27 იანვარს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი აქციას გამართავს.
საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ბექა წიქარიშვილმა აღნიშნა, რომ ამ შეხვედრას ლეგიტიმაცია არ აქვს.
„საზოგადოება არ აღიარებს მათ შეხვედრებს, საბჭოს ამ წევრებს ნდობა არ აქვთ. ამის გასაპროტესტებლად შევიკრიბებით“, – განაცხადა წიქარიშვილმა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, 27 იანვარს შეხვედრა 11:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დაიწყება, სადაც შეხვედრის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე იმსჯელებენ.
სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მიიღებს არასამთავრობო სექტორის ნაწილი.