მივდივართ თუ მოვდივართ – გზა, სადაც მძღოლმა საკუთარი ინტუიციით უნდა გამოიცნოს მოძრაობის მიმართულება. ქუთაისის შემოვლითი ავტობანი უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო, კიდევ ერთხელ მოხვდა ყურადღების ცენტრში.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს, რომ ცალმხრივმოძრაობიან გზაზე ავტომობილები ორივე მიმართულებით მოძრაობენ.
„ფორტუნა“ ვიდეოს ავტორს, ვასო ურუშაძეს, ესაუბრა.
“დაახლოებით ქუთაისი-ზესტაფონის მონაკვეთზე, მარცხენა ზოლში დაშვებული მაღალი სიჩქარით ვმოძრაობდით, მოულოდნელად საპირისპირო ზოლზე მომავალი ავტომობილი გამოჩნდა და ავტოსაგზაო შემთხვევას სწრაფი მანევრირებით გადავურჩით. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ეს არ იყო ერთეული შემთხვევა და საპირისპირო ზოლშიც მოძრაობდნენ ავტომანქანები. დავიწყეთ ვიდეოგადაღება, ანალოგიური ვითარება იყო ავტობანის მეორე ზოლზე და იქაც ორივე მიმარულებით მოძრაობდა ტრანსპორტი. არანაირი მაფრთხილებელი ნიშანი, რომ გზა ორმხრივმოძრაობიანად იყო გადაკეთებული, არ შეგვხვედრია. სიტუაციას არ არეგულირებდა არც საპატრულო პოლიცია,“ – უყვება „ფორტუნას“ ვიდეოს ავტორი.
სრული საგზაო განუკითხაობა ქუთაისის შემოვლით გზაზე !!!⚠
საავტომობილო გზების დეპარტამენტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia
Posted by Vaso Urushadze on 2017 წლის 10 ივნისი, შაბათი
რა მიზეზით შეიქმნა ავტობანზე საშიში საავარიო სიტუაცია, „ფორტუნა“ საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტობანის ქუთაისი-ზესტაფონის მონაკვეთი ივნისის ბოლოს ცალმხრივმოძრაობიანი გახდება და გზის საფარზე ცალმხრივი მოძრაობისთვის შესაბამისი ნახაზებია გაკეთებული. რაც შეეხება მაფრთხილებელი ნიშნების არარსებობას, რაზეც ვიდეოს ავტორი აკეთებს აქცენტს, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გზა ჯერ არ არის დასრულებული და ნიშნების დადგმაც ეტაპობრივად ხდება. მათივე ინფორმაციით, ვინაიდან გზა დასრულების პროცესშია, პერიოდულად ხდება მოძრაობის მიმართულებების გადართვა-გადმორთვა და ამ საკითხს საპატრულო პოლიცია არეგულირებს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, ამ დროისთვის ქუთაისის შემოვლითი ავტობანი, გზის სამუშაოების გამო, ცალმხრივად არის დაკეტილი, დასავლეთისკენ მიმავალი მანქანები ქუთაისის გავლით მოძრაობენ და ავტობანს სამტრედიის მონაკვეთზე უერთდებიან.
„ფორტუნა“ განმარტებისთვის საპატრულო პოლიციასაც დაუკავშირდა.
შსს პრესსამსახურის ინფორმაციით, „ავტობანის კონკრეტულ მონაკვეთზე, გზის დასაწყისშიც და ბოლოშიც ბეტონის ჯებირებია დალაგებული და საპატრულო პოლიცია 24-საათიან რეჟიმში პატრულირებს“.
თუმცა, ფაქტია, რომ ამ გზაზე, სადაც ამ გადართვა-გადმორთვის გამო, მოულოდნელი საფრთხეები იქმნება, არც ნიშნები დგას და არც პოლიცია ჩანს სადმე, რასაც გადაღებული ვიდეოც ადასტურებს. ასე რომ, ავტომობილის მძღოლებო, ავტობანის დასრულებამდე და საგზაო ნიშნებით საბოლოოდ აღჭურვამდე, თავად იყავით ყურადღებით, „მიდიხართ თუ მოდიხართ“.
თამუნა გოგუაძე