საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მცხეთა-თბილისის მუდმივმოქმედი ეპარქიული კომისიის სხდომაზე, მამა ანდრია სარიას განემარტა, რომ “მისი საქციელი განკვეთას ექვემდებარება.”
ჯაღმაიძე ამბობს, რომ რადგანაც კომისია გადაწყვეტილებას არ იღებს, რეაგირებისათვის ეს დასკვნა პატრიარქს გადაეცემა.
“ადრე მამა ანდრია სარიას შენიშვნა მიეცა, შემდგომში მას შეუჩერდა მღვდელმსახურება და ზუსტად იგივე ქცევების გამო, რა ქცევების გამოც მას მღვდელმსახურება შეუჩერდა, დღეს კომისია შედგა. მას განემარტა, რომ კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
როგორც მოგახსენეთ, მისი საქციელი ექვემდებარება განკვეთას. კომისია მიიღებს დასკვნას და რადგანაც კომისია გადაწყვეტილებას არ იღებს, რეაგირებისათვის ეს დასკვნა პატრიარქს გადაეცემა. მამა ანდრია სარიამ მშვიდად მოისმინა, კარგად გაანალიზა, რასაც კომისიის წევრები მას განუმარტავდნენ და ვნახოთ როგორი იქნება პატრიარქის გადაწყვეტილება, როგორი იქნება მამა ანდრია სარიას რეაქცია,” – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, მღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმოქმედება 2020 წლის 22 იანვარს აეკრძალა. საპატრიარქომ მიზეზად მის მიერ მასმედიის საშუალებით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები და დაუსაბუთებელი ბრალდებები დაასახელა.