხანგრძლივი მომავალი ცხოვრება აქვს. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი, არაჩვეულებრივი მუსიკოსი გიორგი ისაკაძე, ფესტივალის მთელი საორგანიზაციო ჯგუფი და გულშემატკივრები ძალ-ღონეს არ იშურებენ იმ მაღალი თამასის შესანარჩულებლად, რომელიც მას აქვს. და, რასაკვირველია უმთავრესია ჩვენი მსმენელი, რომელიც წლიდან წლამდე გვიდასტურებს საკუთარ სიყვარულს. „ღამის სერენადებს“ ყოველთვის მაღალი დასწრება აქვს და მსმენელებს შორის არიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი კლასიკური მუსიკის მოყვარულები.

– წელს რიგით მე-15 საიუბილეო ფესტივალი იმართება, რით არის გამორჩეული და განსხვავებული წლევანდელი წელი?

– მეთხუთმეტე, საიუბილეო „ღამის სერენადებს“ მნიშვნელოვანი და სასიხარულო სიახლეებით ვხვდებით. უპირველეს ყოვლისა აღვნიშნავ, რომ გაიზარდა ჩვენი გეოგრაფიული არეალი და მასპინძელ ქალაქებს დაემატა და ფესტივალის ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ქალაქი ბორჯომი. წლევანდელი ფესტივალი სწორედ ბორჯომში აიღებს სტარტს გალა-კონცერტით, შემდეგ კი ტრადიციულად გადაინაცვლებს ულამაზეს ბათუმსა და თბილისში.
მეორე უმნიშვნელოვანესი სიახლე გახლავთ ის, რომ ფესტივალის პარტნიორთა სიას დაემატა ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, რომელიც ყოველწლიურად ფესტივალის ფარგლებში ერთ კონცერტს გამართავს. წლევანდელი ფესტივალი 6 დაუვიწყარ საღამოსთან ერთად უკვე ტრადიციულად გააერთიანებს მასტერკლასებს და ვორკშოპებს სამუსიკო სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და შშმ პირებისათვის, ასევე საქართველოში ასტრო-არტის და Art-Science -ის პირველი წარმომადგენლის მხატვარ ეკა აბულაძის ნამუშევრების გამოფენას.

– ვინ არიან წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები და რა პროგრამა იქნება წარმოდგენილი საკონცერტო საღამოებზე?

– ფესტივალის პროგრამა ჩვეულებისამებრ ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. წელსაც ვუმასპინძლებთ არაერთ მსოფლიოში აღიარებულ უცხოელ და ქართველ მუსიკოსს: Milano Classica-ს მთავარი დირიჟორი, Orchestra Scarlatti Young-ის მთავარი დირიჟორი და ტოსკანას ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორი, ბეატრიჩე ვენეცი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატთან, ქართველ მევიოლინესთან, ვერიკო ჭუმბურიძესთან ერთად შეასრულებს ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტს. ლა სკალას ორკესტრის კონცერტმაისტერი, სოლისტი და ვენიავსკის კონკურსების ლაურეატი ლაურა მარზადორი მსმენელებს მოცარტის სავიოლინო კონცერტებს წარუდგენს. სოლო კონცერტს გამართავს ბეთჰოვენის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული, მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი სკოლის პროფესორი და თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული პიანისტი ანტი სიირალა. სოპრანო ეილიკა ვუნში, გერმანული პროექტის “Das Supertalent” გამარჯვებული ტენორი რიკარდო მარინელო და საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი ტენორი გიორგი ონიანი შეასრულებენ საოპერო მუსიკის შედევრებსა და ნეაპოლურ სიმღერებს. კვლავ ეწვევა ფესტივალს მსოფლიოში ცნობილი გერმანელი კლარნეტისტი საბინე გროფმაიერი. კორეელი მევიოლინე ჰეიონ პარკი თამარ ლიჩელთან ერთად შეასრულებს ფრანკისა და ვოან უილიამსის ნაწარმოებებს, ასევე ბეთჰოვენის სავიოლინო კონცერტს. პუბლიკა შეხვდება ახალგაზრდა ქართველ მუსიკოსებსაც. ანსამბლი „ბორჯომი“ , რომლის ხელმძღვანელია გიორგი ბუგიანიშვილი და გიორგი ონიანი კი ოთარ თაქთაქიშვილის „მეგრული სიმღერების“ ფრაგმენტებს შეასრულ
სოლისტებს ტრადიციულად თანხლებას გაუწევს ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, კონცერტმაისტერი ლელა მჭედლიძე.

– სად და როდის გაიმართება კონცერტები?

– ფესტივალი როგორც აღვნიშნე აიღებს სტარტს 22 აგვისტოს, ქალაქ ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომი-ლიკანში, შემდეგი ორი კონცერტი გაიმართება 24 და 25 აგვისტოს ქალაქ ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში, დასკვნითი სამი კონცერტი კი გაიმართება თბილისში 22-24 სექტემბერს, თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ყველა კონცერტი დაიწყება 20 საათზე, თუმცა კარი მსმენელებისთვის 19:30 საათიდან იქნება ღია.
აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ფესტივალის ყველა მხარდამჭერს: საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ქალაქ ბათუმის მერიას, ქალაქ თბილისის მერიას, ქალაქ ბორჯომის მერიას, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამისინტროს, იტალიის საელჩოს საქართველოში, გერმანიის საელჩოს საქართველოში, ფესტივალის პარტნიორებს: ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს, მასპინძელ სასტუმროებს: ბორჯომი ლიკანი და ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, ავეჯის სახლს „ნიტა“, პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელს „ლუტეცია“, „ივ როშეს“ , ფარმაცევტულ კომპანია „PSP“-ს, კომპანია „სარაჯიშვილს“, ძმები ხუციშვილების „ღვინის მარანი“. ასევე მედია პარტნიორებს: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, „პოსტ ტვ“, „ევრონიუს ჯორჯია“, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან თაიმსი“, „არტარეა“- პირველი არხი კულტურაზე, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“,„ტვ25“, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო „კლიპ არტი“, “ამბები.ჯი”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, „ჯორჯიან პრესი“ , ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today“, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი „Messenger“, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, რადიო „ფორტუნა“ და ვებ-საიტი ფორტუნა.ჯი.

„დაუვიწყარი საღამოები ელით მელომანებს” – ფესტივალი „ღამის სერენადები“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g