აქცია #ჩვენვიცავთმოძრაობისწესებს გრძელდება. ამჯერად მთელი ყურადღება ქუთაისზეა მიპყრობილი, სადაც თბილისის და მარნეულის შემდეგ, კიდევ ერთი ზებრაგადასასვლელი მოიხატა. ინფორმაციას მოხატული ზებრაგადასასვლელის შესახებ ტრადიციულად გოგა ჩანადირი საკუთარი სოც-ქსელის გვერდზე აქვეყნებს:
”ქუთაისის მერი შოთა მურღულია ნამდვილად თანამედროვე და ინიციატივიანი მერი აღმოჩნდა და შესაბამის უწყებებს შემოქმედებითი ზებრახაზის მოსახატად მიმართა. წუხელ, მერიის წინ გადასასვლელი გვირილებით მართლაც დამშვენდა.
ეს ყვავილი ქუთაისობასთან არის დაკავშირებული, რომელსაც გვირილობა ჰქვია და ორ მაისს აღინიშნება (ქუთაისში მე20 საუკუნის დასაწყისში ტუბერკულოზით დაავადებულთათვის ყოველ წელს 1 რომელიმე რჩეული ქალბატონი ფულს გიმნაზიელ გოგო-ბიჭთან ერთად აგროვებდა და ქველმოქედს გვირილას მკერდზე უბნევდა).
ორი კვირის წინათ, როცა ზებრახაზის მოხატვაზე ქუთაისის ერთ-ერთ დიდმოხელეს ვესაუბრე, ისეთი ბიუროკრატიული პასუხი გამცა, ნამდვილად არ მიფიქრია, ეს საქმე ასე იოლად თუ მოგვარდებოდა.
მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ქუთაისი არანაკლებ ღიაა სიახლეების მიმართ. ამ მოხატულ გადასასვლელს ბევრის გაკეთება შეუძლია – აუცილებლად აამაღლებს როგორც ზებრახაზის, ასევე ქალაქის ცნობადობას, რადგან მის ფოტოებს უამრავი ადამიანი ინტერნეტით ავრცელებს და ნახულობს, განიხილავენ ფორუმებსა თუ მედიაში.
ეს სამუშაოები წუხელ ააიპ “სპეციალური სერვისების” თანამშრომლებმა შეასრულეს. დირექტორი გელა გაგუა ასევე ღიაა ასეთი სიახლისთვის და ამბობს, რომ ორმაისობამდე ქალაქს კიდევ 1 შემოქმედებით ზებრახაზს, მომდევნო თვეებში კი კიდევ რამდენიმეს შემატებენ.
ფოტოებისთვის მადლობა ბატონ გელას.
იმედია, ქუთაისს სხვა ქალაქებიც მიბაძავენ, რადგან გზებზე უსაფრთხოება ყველასთვის მნიშვნელოვანია.”