LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ვაწარმოეთ იმისთვის, რომ დიდი ქართველი ხელოვანის, ფიროსმანის შემოქმედების ევროპისთვის გაცნობა გაგრძელდეს: თეა წულუკიანი

145
თეა წულუკიანი

ბაზელის ბეილერის ფონდსა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შორის თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები გაიმართა.

“მნიშვნელოვანი და კონკრეტული მოლაპარაკებები ვაწარმოეთ დღეს ბაზელში, კულტურის სამინისტრომ და ეროვნული მუზეუმის ახალმა ხელმძღვანელობამ იმისთვის, რომ რამდენიმე წლის წინ დასავლეთ ევროპაში დაწყებული დიდი პროცესი, რაც გულისხმობს დიდი ქართველი ხელოვნის, მხატვრის, ფიროსმანის შემოქმედების  ევროპისთვის გაცნობა გაგრძელდეს. ვგულისხმობ იმ 150 ნახატს, რომელსაც სჭირდება ექსპერტიზა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა იმისთვის, რომ ეს შემოქმედება შემოინახოს მრავალი წლის მანძილზე მომავალ თაობას,” – აცხადებს თეა წულუკიანი.

კულტურის მინისტრი და მუზეუმის დირექტორის მოადგილე ბაზელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი ბაზელში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ, სადაც ბეილერის ფონდსა და ეროვნულ მუზეუმს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები ბეილერის ფონდის დირექტორის, სამუელ კელერის მონაწილეობით გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბეილერის ფონდი მზადაა, 2023 წლის შემოდგომაზე, მუზეუმის საგამოფენო სივრცის ერთი ნახევარი ფიროსმანის გამოფენას დაუთმოს, ხოლო მეორე ნაწილში, ფიროსმანის შემოქმედებისადმი მისი განსაკუთრებული დამოკიდებულების გამო, პიკასოს ნამუშევრების ექსპოზიცია მოაწყოს. ამასთან, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში შემავალ მუზეუმებთან თანამშრომლობის სურვილს გამოხატავს კოპენჰაგენის ლუიზიანას მუზეუმიც.

ცნობისთვის ბეილერის ფონდი შვეიცარიის ყველაზე პოპულარული მუზეუმია და ის მსოფლიოში მაღალი რეპუტაციით სარგებლობს. ფონდის კოლექციებშია მსოფლიოს 400-მდე ყველაზე ძვირად ღირებული ნამუშევარი, მათ შორის, პიკასო, მონე, სეზანი, მონდრიანი, ჯიაკომეტი, რუსო, ვარჰოლი და სხვ. ფონდის საგამოფენო დარბაზები არქიტექტორ რენძო პიანოს პროექტის მიხედვითაა აშენებული. ფონდის პოლიტიკის თანახმად, თითოეული გამოფენა იმავდროულად საგანმანათლებლო პროექტიცაა და ბავშვებსა და ახალგაზრდებში დიდ დაინტერესებას იწვევს.

ბაზელში სამუშაო შეხვედრა ინფინიტარტის ფონდის ინიციატივით გაიმართა, რომელიც 2019-2020 წლებში ვენაში, ალბერტინის მუზეუმში ფიროსმანის გამოფენის მთავარი ორგანიზატორი იყო. მოცემული გამოფენა ალბერტინის მუზეუმის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გამოფენად იქნა შეფასებული. https://www.albertina.at/en/exhibitions/niko-pirosmani/

კულტურის მინისტრმა ბეილერის ფონდის წარმომადგენლებსა და ინფინიტარტის ფონდის ხელმძღვანელს, ადრიან ბარსანს საინტერესო ინიციატივისა და ქართული კულტურით დაინტერესებისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართული მხარის სურვილია, ნებისმიერი საერთაშორისო გამოფენა არა მხოლოდ ექსპონატებისა და ხელოვნის პოპულარიზაციას, არამედ ქართული მუზეუმის გაძლიერებას, გამოფენილი ნამუშევრების გამოკვლევასა და პრევენციულ კონსერვაციას, თანამშრომელთა ტრენინგსა და კომპეტენციის გაცვლას ისახავდეს მიზნად. შეხვედრის შედეგად შეთანხმდა, რომ მხარეები ფართო და გრძელვადიანი თანამშრომლობის ტექსტზე ერთობლივად იმუშავებენ, რაც საქართველოს მუზეუმების ინსტიტუციური გაძლიერებისა და ფონდებში დაცული ექსპონატების სათანადო კონსერვაციის საქმეში წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

mazda magti 5g