4 ივნისს, აშშ-ის კონგრესში საქართველოზე გამართული მოსმენის დროს, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩის, ნატალია საბანაძის გამოსვლას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, მიხეილ დაუშვილი ეხმიანება.
როგორც მიხეილ დაუშვილმა განაცხადა, ის ნატალია საბანაძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს ეთანხმება:
„ნატა საბანაძე იყო მრჩეველი, მაგრამ ჩვენი პარტიის წევრი არასდროს ყოფილა. მის განცხადებებს ვიზიარებ. სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატია გაანადგურა.
თუ სანქციები იქნება გამოყენებული, ეს უნდა იყოს მაქსიმალურ წერტილოვანი, მაქსიმალურად ინდივიდუალური, იმიტომ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ნაკლები ზიანი მიადგეს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის – ეს თქვა ქალბატონმა ნატამაც. შეიძლება სხვა აზრი გქონდეს და ვინმე ვამბობდეთ, რომ ქვეყანა დაასანქცირონ? ეგ ხომ შეუძლებელია. რა თქმა უნდა, თუ სანქცია იქნება გამოყენებული, ეს უნდა იყოს პერსონალური.
აბსოლუტურად ვეთანხმები [საბანაძეს], განმარტებაც მან გააკეთა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. რა ნაწილში შეიძლება არ დაეთანხმო? დააკვირდეთ, დღეს რა ხდება ნატა საბანაძის მიმართ, აქეთ მხარეს დგას „ოცნება“ და ამ ადამიანს ათას სიბინძურეს აბრალებს, იქით მხარეს დგას „ნაცმოძრაობა“ და მას ასევე ათას სიბინძურეს აბრალებს – როგორი ერთნაირები არიან, უბრალოდ შეხედეთ.
არც ერთს მოსწონდა მისი საუბარი, არც მეორეს, იმიტომ, რომ სიმართლე მწარეა. ორივესთვის მწარეა, ამიტომ ერთიც თავს ესხმის და მეორეც. ამ ადამიანმა რაც გუშინ ისაუბრა ასეა, სიმართლეა“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
ცნობისათვის, აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა. კონგრესში ფონდ „ღია საზოგადოების“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე და ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, ნატალია საბანაძე სიტყვით გამოვიდნენ.
„ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც შოუ მიჰყავს“ – კონგრესმენი სტივ კოენი