LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიწაში ჩაფლული სახლები და პირამოკერილი ქალები – შუქრუთელები უიმედო დახმარების მოლოდინში

722
-2021-06-07-19-06-41-311012
ფოტო: სალომე სარიშვილი

 

უკვე 8 სრული დღე გავიდა მას შემდეგ, რაც შუა ქალაქში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან 10 პირამოკერილი მოქალაქე შიმშილობს. ეს ადამიანები ჭიათურის რაიონის, სოფელ შუქრუთის მკვიდრები არიან, რომლებიც კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოების შედეგად დაზარალდნენ, ახლა კი შუქრუთში მხოლოდ უსაფრთხო ცხოვრებასა და მამა-პაპისეული საკარმიდამოსა თუ სახლების გადარჩენას, პროტესტის უკიდურესი ფორმით – მშრალი შიმშილობით ცდილობენ.

თავად „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ ისინი მოშიმშილეებთან კომუნიკაციას ცდილობენ და როგორც უკვე მოვისმინეთ, საკმაოდ წარმატებულადაც – კომპანია თავადვე ამბობს, რომ შუქრუთელებთან შეთანხმებას მიაღწიეს და მალე მათთვის სასურველ ხელშეკრულებას შესთავაზებენ.

„კონსტრუქციული დიალოგის შედეგად  მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცესი  მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლებს,“ – ამბობენ „ჯორჯიან მანგანეზში“ და იმასაც უმატებენ, რომ მიღწეულ შეთანხმებას  საბოლოოდ, იურიდიული ძალა ექნება. მათივე თქმით, მხარეებს შორის ხელმოწერის პროცესსა და მის აღსრულებას, ზედამხედველობას „ჯორჯიან მანგანეზი“ გაუწევს.

 

საიდან გაჩნდა შუქრუთელების პრობლემა

 

დასაწყისისთვის უნდა აღინიშნოს, რომ აქციის მონაწილეების განცხადებით, კომპანიას მათთან არავითარ შეთანხმებას არ მიუღწევია. შესაბამისად, ისინი არც აქციების შეწყვეტას ფიქრობენ და არც რაიმე ტიპის ხელშეკრულებების განხილვას, ვიდრე მათი მოთხოვნები სრულად არ დაკმაყოფილდება.

ახლა კი რაც შეეხება უშუალოდ პრობლემას – უმსხვილესი კომპანია, „ჯორჯიან მანგანეზი“ წლებია ჭიათურაში მადნის მოპოვებით სამუშაოებს აწარმოებს, თუმცა, უკანასკნელი 2 წელიწადია, საქმე გართულდა, ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რაც ამ უკანასკნელის სამუშაოებით გამოწვეულმა ზარალმა – მოსახლეობის სახლების ნგრევა და მიწაში ჩაფლობა გამოიწვია.

ყოველ შემთხვევაში, ამას ამბობენ დღეს საელჩოსთან შეკრებილი ადამიანები, მართალია მცირერიცხოვანი მასშტაბით, თუმცა ამასაც აქვს მიზეზები, რომელზეც ოდნავ ქვემოთ მოგიყვებით.

პროტესტის მონაწილეებისა და ორგანიზატორების თქმით, მადნის მოპოვების სამუშაოები სოფელში რამდენჯერმე შეწყდა, რადგან პრობლემა თვალსაჩინო გახდა – სახლებმა, ტაძარმა და სასაფლაოებმა მიწაში ჩაფლობა დაიწყო, რამაც ადგილობრივები აიძულა ქუჩაში გამოსულიყვნენ და საკუთარი წუხილი ხელისუფლებამდე მიეტანათ – შედეგიანად თუ უშედეგოდ, ესეც თვალსაჩინოა.

 

2 წელი უწყვეტი აქციებიდან და დანგრეული სახლები შუქრუთში

 

შუქრუთელების მძიმე ყოფაზე ია ასანიძე გვესაუბრა – ქალმა, რომელმაც პროტესტის უკიდურეს ფორმას თავადაც მიმართა და სიცოცხლის რისკის ფასად პირი ამოიკერა. ია, ახლაც, ამერიკის საელჩოსთან ზის – იმის იმედად, რომ ვინმე ყურადღებას მიაქცევს და შუქრუთში, საკუთარ სახლში, უსაფრთხოდ ცხოვრებას ისევ შეძლებს.

როგორც ის „ფორტუნას“ უყვება, მართალია კომპანიამ სამუშაოები გაცილებით ადრე დაიწყო, თუმცა, შუქრუთელების აქციები 2019 წლიდან მოყოლებული იმართება. როგორც ჩვენმა რესპონდენტმა გვითხრა, ეს უკვე რიგით მეოთხე აქციაა, რომელიც ახლა უკვე დედაქალაქში იმართება.

მისი სიტყვებით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანია „შუქრუთი +“ -ის („ჯორჯიან მანგანეზის შვილობილი კომპანია) წარმომადგენლებმა, აშკარად დაინახეს, რომ სახლები ინგრეოდა და მიწა ეცლებოდა. ეს კი, მისი თქმით, მადნის მოპოვებისთვის საჭირო გვირაბის გაყვანის სამუშაოებმა განაპირობა.

„ვიდრე სამუშაოები დაიწყებოდა, არც კომპანიის წარმომადგენელი და არც ვინმე სხვა, მოსახლეობასთან არ მოსულა, სამუშაოები თვითნებურად, ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩუმად დაიწყეს. ჩვენთან მას შემდეგ მოვიდნენ, რაც უკვე ნახეს, რომ ნგრევა დაიწყო – მაშინ, როცა ორმოები გაჩნდა და სახლებს ძირი გამოეცალა,“ – ამბობს ია.

 

 

აქციის ერთ-ერთი მონაწილე მიიჩნევს, რომ  წესით და კანონით, მას შემდეგ, რაც ეს პრობლემები გაჩნდა, კომპანია მოსახლეობასთან მაშინვე უნდა მოსულიყო და მთელი სოფლისთვის ზარალი აენაზღაურებინა.  „საუბარია „ჯორჯიან მანგანეზზე,“ ახლა უკვე სამუშაოებს, სხვა სახელწოდებით, შვილობილი კომპანიის დასახელების მქონე კომპანია აწარმოებს.

სავალალო შედეგები მაშინვე გაჩნდა და მოსახლეობაც გარეთ გამოვიდა, თუმცა, კომპანიას იმის აღიარება, რომ გვანგრევდნენ, ძალიან დიდ ხანს გაუგრძელდა. ფაქტობრივად, იძულებულნი გახდნენ, რომ ეღიარებინათ, რა ზარალიც მოსახლეობას მიაყენეს,“ – აღნიშნავს ია.

 

2 მილიონამდე გაცემული კომპენსაცია თუ მოსახლეობის გაჩუმების მცდელობა

 

კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ ჯერ კიდევ გასულ თვეში განაცხადა, რომ მოშიმშილე შუქრუთელების პროტესტი საზოგადოებაში შეცდომის შეყვანის მცდელობაა, რადგან მათი თქმით, კომპანიამ ადგილობრივებს, გასული წლის ივნისიდან მოყოლებული დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე ოდენობის კომპენსაციები უკვე გადაუხადა.

ომბუდსმენი და სოციალური სამართლიანობის ცენტრი შუქრუთელებისთვის კომპენსაციის სამართლიანი სტანდარტის განსაზღვრას ითხოვენ

„კომპენსაციების გაცემაც აქციების შედეგია, თორემ საერთოდ არ აწუხებდათ, ჩვენ რა მდგომარეობაში ვიყავით. სადაცაა სოფელს ძირს გამოუთხრიან და წავლენ თავიანთ გზაზე, ჩვენ კი მიგრანტებად გვაქცევენ. მერე ვის უნდა ვდიოთ?!

ამ აქციების მიმდინარეობის პროცესში კომპენსაციების სრულად მხოლოდ 12 ოჯახზე გაიცა. 2020 წელზე გვაქვს საუბარი, როდესაც აქციები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. როგორც კი შეწყდებოდა აქციები, კომპენსაციების გაცემას აგრძელებდნენ, თუმცა, არა ყველაზე,“ – გვიყვება ია ასანიძე.

როგორც ის ამბობს, კომპანია კომპენსაციებს მიწის ნაკვეთების შესაბამისად გასცემდა, თუმცა, ზარალის არაპროპორციულად.

„თითოეულ გლეხს 4500 კვ.მეტრი მიწა აქვს, ზოგსაც მეტი და რა გააკეთეს იცით? თითოეულ გლეხს მიწის ნაკვეთის შესაბამისად, 1კვ.მეტრზე 1 ლარი და 80 თეთრით აუნაზღაურეს. 5 ათას კვ.მეტრ მიწაზე 10 ათას ლარზე მეტი უწევს და მათ ჯამში 1000 ლარი გადაიხადეს.

და იმ მიწაზე რომ აღარც ვენახი დგას, აღარც ხეხილი და აღარც არაფერი, ეს სადმე ვინმემ იკითხა?! ყველაფერი რომ დაგვინგრიეს ეს სად წერია? ეს  2 მილიონიც ალბათ 1000 ლარობით დაარიგეს. ჩვენ მაგალითად 1 თეთრიც არ აგვიღია,“ – იხსენებს აქციის მონაწილე, ია ასანიძე.

 

აქციის მასშტაბები და შეშინებული შუქრუთელები

 

„ჩვენ მათ პრინციპს იდეოლოგიურად არ ვეთანხმებით. მათ უნდათ, რომ ზიანს, რომელსაც დღეს ხედავენ, მხოლოდ ის აანაზღაურონ, ხვალ რა იქნება ეს ვის რაში ადარდებს? როგორც გითხარით წავა მერე და დაიხურავს ქუდს, ამასობაში კი სახლების გარდა, მთელი სოფელი დაინგრევა – ეკლესიაც, სასაფლაოებიც და ყველაფერი, თუკი რამე სოფელში არსებობს, მხოლოდ გზას დატოვებენ,“ – ამბობს ია და იმ მოთხოვნებზე გვესაუბრება, რომელიც შუქრუთელებს ამჟამად აქვთ.

 

 

„ჩვენ ვითხოვთ ადეკვატურ კომპენსაციებს – საიდანაც მარგანეცი გამოაქვთ, იმისი ჩანაცვლებითი ღირებულება უნდა გადაიხადონ, ახლა რაც ზიანი მოგვაყენა და რაც თვალში საცემია, მხოლოდ ეს კი არა.

ის, რაც ახლა ზიანდება, იმის ადეკვატური მე სხვა მიწაზე უნდა ავაშენო – იქნება ეს სახლი, ხეხილის ბაღი თუ სხვა რამ, ამას კანონი ითვალისწინებს. ამას ვითხოვთ ჩვენ, თორემ თუ ყველაფერი დაანგრიეს და მოსპეს, რა საბაზრო ღირებულებაზე გველაპარაკებიან?!“ – დასძენს ია ასანიძე.

შუქრუთში მიმდინარე შიმშილობის აქციას ქალებიც შეუერთდნენ და პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერეს

 

„ვერ წარმომედგინა 1 თვის მშიერი ადამიანის ბედს თუ გავიზიარებდი.“

 

ეთერ გაფრინდაშვილი ასევე აქციის მონაწილე ქალია, მან გადაწყვიტა, თანამებრძოლების მსგავსად პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიემართა და პირი ამოიკერა. ამბობს, რომ მხოლოდ ამ ფორმით შეიძლება მისი წუხილი გამოხატოს და იმედს იტოვებს, რომ ვინმე მათ მიმართ გულისხმიერებას გამოიჩენს – სულ მცირე, მოუსმენს და პრობლემის გადაჭრის გზის პოვნაში დაეხმარება.

 

„არ ვიცი, რით უნდა შეფასდეს ის წამება, წვალება, უსამართლობა, იგნორირება, სასოწარკვეთა და სიკვდილის თვალებში ჩახედვა, რასაც მე აქ განვიცდი. ვერ წარმომედგინა 1 თვის მშიერი ადამიანის ბედს თუ გავიზიარებდი, მაგრამ დღეს მეც ფაქტის წინაშე აღმოვჩნდი, მეტი რა უნდა გითხრათ, არ ვიცი,“ – უთხრა „ფორტუნას“ ეთერ გაფრინდაშვილმა.

ჩვენი რესპონდენტები მათი რაოდენობის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ გვიყვებიან, რომ აქამდე მოსვლაც შიშისა და მუქარის ფონზე მოუწიათ. ამბობენ, რომ ჭიათურის მოსახლეობის 80% „ჯორჯიან მარგანეზშია“ დასაქმებული და შესაბამისად, მათი მონათხრობით, ეს ხალხი მათთან ვალშია.

„შესაძლოა, ზოგიერთი მათგანი მოსყიდულებიც არიან და ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. ცოტა ხანში, ყველა დაინახავს, რამდენი ვყოფილვართ – აქ კი არა, რაიონში, როცა ნახავენ, რომ რესურსი ამოიწურა. რაღაც გზებით აქამდე ხომ აჩუმებდნენ ხალხს, ახლა ეს ნელ-ნელა ამოიწურება. რაღაცის გამო რომ სხედან მათთან და ჩვენთან არა, ეს ფაქტია და მეტი რაღა უნდა ვთქვათ,“ – გვითხრა ეთერმა.

 

61 წლის პროტესტანტი ქალი

 

ვერა კუპატაძემ პროტესტის ნიშნად პირი 2 კვირის წინ ამოიკერა. როგორც ის იხსენებს, მთელი ამ დროის განმავლობაში იყო შანტაჟი, მუქარა, რომ პროტესტს თუ არ გამოეთიშებოდა, ათას სიბინძურეს გააკეთებდნენ, მაგრამ ვისი დავალებით ემუქრებოდნენ ვერას, ეს ჯერ არ იცის.

ამბობს, რომ საკუთარი რძლის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გასაჯაროებითაც დაემუქრნენ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ვერა ამ სატელეფონო ზარს აბსურდულს უწოდებს, ამბობს, რომ გამოძიებას ბოლომდე მაინც მიიყვანს.

შუქრუთელების აქციის მონაწილეს რძლის ინტიმური კადრების გავრცელებით დაემუქრნენ

ვერა კუპატაძის განცხადებით, მან მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა, გადასცა ნომერიც, საიდანაც დაურეკეს და დაემუქრნენ, თუმცა მისივე თქმით, პოლიციას არანაირი რეაგირება არ ჰქონია.

„პოლიციას მივმართე და როცა რეგიონში დავბრუნდები, ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, აუცილებლად საკადრისს პასუხს მიიღებენ ის ხელის ბიჭები, ვინც ვიღაცის დაკვეთას ასრულებენ – რის სანაცვლოდ, ეს კიდევ გამოსარკვევია. ასე მარტივად ვერ დამაშინებენ.

ვსაუბრობ ადგილობრივ ადამიანებზე, რომელთაც უხდიან, რომ არ ჩატარდეს აქციები, არ ჩაიკეტოს მაღარო და ა.შ. მე არ ვიცი, ამ ყველაფრის დამკვეთი ვინ არის, ხელს ვერავის დავადებ, მხოლოდ ფაქტებს გიყვებით,“ – უყვება „ფორტუნას“ ვერა კუპატაძე.

მისი სიტყვებით, სოფელი გახლეჩილი და შუაზე გაყოფილია. ამის მიზეზი კი მისი თქმით, შეშინებული ხალხია, რომელიც ხმის ამოღებას საჯაროდ ვერ ბედავს.

 

 

„ჯერ ადრეა და ცოტა ხანში ყველაფერზე კიდევ ღიად ვისაუბრებთ – ხალხი რომ დაგვიპირისპირეს, მაღაროს ჩაკეტვის გამო შეურაცხყოფას რომ გვაყენებდნენ, ბოლოს ცემაზეც რომ გადმოვიდნენ და არც ქალები დაინდეს, მაგასაც მოვყვებით. თუ ამ ხალხს არავინ არაფერს უხდის, მაშინ რისი გულისთვის აკეთებენ ამას? – საკუთარ თანასოფლელებს ასე, უბრალოდ უპირისპირდებიან? ამის ვის სჯერა?!“ – ამბობს ვერა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ მათ მიმართ არანაირი გულისხმიერება არ გამოიჩინა, დედაქალაქში ჩამოსვლა და პროტესტის აქ გაგრძელება გადაწყვიტეს.

„არავინ შეგვხმიანებია, სხვა გზა არ არის“- დღეიდან შუქრუთელები მშრალ შიმშილობაზე გადავიდნენ

„გვაქვს ქალბატონი ელჩის იმედი და ველოდებით, რომ ვინმე ყურადღებას მოგვაქცევს. 8 დღე გავიდა და ჯერ აქ, მთავრობის ერთი წარმომადგენელიც კი არ მოსულა, რომ ამბავი მაინც ეკითხა.

ეს ხალხი ჩვენ ავირჩიეთ, რადგან გვინდოდა ისეთ სახელმწიფოში ცხოვრება, სადაც ხმის ამოღების არ შეგვეშინდებოდა. ახლა კი რა ხდება? – აღარც სასამართლოა სამართლიანი და აღარც ადამიანის უფლებები აინტერესებს ვინმეს. სად მომხდარა ასეთი რამ, რომ ქალებს პირი ამოეკერათ? ეს სახელმწიფოა? აქ ადამიანები აინტერესებთ?

 

 

ან საერთოდ რა სამართალზე ვსაუბრობთ, როცა ადგილობრივი პოლიციელები ღამის 4 საათზე, სახლებში გაუფრთხილებლად გვიცვივდებოდნენ და მერე გვეუბნებოდნენ – უი, ბოდიში, სახლი შეგვეშალაო? – ეს მხოლოდ ჩვენი დაშინების მცდელობა იყო, მაგრამ არ დავნებდებით,“ – გვეუბნება ვერა.

 

ზეწოლა აქციის მონაწილეებზე

 

პროტესტის ყველაზე აქტიური მონაწილე და ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი ნეფარიძე კი, აქციების პარალელურად მიმდინარე მოვლენებზე გვესაუბრა და გვითხრა, რომ მათი ხმამაღალი გამოსვლების გამო, ადგილობრივი სამართალდამცველების მხრიდან ზეწოლისა და მუქარის მსხვერპლი გახდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ვერ შეაშინეს.

როგორც გიორგი გვიყვება, გასულ წელს, აქცია 100 დღეზე მეტხანს გაგრძელდა. 14 თებერვალს დაიწყეს და ივნისში შეწყვიტეს, რის შემდეგაც მასზე ზეწოლა დაიწყო.

გიორგიმ შპს „შუქრუთი +“-ის პირობაც გაიხსენა, როცა კომპანიამ თქვა, რომ  მოსახლეობის ზარალს 6 თვეში შეისწავლიდა და კომპენსაციებს გასცემდა, თუმცა, ეს დანაპირები არ შესრულდა.

აქციის მონაწილის სიტყვებით, დაგეგმილი იყო შუქრუთში მცხოვრები 285-ვე ოჯახის მდგომარეობის აღწერა, ზარალის დაანგარიშება, გადახდის გრაფიკის შედგენა და მოსახლეობისთვის გაცნობა, თუმცა ეს გეგმაც უშედეგოდ დასრულდა.

„25-ე დღეა რაც აქციები დავიწყეთ, პირი ამოვიკერეთ და ახლა უკვე პროტესტს თბილისში ვაგრძელებთ.  მე-8 დღე გავიდა, რაც შეერთებული შტატების საელჩოსთან გადმოვინაცვლეთ და მშრალი შიმშილობა დავიწყეთ.

სიმართლე გითხრათ, მოლოდინზე საუბარი ძნელია მანამ, სანამ ეს პრობლემები რეალურად არ გადაიჭრება. სანამ ეს არ მოხდება, არსად წასვლას ვაპირებთ, არც პროტესტს შევწყვეტთ და არც შიმშილობას. ყველანი ერთად ვნახავთ აქ მოვლენები როგორ განვითარდება,“ – ამბობს გიორგი ნეფარიძე.

 

მამაკაცებისთვის მოსასვენებელი ადგილი, რომელიც აშშ-ს საელჩოსთან მდებარე შენობის სარდაფის შესასვლელია, ქალებს კი ღამით მარშრუტკაში სძინავთ.

 

 

სად არის ხელისუფლება?

 

„ყველაზე სამწუხარო ამ ამბიდან კი ისაა, რომ ხელისუფლებას ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად, ჩვენი მიწებისა და საკარმიდამო ადგილების დათმობა არ აწუხებს. დაზიანდა ტაძარი, სასაფლაოები რომ აღარაფერი ვთქვათ, ჩვენს სახლებზე, ძალიან მძიმე მოსაყოლია. ეს ყველაფერი „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებულმა სამუშაოებმა გამოიწვია.

სოფელში ნგრევის პროცესი უკვე დაწყებულია და მისი შეჩერება შეუძლებელია, რადგან კომპანია 24 საათიან რეჟიმში, ფაქტობრივად უწყვეტად, სამუშაოებს კვლავ აგრძელებს, რომლის მასშტაბი და პროცესი უფრო და უფრო მეტად იზრდება,“ – უთხრა „ფორტუნას“ გიორგი ნეფარიძემ.

მისი თქმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელისუფლება ადგილზე სამშენებლო ნებართვებს აღარ გასცემს, ხოლო მათ, ვინც ნებართვის გარეშე, კერძო საკუთრებაში რაიმე ტიპის მშენებლობა დაიწყო, ბოლომდე ვერაფერს მიიყვანს, რადგან შუამდე მიყვანილი მშენებლობა უკვე ინგრევა.

„ჩვენ კი ამ დროს გამოუვალ მდგომარეობაში ვართ და ამ სიტუაციაში ჩვენგან დამოუკიდებლად ჩაგვაგდეს, როცა კომპანიამ ჩვენგან დამოუკიდებლად 2017 წელს ფართომასშტაბიანი სამუშაოები დაიწყო,“ – იხსენებს გიორგი.

 

„მამა-პაპისეული სახლების ნგრევა არც ერთი მატერიალური ღირებულების სანაცვლოდ არ გვიღირს.“

 

ნეფარიძის მონათხრობით, მანამდე მხოლოდ შუქრუთის მაღარო ფუნქციონირებდა, რომელიც მადანს აბსოლუტურად სხვა პრინციპითა და მეთოდოლოგიით მოიპოვებდა, ხოლო როდესაც ამის შემდეგ, სახელმწიფო, სპეციალური მმართველი დაინიშნა, სოფელ შუქრუთში ახალი, მასშტაბური სამუშაოები დაიწყო – გაიყვანეს 15 ახალი გვირაბი.

 

 

„მთელი სოფელი წრეში მოაქციეს, ამის შემდეგ, დაახლოებით 2 წელიწადში შუქრუთის ნგრევა დაიწყო. სახლები 2 მეტრის სიღრმეში ჩაეფლო, ზოგი წინ გადაყირავდა, ზოგი უკან, ზოგიც საერთოდ შუაზე გაიხლიჩა და ა.შ

ამ პროცესის შეჩერება ახლა შეუძლებელია, ეს რომ ჩვენთვის ვინმეს ეკითხა, მამაპაპისეული სახლის განადგურებას არავინ დათანხმდებოდა. ჩვენ ეს არც ერთი მატერიალური ღირებულების სანაცვლოდ არ გვიღირს, დღეს კი გამოუვალ სიტუაციაში ვართ, ამიტომაც ზარალის ადეკვატურად გადათვლასა და ხელშეკრულებების კანონიერად შედგენას ვითხოვთ. იმისთვის, რომ მომავალში ცხოვრებისა და სიცოცხლის გაგრძელება შევძლოთ,“ – ამბობს გიორგი.

 

 

პასუხი „ჯორჯიან მანგანეზს“ და სამართალდამცველების წნეხი პროტესტანტებზე

 

გიორგი ნეფარიძის აზრით, კომპანია ტელეეთერების მეშვეობით გამოდის და მხოლოდ იმაზე საუბრობს, რაც მისთვის იმ მომენტში ხელსაყრელია, რაც მისი თქმით, სიცრუეა.

„ოფიციალურად, ყველა დაინტერესებულ ჟურნალისტს შეუძლია გამოითხოვოს და გაასაჯაროოს კომპანიის მიერ შედგენილი ხელშეკრულებები, ნუ გამოიტანენ სახელებს და გვარებს, უბრალოდ ხელშეკრულებები გაჩვენონ და აჩვენონ ხალხს, რაზე საუბრობენ. დაწყებული ჩვენი საპროტესტო აქციებიდან, დღემდე ყველაფრის საჯაროობას ვითხოვთ, რადგან ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს,“ – აღნიშნავს „ფორტუნასთან“ საუბრისას გიორგი ნეფარიძე.

მისი აზრით, კომპანიას სხვა მეთოდები აქვს – იმის ნაცვლად, რომ პასუხისმგებლობა აიღოს და ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში განიხილოს, აბსურდზე საუბრობენ.

„ჩვენს შესაშინებლად აბსურდული საქმეები გამოიგონეს, სისხლის სამართლის საქმეები შეგვითითხნეს და დღეს რამდენიმე ადამიანი გირაოს სანაცვლოდაა თავისუფალი. ეს ადამიანები არაფერს ერიდებიან – არც მუქარას, არც შანტაჟს, მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით და საკუთარი სიცოცხლის ფასად ვიბრძოლებთ.

იმისთვის, რაც კანონითა და კონსტიტუციით გარანტირებული გვაქვს. სამწუხაროდ, ჭიათურა ერთ-ერთი კარგი მაგალითია იმისა, როგორ არ ადარდებს კომპანიას ქვეყნის კანონი და კონსტიტუცია. აქვს განუსაზღვრელი ძალაუფლება და აკეთებს იმას, რაც თავად მოესურვება,“ – ამბობს ნეფარიძე.

 

რა როლი აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას?

 

აქციის მონაწილე და ორგანიზატორი ამბობს, რომ წლებია უკვე ამ პროცესში ცენტრალური ხელისუფლების ჩართვას ცდილობენ, თუმცა, დღემდე მათთან არავინ მისულა და არც არავინ დაკავშირებიათ.

„არათუ პრობლემის გადაჭრის გზებზე სასაუბროდ, არამედ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოსაკითხადაც კი არავინ მოსულა. 2 წლის მანძილზე რისკის ქვეშ გვიწევს ცხოვრება და არც ეს აინტერესებს ვინმეს.

მთელი ამ დროის მანძილზე, ჩვენ კარვებში – მტვერსა და ნაგავში საკუთარი უფლების – ჩვენი საკარმიდამოსა და მამაპაპისეული სახლებისთვის ბრძოლა გვიწევს,“ – აღნიშნავს გიორგი.

მისი თქმით, ამა წლის 16 თებერვალს, მოსახლეობამ სოფელში არსებული ყველა მაღაროს მუშა პროცესის შეჩერება კანონის თანახმად მოითხოვა.

როგორც გიორგი იხსენებს, ეს ასეც მოხდა, თუმცა სამუშაოების შეჩერებას, წინ ადგილობრივი სამართალდამცველებისა და პოლიციის უფროსის მხრიდან ზეწოლა და მუქარა მოჰყვა.

აქვე, ცნობისთვის გეტყვით, რომ გიორგი ნეფარიძის გარდა, ამავე აქციის კიდევ სამი მონაწილის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს. მათ სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებენ.

„ეს ყველასთვის ცნობილი იყო, მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, ადგილობრივი პოლიციისა და კომპანიისთვის და იცით, ამას წინ არ უძღოდა?  წინა ღამით 4 ოჯახში ადგილობრივი პოლიციის უფროსი, თავის მოადგილეებთან და თანამშრომლებთან ერთად დარბოდა და გვაშინებდა, რომ აქამდე არ მოვსულიყავით. მერე თქვეს, რომ სახლები შეეშალათ და ამით ამოიწურა ყველაფერი.

რეალურად, ხომ ყველამ ვიცით, რომ ეს დაშინების მცდელობა იყო და მეტი არაფერი. მას შემდეგ, როცა 16 თებერვალს მაღაროებში მუშა პროცესი შეწყდა, პოლიციის შენობაში გადამიყვანეს და გამომძიებლისა და პოლიციის უფროსის, ფილიპონ აბრამიშვილის მხრიდან პირდაპირი ზეწოლა მოდიოდა.

მეუბნებოდნენ, რომ თუ ჩემს მეგობრებს და აქციის მონაწილეებს არ შევუთვლიდი – კომპანიას მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცით-მეთქი, თავს დავიღუპავდი და ციხეში დიდი დროის გატარება მომიწევდა, რადგან თურმე ჩემს სახლში იარაღს, ნარკოტიკს და ათას სიბინძურეს იპოვნიდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს ვერ შეძლეს. ხალხს ოფიციალურად აშინებდნენ და ევაჭრებოდნენ,“ – იხსენებს გიორგი ნეფარიძე.

მისი თქმით, ამის შიშით იყო, რომ „12-მა ადამიანმა რაღაც ბუნდოვან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.“ როგორც აქციების ორგანიზატორი ამბობს, კომპანიამ ადგილობრივებიც შეისწავლა და თუკი ვინმეს უჭირდა 2 ათასი და 5 ათასი ლარის სანაცვლოდ, ხელშეკრულებებს აწერინებდნენ.

„ჯამში ასეთი მგონი 30-იდან 35 ადამიანამდეა, რომელთაც სრულიად ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულებები გაუფორმეს, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ სახლები მიწასთან რომც გაუსწორონ, მათ არაფრის უფლება რჩებათ. სამწუხაროდ, დღეს ასეთი ადამიანები ხმას ვერ იღებენ.

სოფლის მოსახლეობის 80% ასეთი შიშისა და მუქარების გამო, მწარედ მოტყუებულია, რადგან „ჯორჯიან მანგანეზსს“ რეგიონში უზარმაზარი გავლენები აქვს, ამიტომაც ხმის ამოღებას ვერ ბედავენ,“ – აღნიშნავს გიორგი.

 

 

„დავრჩებით თუ არა ცოცხლები ამ პირობებში, ამას მომავალი აჩვენებს.“

 

„სამწუხაროდ, 2019 წლიდან დღემდე, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას უშედეგოდ ვთხოვთ, ამიტომ იძულებულნი გავხდით, დღეს, აქ წვიმასა და შიმშილობაში ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს იმედი გვქონოდა, სწორედ ამიტომ დღეს ამერიკის საელჩოსთან მშრალ შიმშილობას ვაგრძელებთ.

ვერავინ 2 წლის განმავლობაში, სახელმწიფო ინსტიტუტის ვერც ერთმა წარმომადგენელმა მოიცალა, რომ ჩვენამდე მოსულიყო და მოესმინა რაზე ვწუხვართ.

გვინდა, რომ ქალბატონი დეგნანი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზსა“ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობაში დაგვეხმაროს.

ვცდილობთ შეხვედრის ორგანიზებას სახალხო დამცველის ოფისთან და იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც შუქრუთის მცხოვრებლების დახმარებას შეძლებენ: კელი დეგნანი

ყველანი ერთად ვნახავთ რა იქნება – ან ხელისუფლება გამოიჩენს გულისხმიერებას და ან კვლავ უგულებელყოფას განაგრძობს. დავრჩებით თუ არა ცოცხლები ამ პირობებში, ამას მომავალი აჩვენებს,“- უთხრა „ფორტუნას“ გიორგი ნეფარიძემ.

 

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ მოლაპარაკების გზებს ეძებს

 

„6 ივნისის მოლაპარაკებები წარმატებით  დასრულდა,“ – ეს განცხადება კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ მას შემდეგ გაავრცელა, რაც აქციის მონაწილეებთან, რომლებზეც ზემოთ უკვე გიამბეთ, შეხვედრა გამართა.

გუშინწინ, ოფიციალური განცხადება კომპანიამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ “ჯორჯიან მანგანეზის” დირექტორთა ბორდის წევრის, თემურ ხონელიას მედიატორობით, პროტესტის მონაწილეები კომპანია „შუქრუთი+“- ის  შეთავაზებას დათანხმდნენ.

„დღეს  მხარეებმა მოლაპარაკებები რამდენჯერმე გამართეს. კონსტრუქციული დიალოგის შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცესები  მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლებს. მიღწეულ შეთანხმებას  საბოლოოდ იურიდიული ძალა ექნება. ხელმოწერის პროცესსა და მის აღსრულებას კი, მონიტორინგს „ჯორჯიან მანგანეზი“ გაუწევს,“ – აღნიშნულია კომპანიის მიერ 6 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც კომპანიის პრესსამსახურში „ფორტუნას“ უთხრეს, სხვა კომენტარს ჯერჯერობით ვერ გააკეთებენ, ვინაიდან ახლა პროტესტანტებთან მოლაპარაკების ეტაპზე არიან. ისიც გვითხრეს, რომ შეთანხმების გამო, პროტესტს 4 მონაწილე გამოეთიშა, რაც თავად შუქრუთელებმა არ დაგვიდასტურეს.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები