LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილი: „საქართველოს და სომხეთს აქვთ სანიმუშო, ორმხრივი თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით – საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია სომხეთის სტაბილურობა, წარმატება და წინსვლა“

113
მიხეილ ყაველაშვილი

მსოფლიოში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას – საქართველოს და სომხეთს აქვთ სანიმუშო, ორმხრივი თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით, – ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან, ვაჰაგნ ხაჩატურიანთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

სომხეთის რესპუბლიკაში მიხეილ ყაველაშვილის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტის რანგში პირველად ვსტუმრობ სომხეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით. მსურს გულითადი მადლობა გადაგიხადოთ გამორჩეული მასპინძლობისთვის. ჩემს კოლეგასთან შეხვედრისას კმაყოფილებით აღვნიშნე, რომ მსოფლიოში მიმდინარე რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას. საქართველოს და სომხეთს აქვთ სანიმუშო, ორმხრივი თანამშრომლობა ბევრი მიმართულებით. გასულ წელს ჩვენ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, რაც მტკიცე მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია და გზას უხსნის უფრო ღრმა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას ყველა სფეროში.

სომხეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენს ქვეყანას ყოველ წელს სომხეთიდან უამრავი ვიზიტორი სტუმრობს და მაჩვენებლით ყოველთვის პირველ სამეულშია. ჩემს კოლეგას კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს უპირობა მხარდაჭერა სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საქართველოს საუკეთესო ინტერესებშია სომხეთის სტაბილურობა, წარმატება და წინსვლა.

აქვე მსურს პირადად, ჩემი და ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის. ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაა, ვადასტურებთ საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის მიმართ, რომელიც ეყრდნობა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის დეოკუპაციის და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ მოსახლეობას შორის შერიგებისა და ჩართულობის ამოცანებს. სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარება სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. საქართველო ცალსახად მიესალმება 2025 წლის 13 მარტს სომხეთისა და აზერბაიჯანის განცხადებას სამშვიდობო შეთანხმების პირობებზე მოლაპარაკებების დასრულების შესახებ. გვჯერა, რომ ეს არის მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი, რომელიც საჭიროებს შემდგომ ერთობლივ ძალისხმევას, რათა ერთად შევქმნათ მშვიდობიანი, უსაფრთხო, სტაბილური და განვითარებული სამხრეთ კავკასიის რეგიონი. იმედს გამოვთქვამთ, რომ უახლოეს პერიოდში სომხეთი და აზერბაიჯანი ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას, რითაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა სამხრეთ კავკასიის პოზიტიური განვითარების დინამიკა და რეგიონის მიმზიდველობა.

შეხვედრაზე ასევე, ვისაუბრეთ 2025 წლის 17 აპრილს თბილისში გამართული სამმხრივი შეხვედრის შესახებ, რომელიც წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების სამმხრივი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის პროცესის დასაწყისს. საქართველო განუხრელად ემხრობა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესს. ჩვენ მზად ვართ, გავაღრმაოთ რეგიონალური თანამშრომლობა უკლებლივ ყველა მიმართულებით და ჩვენი წვრილი შევიტანოთ სამართლიანი და მშვიდობიანი, მრავალპოლუსიანი საერთაშორისო წესრიგის ფორმირებაში. მოხარული ვარ, რომ მიმდინარე წლის 5-7 ივნისს ერევანში ქართული კულტურის დღეები გაიმართება. მოუთმენლად ველით მომავალ წელს თბილისში სომხური კულტურის დღეების გამართვას, რომელიც კიდევ ერთხელ წარმოაჩენს სომხური კულტურის მდიდარ მემკვიდრეობას, ტრადიციებსა და თანამედროვე მიღწევებს.

ჩვენი ქვეყნების უნიკალური ტრადიციებისა და ისტორიის პატივისცემა, გაფრთხილება არის ის ძირითადი ფასეულობა, რომელიც აერთიანებს ჩვენს ხალხებს. სახელმწიფო სუვერენიტეტის, ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის დაცვა, ჩვენი ქვეყნების მთავარი პრიორიტეტია. სამაგალითო, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა გვაძლევს მყარ საფუძველს, რომ ეს გამორჩეული ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g