LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მინდა, ერთი ქეისი გამოვყო, სვეტიცხოვლის ეზოში დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება განათავსა“ – კუპატაძის თქმით, ბოლო პერიოდში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 41 პირია დაკავებული

318
Untitled design

თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სულ 41 პირი, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორი დააკავეს:

„ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია 10-ზე მეტი პირი, თუმცა ღონისძიება გრძელდება და დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამ პიროვნებებთან საკონტროლო შესყიდვა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, ასევე აღნიშნული შესყიდვის აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, ნარკორეალიზაციიდან მიღებული ფულადი თანხა, დაკავებულები არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები.

საზოგადოებას მინდა ვაცნობო, ჩვენ მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული ღონისძიებების შედეგები. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 41 პირია დაკავებული, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია. დაკავებულები არიან : იემენის, ნიგერიის, ეგვიპტის, ირანის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, როგორიცაა: „კოკაინი“, „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და ა.შ.“ – თქვა კუპატაძემ.

თეიმურაზ კუპატაძემ იმ ლოკაციებზეც ისაუბრა, სადაც ნარკოტიკული საშუალებები იყო განთავსებული:

„ალბათ, საზოგადოებამ იცის, რომ ნარკოტიკული საშუალებების განთავსება სხვადასხვა ლოკაციაზე ხდება, ეს არის – სადარბაზოები, სასაფლაოები, კვერები, პარკები და ა.შ. ყველა ასეთ შემთხვევაზე შესაბამის რეაგირებას ვახდენთ, სადაც ტექნიკური საშუალებები გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ამ ადამიანების იდენტიფიცირება და შემდგომში დაკავება ხდება.

მინდა, ერთი კონკრეტული ქეისი გამოვყო, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა [ნარკოტიკულ საშუალებას]. 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით.

დაკავებულია და გამოვლენილია ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი. ჩვენ მიერ რამდენიმე არის იდენტიფიცირებული, მაგრამ ამ ეტაპზე დაკავებულია სამი პირი.

სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსთავში, ქუთაისში, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში. კონკრეტულად ამ ლოკაციაზე (ფონიჭალა) დაკავებულია ერთი პირი, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები, რისი რაოდენობა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. მას ექსპერტიზა დაადგენს“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები