LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანი აღიარება უკვე მეორედ: თსუ-ს “საჯარო მმართველობის” სამაგისტრო პროგრამამ FIBAA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა

111
1

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ინგლისურენოვანმა ინტერდისციპლინურმა სამაგისტრო პროგრამამ – “საჯარო მმართველობამ”, უკვე მეორედ, საერთაშორისო აკრედიტაციის სააგენტოს FIBAA-ს საერთაშორისო აკრედიტაცია მოიპოვა, შვიდი წლის ვადით შენიშვნების გარეშე.

პროგრამა სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქალაქ შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგია და ის უკვე 11 წელია ხორციელდება. 

პროგრამამ საერთაშორისო აკრედიტაცია FIBAA-ს სააკრედიტაციო სააგენტოს მიერ პირველად 2015 წელს მიიღო და როგორც თსუ-ში აღნიშნავენ, ეს იყო უპრეცენდენტო მოვლენა ქართული საგანმანათლებლო სივრცისთვის.

როგორც თსუ-ში აცხადებენ, “საჯარო მმართველობის” მთავარი მიზანი სახელმწიფო მმართველობის სფეროში თეორიულ და პრაქტიკულ პროფესიულ სწავლებაზე დაყრდნობით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრების, მომავალი საჯარო მოხელეების მომზადებაა.

?  პროგრამის პირველ წელს განსაზღვრულია სტუდენეტების პრაქტიკა საქართველოს საჯარო სამსახურში, ხოლო მეორე წელს ორკვირიანი მივლინება ქალაქ შპაიერის საზაფხულო სკოლაში, რასაც წინ უსწრებს 8-კვირიანი პრაქტიკა ევროკავშირის ერთ-ერთი სახელმწიფოს საერთაშორისო დაწესებულებაში და ხარჯები იფარება თავად ამ პროგრამის მხრიდან.

პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესზე, ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის ფუნქციებზე, მასთან თანამშრომლობაზე, პროგრამის დანიშნულებასა და მასში ჩართულ მიზნობრივ ჯგუფებზე რადიო “ფორტუნას” ეთერში თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა თამარ ზარანდიამ ისაუბრა.

როგორც თამარ ზარანდია აღნიშნავს, წელს იურიდიულმა ფაკულტეტმა და იმ გუნდმა, რომელიც აკრედიტაციის პროცესზე მუშაობდა,  ძალიან დიდი შრომა გასწია, რომ ეს შედეგი განმეორებულიყო. მისი თქმით, ეს არის აკრედიტაცია შენიშვნების გარეშე:

“2009 წლიდან ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეს პროგრამა, ქალაქ შპაიერის გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან ერთად, ეს არის ინტერდისციპლინური, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა – “საჯარო მმართველობა”.

ამ პროგრამამ პირველად 2015 წელს მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია ფიბბას სააკრედიტაციო სააგენტოს მიერ, რაც უპრეცენდენტო მოვლენა იყო ქართული საგანმანათლებლო სივრცისათვის, პირველ ჯერზეც ეს იყო აკრედიტაცია ყოველგვარი შენიშვნების გარეშე და წელს იურიდიულმა ფაკულტეტმა და იმ გუნდმა, რომელიც მუშაობდა აკრედიტაციის პროცესზე, მართლაც ძალიან დიდი შრომა გასწია, რომ ეს შედეგი განმეორებულიყო და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ კვლავ გვაქვს საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამა და ეს იყო შენიშვნების გარეშე აკრედიტაცია.” – განაცხადა პროფესორმა.

თამარ ზარანდია აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტს ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს საჯარო მოხელეთა მომზადებასა და გადამზადებაში, რაც ეხმარება ქართულ პროგრამასაც, იყოს წარმატებული როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე:

“ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამ პარტნიორობით, რომელსაც საფუძველი უნივერსიტეტის იმჟამინდელმა რექტორმა პროფესორმა გიორგი ხუბუამ და პროფესორმა კარლ პეტერ ზომერმანმა ჩაუყარეს. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი მართლაც ძალიან მაღალი ავტორიტეტის და საერთაშორისო კონტაქტების მქონე უნივერსიტეტია, რომელიც ორიენტირებულია ადმინისტრაციული მეცნიერებების კვლევაზე.

შპაიერის უნივერსიტეტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა თავად გერმანიისთვისაც. ის ფინანსდება გერმანიის ყველა ფედერალური მიწის მიერ და ამ უნივერსიტეტს მართლაც ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს საჯარო მოხელეთა მომზადებასა და გადამზადებაში, რაც ძალიან ეხმარება ჩვენს პროგრამასაც, იყოს წარმატებული როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.” – ამბობს “ფორტუნასთან” საუბარში ზარანდია.

თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ასევე საუბრობს პროგრამაში ჩართულ მიზნობრივ ჯგუფებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ეს პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს:

“სამაგისტრო პროგრამის – “საჯარო მმართველობის” მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის სფეროში თეორიულ და პრაქტიკულ პროფესიულ სწავლებაზე დაყრდნობით ევროპული სტანდარტების შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრების, მომავალი საჯარო მოხელეების მომზადება.

პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები შეისწავლიან საჯარო მოხელეებისათვის აუცილებელ ეროვნულ და საერთაშორისო სამართლებრივ რეგულაციებს, ეკონომიკურ სტანდარტებს, ევროპულ სამართლებრივ სისტემაში ევროკავშირის მმართველობის ინტეგრირების პროცესებს, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვისა და სხვა ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს.

პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს ქმნიან სამართალმცოდნეობის, ეკონომიკური და სოციალური და სხვა მეცნიერებების კურსდამთავრებულები, თავად პროგრამა განკუთვნილია არა მარტო იმ პირთათვის, რომლებსაც სურთ პროფესიულ საქმიანობაში ჩართვა, არამედ მათთვისაც, ვინც უკვე ეწევა პროფესიულ საქმიანობას საჯარო სამსახურში და ესაჭიროება გადამზადება ან კვალიფიკაციის ამაღლება.” – განაცხადა თამარ ზარანდიამ.

მისივე თქმით, სასწავლო პროგრამა მოდულარულად 5 სემესტრზე არის გაწერილი, ლექციები ტანდემ-ფორმატში ტარდება, რაც გერმანელი და ქართველი პროფესორების მიერ ერთობლივი სალექციო კურსების მომზადებასა და შეთავაზებას გულისხმობს.

magti 5g