მოლდოვის პრემიერ-მინისტრის, ნატალია გავრილიცას განცხადებით, ერს მეზობელ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მოლდოვაში რუსების შეჭრის ეშინია.
გავრილიცას თქმით, რა თქმა უნდა, ქვეყანაში შეშფოთებულები არიან, რადგან ამის რისკი არსებობს.
„ჯერ კიდევ ჰიპოთეზური სცენარია, მაგრამ თუ საომარი მოქმედებები გადაინაცვლებს უკრაინის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და ოდესისკენ, მაშინ, რა თქმა უნდა, ეს ძალიან გვაღელვებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ნატალია გავრილიცას თქმით, მისი ქვეყანა ერთადერთი არ არის, რომელსაც რუსეთის შეჭრის გამო შეშფოთების საფუძველი აქვს.
„ძალიან რთული ვითარებაა არა მხოლოდ მოლდოვისთვის, არამედ ნებისმიერი პატარა ქვეყნისთვის, ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც ეყრდნობა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. მოლდოვა უკრაინის შემდეგ ეკონომიკურად ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა ამ ომისგან. ჩვენ ვხედავთ ძალიან მაღალ ინფლაციას. ივნისში ინფლაციამ 32 პროცენტი შეადგინა“, – განაცხადა გავრილიცამ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ხალხი კრიზისს კეთილსინდისიერად უმკლავდება. გავრილიცას თქმით, მიუხედავად ფასისა, მისმა ქვეყანამ დიდი რაოდენობით ლტოლვილები ნებაყოფლობით მიიღო.
„ჩვენ ვნახეთ, მაგალითად, გამოკითხვებში, რომ ლტოლვილების ძალიან დიდი რაოდენობის მიღების შემდეგაც კი, მოლდაველების 85 პროცენტი ამბობს, რომ უფრო მეტ ლტოლვილს მიიღებს, 50 პროცენტი კი მზადაა ნებისმიერ დროს უპირობოდ მიიღოს ისინი.“– აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.