LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის კვირის (9-15 თებერვალი) ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

1176
მიხეილ ცაგარელი

დედამიწა უარყოფით ენერგოველში იმყოფება, რაც პერიოდს საკმაოდ რთულს ხდის. იზრდება დაძაბულობა, ჯანმრთელობის გაუარესების რისკი, კონფლიქტური სიტუაციების წარმოქმნა და ფსიქოემოციური არასტაბილურობა. ეს ტენდენციები მეტ-ნაკლებად ყველა ზოდიაქოს ნიშანზე აისახება, ამიტომ აუცილებელია ამ კვირის ფრთხილად და გააზრებულად გავლა.

ვერძი – ენერგიის დეფიციტს არ განიცდით, აქტიური, ინიციატივიანი, უშიშარი და მებრძოლი ხართ. ლიდერული თვისებები მკვეთრად იჩენს თავს. ეს პირადი ტრანსფორმაციების პერიოდია, როდესაც შესაძლოა შეიცვალოს გარკვეული შეხედულებები და ცხოვრებისეული პოზიციები. კვირა ხელს უწყობს მნიშვნელოვანი პრობლემების, მათ შორის კონფლიქტური საკითხების მოგვარებას. ავტორიტეტი იზრდება, ნაყოფიერია ურთიერთობა ახლობლებთან, ნათესავებთან და მეგობრებთან, თუმცა შეიძლება დაიძაბოს კონტაქტი იმ ადამიანებთან, ვინც თქვენს იდეებს არ იზიარებს. ახალ ნაცნობებთან მიღებული ინფორმაცია გადაამოწმეთ.

კურო – ენერგოტონუსი დაქვეითებულია. ადვილად შეიძლება გადაიღალოთ ან გაცივდეთ, შრომისუნარიანობა დაბალია და ორგანიზმს მეტი დრო სჭირდება აღსადგენად. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები ან კონფლიქტური სიტუაციები. ეს ცვლილებების პერიოდია – შესაძლებელია ახალი სამსახურის ძიება ან ცხოვრების სტილის გადახედვა. ნუ შეგეშინდებათ ტრანსფორმაციების. საკუთარ პოზიციებს მტკიცედ დაიცავთ, თუმცა სასურველია ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის დარეგულირება.

ტყუპები – ენერგოტონუსის მხრივ საკმაოდ კარგი პერიოდია, აქტიური, ენერგიული და კომუნიკაბელური ხართ. შესაძლებლობები მრავალმხრივია, თუმცა ნეგატიური ტენდენციების გამო კვირა ბოლომდე მშვიდი არ იქნება. შესაძლოა მოგიწიოთ მეგობრების პრობლემებში ჩართვა ან არასასიამოვნო ინფორმაციის მიღება, რაც შინაგან დაძაბულობას გამოიწვევს. სურვილი გექნებათ პასუხისმგებლობების სხვებისთვის გადაბარების, რაც უკმაყოფილებას გამოიწვევს. მოსალოდნელია ვალდებულებების შესრულება, ვალების, ჯარიმების ან კომპენსაციების დაფარვა. საჭესთან განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ.

კირჩხიბი – რთული პერიოდია. ენერგოტონუსი და იმუნიტეტი დაბალია, ფსიქოემოციური არასტაბილურობა ძლიერდება. შესაძლოა სხვადასხვა სახის უსიამოვნო სიტუაციებში უნებლიედ აღმოჩნდეთ ჩართული. შეცდომების დაშვების რისკი მაღალია, რაც უკმაყოფილებას და თვითშეფასების დაქვეითებას გამოიწვევს. ეცადეთ, ნაკლებად ისაუბროთ და უფრო ფარულად იმოქმედოთ. წინასწარ ნუ გაამჟღავნებთ გეგმებს – ეს დაგეხმარებათ პროცესების უკეთ წარმართვაში.

ლომი – ენერგოტონუსი და ჯანმრთელობა სტაბილურია. აქტიური, ინიციატივიანი და მებრძოლი ხართ, თუმცა დედამიწის უარყოფითი ენერგოველის გამო საქმეებში, პროფესიულ სფეროსა და ურთიერთობებში არასტაბილურობაა მოსალოდნელი. ზოგიერთი იდეა შესაძლოა ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით. მოგიწევთ ადრე დაწყებული საქმეების დასრულება და ზოგ შემთხვევაში გეგმების კორექტირება. მეტი დრო დაუთმეთ გუნდურ მუშაობას და შეინარჩუნეთ კარგი ურთიერთობები როგორც სასიყვარულო, ისე ბიზნესპარტნიორებთან.

ქალწული – ენერგოტონუსი დაქვეითებულია, ჯანმრთელობა არამდგრადია, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. მოერიდეთ გადაღლასა და გაციებას. კოლეგებთან ურთიერთობაში საჭიროა მაქსიმალური თავშეკავება; სიხისტე და სიჯიუტე ხელს შეგიშლით. სირთულეები მოსალოდნელია სამუშაო პროცესში, შესაძლებელია გაუგებრობები ვალდებულებების კუთხით. შესაძლოა შეიცვალოს თქვენი როლი, გაჩნდეს ახალი პროექტები, თანამშრომლები ან პროფესიული მიმართულება. რაც უფრო მოქნილად მოერგებით ცვლილებებს, მით უფრო სტაბილურად იგრძნობთ თავს.

სასწორი – ამ კვირაში ენერგოტონუსს არ უჩივით, ჯანზე ხართ, აქტიური, ენერგიული და კომუნიკაბელური. შესაბამისად, საქმიანი შესაძლებლობებისა და ნიჭის გამოვლენის ტენდენციები აშკარად იჩენს თავს. ზოგიერთმა შესაძლოა ახალი რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოს ან უკვე არსებულ ურთიერთობებში უფრო მეტი სითბო და ჰარმონია შეიტანოს. შემოქმედებით უნარს უკეთ გამოავლენთ, თუმცა ფსიქოემოციურმა არასტაბილურობამ შეიძლება გამოიწვიოს ხასიათის ცვალებადობა და გაღიზიანებადობა. შინაგანი გაორება და ემოციური არასტაბილურობა ხელს შეგიშლით მიზნებსა და მოქმედებებში თანმიმდევრულად წარმართვაში, ამიტომ მნიშვნელოვანია იყოთ ყურადღებით და შეინარჩუნოთ სტაბილური ურთიერთობები.

მორიელი – ენერგოტონუსი დაქვეითებულია, ჯანმრთელობა არამდგრადია, შესაძლებელია ადვილად გადაიღალოთ ან გაცივდეთ. ემოციურად უფრო გაღიზიანებული ხართ, ამიტომ სიფრთხილე გმართებთ. ეს პერიოდი მოულოდნელ მოვლენებს მოიტანს, რისთვისაც შესაძლოა მზად არ იყოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში აუცილებელია ტაქტი, თავდაჭერილობა და დიპლომატიურობა, რადგან დაძაბულობის ტენდენცია მაღალია. ზოგიერთი თქვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს საეჭვო პროექტებში ჩართული, რაც დამატებით არასტაბილურობას გამოიწვევს. არ არის გამორიცხული საყოფაცხოვრებო პრობლემების გააქტიურებაც. რაც უფრო სტაბილური იქნება თქვენი ურთიერთობა ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან, მით მეტად იგრძნობთ შინაგან სიმყარეს, რადგან მათთან კონფლიქტები კიდევ უფრო გაამწვავებს არასტაბილურობას.

მშვილდოსანი – ენერგოტონუსი მაღალია, აქტიური, ენერგიული, კომუნიკაბელური, გონებამახვილი და ლიდერული თვისებების მქონე ხართ. უშიშარი და მებრძოლი სულისკვეთება გაძლევთ საშუალებას აქტიურად ჩაერთოთ კოლექტიურ საქმეებში. ძლიერია სურვილი, ყველას დაუმტკიცოთ თქვენი იდეების მართებულობა, თუმცა განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ კრედიტებთან და სესხებთან მიმართებაში, რადგან ეს შესაძლოა ფინანსური არასტაბილურობის მიზეზი გახდეს. ამასთან, ბევრი დაპირება და საუბარი იქნება, რომელთა უმრავლესობა რეალურად ვერ შესრულდება. ამიტომ ფინანსური ხარჯვისას იყავით თავდაჭერილი, გადაამოწმეთ ინფორმაცია და ადვილად ნუ ენდობით სხვებს. პირად ურთიერთობებში საჭიროა ტაქტი, დიპლომატიურობა და ზომიერება.

თხის რქა – ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია და ადვილად შეიძლება გადაიღალოთ. ტრავმებისა და ავარიული სიტუაციების ტენდენცია იმატებს, ამიტომ ყურადღება აუცილებელია. ამავე დროს აშკარად იჩენს თავს ფინანსური ტალღის მოზიდვის შესაძლებლობა – ზოგიერთი თქვენგანი შეძლებს ახალი შემოსავლის წყაროების, პროექტებისა და იდეების ჩამოყალიბებას და განხორციელებასაც. თუმცა მიღებული თანხა შესაძლოა სწრაფადვე გაიხარჯოს მოულოდნელ შესყიდვებზე, კაპიტალდაბანდებებსა თუ გადახდებზე, რაც ხშირად პარტნიორების ინიციატივით მოხდება. ეს გამოიწვევს როგორც ფინანსურ დაძაბულობას, ისე ფსიქოემოციურ გაღიზიანებას და სარისკო ნაბიჯებისკენ მიდრეკილებას. იმატებს სპეკულაციური შეთავაზებები, ამიტომ თანხებს გაუფრთხილდით და ზედმეტ ხარჯებს მოერიდეთ.

მერწყული – ამ პერიოდში მთავარი მოქმედი პირი ხართ. ჯანმრთელობა მდგრადია, ენერგოტონუსი მაღალია, გაქვთ ქარიზმა და მიზიდულობა, ყურადღების ცენტრში ექცევით. კარგი გეგმები და რეფორმების განხორციელებისთვის ხელსაყრელი პირობებია. მებრძოლი სულისკვეთება, საინტერესო იდეები და შეხვედრები გელით. სასიყვარულო კონტაქტებისთვისაც აქტიური პერიოდია და მზად ხართ ცვლილებებისთვის. თუმცა ფსიქოემოციური არასტაბილურობა მაინც იჩენს თავს, რის შედეგადაც შესაძლოა მოქმედებები ბოლომდე გააზრებული არ იყოს. ხასიათის ცვალებადობამ შეიძლება სულსწრაფობასა და შეცდომების დაშვებამდე მიგიყვანოთ. ბევრი რამ დამოკიდებულია თქვენს განწყობაზე, ამიტომ ეცადეთ, ემოციურმა ფონმა ურთიერთობებში არ შეიტანოს არასტაბილურობა.

თევზები – მომდევნო კვირა შედარებით უკეთესია, ხოლო ეს პერიოდი ჯერ კიდევ რთულია. ენერგოტონუსი დაბალია, ჯანმრთელობა არამდგრადია და გადაღლა ადვილად ხდება. შრომისუნარიანობა დაქვეითებულია, ფსიქოემოციური არასტაბილურობა მაღალია, რაც დეპრესიული ფიქრების, წარსულზე კონცენტრაციისა და შინაგანი შიშების გააქტიურებას იწვევს. იმატებს გაღიზიანებადობა და ხასიათის ცვალებადობა, მძაფრად რეაგირებთ სხვების უტაქტო ქცევებზე. რეკომენდებულია კონტაქტების შემცირება, რადგან მათი უმრავლესობა შესაძლოა კონფლიქტით დასრულდეს. ფარული მტრები და მოშურნეები აქტიურდებიან, ამიტომ აკონტროლეთ, რა ხდება თქვენს ზურგს უკან. მოერიდეთ სარისკო ნაბიჯებსა და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, ენას კბილი დააჭირეთ და შემოიფარგლეთ მხოლოდ ყოველდღიური საქმეებით, რათა ეს კვირა შედარებით სტაბილურად გაიაროთ.

გეომაგნიტური დღეები – 9, 10, 11 და 14 თებერვალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები