LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობას შესაძლოა, დენი გაუძვირდეს – ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლები თავისუფალ ბაზარზე გადიან

დენის ტარიფი შესაძლოა, გაძვირდეს. ამის მიზეზი ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე შესაძლო გასვლაა. ტარიფების ხელახლა გადახედვის უფლებამოსილება სემეკ-ს აქვს, თუმცა ჯერ უცნობია, როდის გადაიხედება დღეს არსებული ტარიფები.

ტარიფი, რომელიც გასული წლის დეკემბერში დადგინდა, წესით, სამი წლის განმავლობაში მოქმედებს, შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში ის არ უნდა შეიცვალოს, თუ არ იქნა ისეთი გარემოებები, რომელთაც სატარიფო მეთოდოლოგია ითვალისწინებს. თუმცა, როგორც „ფორტუნას“ სემეკ-ში განუცხადეს, მომავალ წელს იგეგმება ანალიზი, რაც დაადგენს, შეცვლილია თუ არა ის მაკორექტირებელი გარემოებები, რომლებმაც გარკვეული მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს იმისთვის, რომ ტარიფის გადახედვა მოხდეს.

მსხვილი შემსყიდველების გამო შესაძლოა, მოსახლეობას დენი გაუძვირდეს, მიუხედავად იმისა, რომ როდესაც 2017 წელს კომისია ელექტროენერგეტიკის სექტორში სამომხმარებლო ტარიფებს ითვლიდა, იმ დროისთვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა, რომ 2018 წლის პირველი მაისიდან გარკვეული რაოდენობის მომხმარებლები თავისუფალ ბაზარზე გავიდოდნენ, შესაბამისად, ახალი ტარიფები სემეკ-მა ამ მოცემულობის გათვალისწინებით დაიანგარიშა.

2018 წლის პირველი მაისიდან ბაზარზე გავიდნენ ის კომპანიები, რომლებმაც იანვარ-მარტის პერიოდში საშუალოდ 15 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარეს. სემეკის ტარიფებისა და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტის დირექტორმა, გივი სანიკიძემ „ფორტუნას“ განუცხადა, რომ წელს კიდევ რამდენიმე, 110-35 კვტ-ის ძაბვაზე მიერთებული მომხმარებელი ბაზარზე გავიდა და ახლა ისინი ელექტროენერგიის შესყიდვას პირდაპირი ხელშეკრულებებით ახორციელებენ. სწორედ ასეთი აბონენტების ბაზარზე გასვლამ შესაძლოა, სამომხმარებლო ტარიფის გადახედვა დღის წესრიგში დააყენოს.

„თუ კანონში იქნება შესაბამისი ცვლილებები, რომ ყველა 110-35 კვტ-ის ძაბვის მომხმარებელი ბაზარზე გავიდეს, რა თქმა უნდა, გვექნება განსხვავებული მოცემულობა და შესაძლებელია, დღის წესრიგში დადგეს ტარიფების გადაანგარიშება, თუმცა მიმდინარე წლის ბოლოს ეს გამორიცხულია, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ცვლილება ჯერ პროექტის სახითაც არ არის. წლის ბოლომდე ასეთი გადაანგარიშება რომც იყოს, მომავალ წელს ცვლილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, კიდევ რამდენი მომხმარებელი გავა ბაზარზე, რა ცვლილებებს გამოიწვევს ეს დაგეგმილ მაჩვენებლებში, რომელიც სემეკ-ს აქვს გათვალისწინებული. თუკი დაკმაყოფილდა მაკორექტირებელი გარემოებები, რასაც სატარიფო მეთოდოლოგია ითვალისწინებს, ბუნებრივია, კომისიას აქვს შესაძლებლობა, ტარიფებს გადახედოს,“ – განმარტავს “ფორტუნასთან” გივი სანიკიძე.

სამომხმარებლო ტარიფი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, მხოლოდ სრულყოფილი ანალიზის შემდეგ იქნება შესაძლებელი იმის გამოკვლევა, რა ცვლილებები შეიძლება შეეხოს მას. თუმცა სპეციალისტები განმარტავენ, რომ ამის წინასწარი პროგნოზი, დღევანდელი მოცემულობით, შეუძლებელია.

„თუკი კომპანიამ მიიღო ზედმეტი შემოსავალი, ის მომხმარებელს უნდა დაუბრუნდეს, ან თუ კომპანიამ ვერ მიიღო ის შემოსავალი, რაც აუცილებელი იყო მისი სტრატეგიული ფუნქციონირებისთვის, ამ მონაცემთა კორექტირება უნდა მოხდეს, სწორედ ამას გაითვალისწინებს შემდგომი ტარიფი. ცვლილებებისთვის საჭიროა, რომ მაკორექტირებელი ფაქტორების გადახრა მოხდეს პლუს-მინუს 10%-ზე მეტი ოდენობით. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა მაკორექტირებელი კომპონენტის ჯამი, რისგანაც სამომხმარებლო ტარიფი შედგება, თუ აღემატება 10%-ს, დგება აუცილებლობა, რომ კომისიამ რეგულირების პერიოდის შიგნით განახორციელოს ტარიფის გაზრდა. თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, მაშინ დღევანდელი ტარიფი 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს,“ – განუცხადა „ფორტუნას“ სანიკიძემ.

როგორც კომერციული, ასევე საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დღეს არსებული ტარიფები სამი ძაბვის საფეხურზე დგინდება. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, თავის მხრივ, კიდევ ცალკე აქვთ საფეხურებრივი ტარიფები, რაც თავისთავად სხვადასხვა თანხას გულისხმობს. იმის ანალიზს, სამომავლოდ როგორ და რა თანხამდე შეიძლება ტარიფი გაიზარდოს, სემეკ-ში ჯერ ვერ აკეთებენ.

გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ბანკმა გიგანტურ ჰესებთან (ნენსკრა ჰესის, ნამახვანისა და კორომხეთი ჰესები) დაკავშირებით 17 გვერდიანი სკანდალური დასკვნა მოამზადა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ჰესების აშენების შედეგად საქართველო ელექტროენერგიას იმაზე უფრო ძვირად მიიღებს, ვიდრე აქამდე იღებდა, მომხმარებლებისთვის ტარიფი კი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამ დასკვნის მიხედვით, დენის ტარიფი შესაძლოა, 12,5 თეთრიდან, 27,5-მდე გაიზარდოს. აღნიშნულ ვარაუდს სემეკ-ში არ ადასტურებენ და არგუმენტად ის მოჰყავთ, რომ ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც 2008 წლის შემდეგ შენდება, სატარიფო რეგულირებაში არ ექცევიან. რა იქნება მათი ტარიფები და როგორ გავლენ ისინი სამომხმარებლო ტარიფზე, სპეციალისტების განმარტებით, დღეს ამის პროგნოზი შეუძლებელია.

„ჩვენ ტარიფებს ვადგენთ იმ ჰიდროელექტროსადგურებზე, რომელთა დადგმული სიმძლავრეც არის 40 მგ/ვტ და ისინი აშენებულია 2008 წლის აგვისტომდე. შესაბამისად, როგორი იქნება ახალი ჰიდროელექტროსადგურების ტარიფები, ამ ეტაპზე რთულად პროგნოზირებადია,“ – განმარტავენ სემეკ-ში.

ენერგეტიკოსები ტარიფის ზრდის შესაძლებლობას ხელოვნურად მართულ პროცესს უწოდებს. მაგალითად, ბაჩანა ფიფიას თქმით, როცა სემეკ-ი სამწლიან ტარიფს ადგენდა, მაშინ მოქმედი ტარიფის დათვლისას არ იყო გათვალისწინებული ე.წ. მსხვილი მომხმარებლების ფაქტორი.

„დღეს მოქმედ ტარიფში, რომელიც სემეკ-მა 2017 წელს დათვალა, არ იყო გათვალისწინებული მსხვილი მომხმარებლებისთვის საჭირო ელექტროენერგიის მოცულობა, რადგან უკვე 2018 წლის პირველი მაისიდან იგეგმებოდა ამ კატეგორიის მომხმარებლებლის თავისუფალ ბაზარზე გასვლა. ეს პროცესები დროში გაჭიანურდა და დღემდე თავისუფალ ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე მომხმარებელი გავიდა. როგორც ვიცით, ამ ეტაპზე იგეგმება ბაზარზე არგასული მსხვილი მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე გადაყვანა, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მოქმედი სამომხმარებლო ტარიფების გადახედვის საჭიროება დღის წესრიგიდან მოიხსნება,“ – ამბობს ბაჩანა ფიფია.

ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, რომ ტარიფების გადახედვისთვის აუცილებელია სემეკ-ს ლიცენზიანტებმა მიმართონ, რაც ჯერჯერობით არ მომხდარა.

თათია კაკიაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g