LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ყაველაშვილმა ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები ღირსების ორდენით დააჯილდოვა

168
მიხეილ ყაველაშვილი

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების საფუძველზე, ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ვახტანგ გომელაური და პოლიციის სხვა ხელმძღვანელი პირები კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა“, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობითვე, დაჯილდოების ცერემონიას, რომელიც ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში გაიმართა, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე დაესწრნენ.

„ირაკლი კობახიძემ პოლიციის ხელმძღვანელ პირებს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს – ღირსების ორდენის მიღება მიულოცა და ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა“, – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინების…

Posted by საქართველოს მთავრობა on ხუთშაბათი, 30 იანვარი, 2025

ვახტანგ გომელაურთან ერთად, მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენი გადასცა შს მინისტრის პირველ მოადგილეს შალვა ბედოიძეს, მოადგილეებს – იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძეს და გიორგი ბუთხუზს.

ღირსების ორდენებით ასევე დაჯილდოვდნენ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები: მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე.

„ძლიერი ქართული პოლიცია, ძლიერი და სუვერენული სახელმწიფოს სიმბოლოა. გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში განუხრელად იქნება დაცული წესრიგი. გეცვას პოლიციელის ფორმა და ატარებდე მუნდირს მხოლოდ იმ ღირსეულ ადამიანთა ხვედრია ვინც მზადაა, დაუფიქრებლად გაწიროს, საკუთარი სიცოცხლე სხვათა გადასარჩენად. შეუფასებელია, თითოეული პოლიციელის მიერ ჩვენი ქვეყნის წინაშე გაღებული ღვაწლი.

თქვენი დაუღალავი შრომა, სიფხიზლე და თავდადება უზრუნველყოფს ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების კეთილ მომავალს.

თქვენ ხართ ადამიანები, ვინც სირთულეების მიუხედავად, სრულფასოვნად ართმევთ თავს ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მიერ დაკისრებულ მოვალეობას – დაიცვათ წესრიგი ქვეყანაში და თითოეული ჩვენი მოქალაქის უსაფრთხოება. თქვენ ხართ ადამიანები, ვინც ყოველდღიურად იცავთ სამშობლოს სანუკვარ იდეას – რომელსაც საქართველო ჰქვია. სწორედ ამიტომ მსურს, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების ორდენით დაგაჯილდოოთ. გისურვებთ ერთიან, ძლიერ და წარმატებულ საქართველოში ცხოვრებას!“- თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.

შინაგან სამინისტროს ცნობით, ვახტანგ გომელაურმა მიღებული ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა მიხეილ ყაველაშვილს, ირაკლი კობახიძეს, შალვა პაპუაშვილს, ასევე პოლიციელებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს და თქვა, რომ ღირსების ორდენებს, თითოეული მათგანი, მთელი ცხოვრება ღირსეულად ატარებს.

„ბატონო პრეზიდენტო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, მინდა, მადლობა გადაგიხადოთ ამ დაფასებისთვის, სახელმწიფო ჯილდოს – ღირსების ორდენის გადმოცემისთვის. მერწმუნეთ, ეს ყველა ჩვენგანისთვის ძალიან დიდი პატივია. არ შემიძლია, ხაზი არ გავუსვა და არ აღვნიშნო თქვენი ყოველდღიური მხარდაჭერა, გვერდში დგომა, რომელსაც თითოეული პოლიციელი, როგორც რიგითები, ასევე, ჩვენ – ხელმძღვანელი პირები ვხედავთ და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ 24 საათის განმავლობაში ჩვენი მოქალაქეებისა და ჩვენი სამშობლოს დასაცავად. ასევე, მინდა, მადლობა გადავუხადო მათ ოჯახებს გვერდში დგომისთვის.

და ბოლოს, მინდა მოგცეთ პირობა, რომ გადმოცემულ ღირსების ორდენებს, თითოეული ჩვენგანი მთელი ცხოვრება ღირსეულად ვატარებთ. დიდი მადლობა!“, – თქვა ვახტანგ გომელაურმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g