LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიმოქცევაში ნაღდი ფულის მასა 32.4 მლნ ლარით გაიზარდა

363

2016 წლის სექტემბრის თვის მდგომარეობით, წინა თვესთან შედარებით, სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 20.9 მლნ ლარით (0.7 პროცენტით) გაიზარდა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის 3.1 მლრდ ლარი შეადგინა.

საშუალო მაჩვენებლის მიხედვით, წინა თვესთან შედარებით, მონეტარული ბაზა 46.6 მლნ ლარით (1.5 პროცენტით) გაიზარდა.

პერიოდის ბოლოსათვის სარეზერვო ფულის წლიური ზრდის მაჩვენებელი 0.7 პროცენტს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, სავალუტო აუქციონის მეშვეობით ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციები გაყიდვის მიმართულებით განახორციელა (გაყიდა 60.0 მლნ აშშ დოლარი). შიდასამთავრობო კონვერტაციებით, საქართველოს ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო გაყიდვებმა სექტემბერში 20.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შედეგად, აღნიშნული ოპერაციების მიხედვით წმინდა უცხოური აქტივები გაიზარდა დაახლოებით 80.8 მლნ დოლარით. სექტემბერში, მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 16.6 მლნ ლარით შემცირდა და მისი მოცულობა, თვის ბოლო მონაცემის მიხედვით 668.8 მლნ ლარს გაუტოლდა.

საანგარიშო პერიოდში, განთავსდა 40.0 მლნ ლარი ნომინალური ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები და დაიფარა 40.0 მლნ ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატი. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში კომერციული ბანკები სარგებლობდნენ რეფინანსირების სესხებით.

საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის, ამ ინსტრუმენტით გაცემული სესხების ნაშთი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 200.0 მლნ ლარით და 980.0 მლნ ლარს შეადგენს. თვის განმავლობაში გაიცემოდა მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხი, რომლის ნაშთი წინა თვესთან შედარებით არ შეცვლილა. საანგარიშო პერიოდში ბანკების წმინდა დავალიანების მოცულობა, თვის ბოლო მონაცემების მიხედვით, 199.8 მლნ ლარით გაიზარდა და 782.7 მლნ ლარს გაუტოლდა.

ზემოაღნიშნული ფულადი ნაკადების მოძრაობის ზეგავლენით, საანგარიშო პერიოდში სარეზერვო ფულის მაჩვენებელი 20.9 მლნ ლარით გაიზარდა. ნაღდი ფული მიმოქცევაში 32.4 მლნ ლარით გაიზარდა. საქართველოს ეროვნულ ბანკში კომერციული ბანკების ეროვნული ვალუტით განთავსებულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე ნაშთები 31.4 მლნ ლარით გაიზარდა და 297.7 მლნ ლარი შეადგინა. 43.0 მლნ ლარით შემცირდა კომერციული ბანკების ერთდღიან დეპოზიტებზე არსებული ნაშთები.

2016 წლის სექტემბერში, ფართო ფული M3-ის აგრეგატი 357.7 მლნ ლარით გაიზარდა და თვის ბოლო მონაცემის მიხედვით 14.31 მლრდ ლარი შეადგინა. წლიურმა ზრდის ტემპმა კი 9.1 პროცენტი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში, უცხოური ვალუტით დეპოზიტები 229.4 მლნ ლარით გაიზარდა და სექტემბრის ბოლოსთვის 8.10 მლრდ ლარს გაუტოლდა. ამავე პერიოდში 95.3 მლნ ლარით გაიზარდა ეროვნული ვალუტით განთავსებული დეპოზიტების ოდენობა და შეადგინა 4.01 მლრდ ლარი. ფართო ფული M2-ის მაჩვენებელი, საანგარიშო პერიოდში 2.1 პროცენტით (128.3 მლნ ლარით) გაიზარდა.