ჩვენ რუსულ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ უნდა დავნებდეთ, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა სოფელ ყარაფილასთან საოკუპაციო ძალების მიერ თხრილის გავლების მორიგ ფაქტს.
ჯანელიძე ე.წ. საზღვართან თხრილის გავლების ფაქტს “პროვოკაციას“ უწოდებს.
“ჩვენ ამ ფაქტს ძალიან მკაცრს შეფასებას ვაძლევთ. პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს პროცესი, პროვოკაციული ქმედებები შეჩერდეს. პირველ რიგში, ეს არის პროვოკაცია. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოვახერხოთ პროვოკაციული ქმედებების შეჩება. ეს არის ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ აქტიურად განვახორციელებთ მომდევნო წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის აგრესიული ქმედებები უმკაცრესად არის შეფასებული და დაგმობილი“, – განაცხადა მან.
