LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სრული რეაბილიტაცია 9 თებერვალს დაიწყება

150
5

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარე წლის 9 თებერვალს დაიწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ვიწყებთ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციას. აქ თბილისის წინა მთავრობის პერიოდში, გარკვეული სამუშაოები განხორციელდა, თუმცა, გვახსოვს რა სავალალო შედეგი მოჰყვა – ჭერის ჩამონგრევა. მას შემდეგ მეტროსადგურის მოწესრიგება ვერ მოხერხდა. იყო ბევრი პრობლემა კომპანიებთან, პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით. ვიღებთ კრიტიკას, რომ ამდენი წელი მუნიციპალიტეტმა სადგურის რეაბილიტაცია ვერ დაიწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ბადა კონსტრაქშენი“ შეასრულებს, რომელიც ასევე, მეტროსადგურ „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 13,4 მლნ ლარს, რომელიც სადგურის ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას მოიცავს. მათ შორის, განხორციელდება არსებული აზბესტის ჭერის დემონტაჟი და ახალი ჭერის მოწყობა თანამედროვე მასალებით. კომპანია სამუშაოებს დაიწყებს 9 თებერვალს, რაც განხორციელდება ყველა დადგენილი ნორმითა და სტანდარტით. სამუშაოს შესრულების ჯამური ვადა შეადგენს 18 თვეს და მომავალი წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პერიოდში მეტროსადგური ეტაპობრივად დაიკეტება. ვარკეთილის მიმართულებით კი ავტობუსების რაოდენობა დაემატება, რომ მგზავრებმა კომფორტულად გადაადგილება შეძლონ.

„გარდა ამისა, შემუშავდა სამუშაოთა წარმოების პროექტი, რადგანაც მეტრო განსაკუთრებული ობიექტია. „ვარკეთილის“ დაბლა ბაქანზე და დახრილ გვირაბში აზბესტის ჭერის უსაფრთხო დემონტაჟი-მონტაჟის სამუშაოებისთვის მეტროსადგური დაიკეტება, დაახლოებით, ორი თვით. დაახლოებით, ეს იქნება ივნისი-აგვისტოს შუალედში. მეტროსადგურის დაკეტვის პერიოდში ვეცდებით, ვარკეთილის მიმართულებით დავამატოთ სათანადო რაოდენობის ავტობუსები, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მგზავრებს დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.