LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოთხოვნადი უნარები ბაზარზე: როგორ გადავრჩეთ შრომის ბაზრის რეორგანიზაციის პირობებში?

117
1366x768_cmsv2_38575c61-963e-5198-b5b0-ba583d934d34-9553578

დღეს დამსაქმებელთა მცირე ნაწილი თუ მიიჩნევს ხელოვნურ ინტელექტთან და დიდ მონაცემებთან მუშაობას ძირითად უნარად, თუმცა ვითარება მალე შეიცვლება – ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში „სამუშაო ადგილების მომავალი“.

უნარები  პროფესიათა განვითარების პარალელურად იცვლება. მაშინ, როცა ახალი მოთხოვნები ჩნდება, სხვა უნარები თანდათან ქრება. ხელოვნური ინტელექტის გავლენა სამუშაო ადგილებზე კვლავ ცხარე დებატების საგანია, თუმცა უკვე შესაძლებელია გარკვეული ტენდენციების დანახვა. რადგან ეს ტექნოლოგია უფრო და უფრო მეტ პროცესს ამარტივებს, მოთხოვნა გარკვეულ პოზიციებზე – განსაკუთრებით საწყის დონეზე, მცირდება. მაგრამ როგორ შეუძლია დასაქმებულს საკუთარი თავის დაცვა?

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (WEF) ანგარიში „სამუშაო ადგილების მომავალი 2025“ ნაჩვენებია, თუ რომელი უნარები მიაჩნიათ დამსაქმებლებს ყველაზე მეტად საჭიროდ. ანგარიში ეფუძნება მონაცემებს, რომლებიც მიღებულია მსოფლიოს 1000-ზე მეტი უმსხვილესი დამსაქმებლისგან, რომლებიც წარმოადგენენ 14 მილიონზე მეტ თანამშრომელს 22 დარგში და 55 ეკონომიკაში.

ანალიტიკური აზროვნება, მდგრადობა, მოქნილობა და ლიდერობა

WEF-ის მონაცემებით, „ანალიტიკური აზროვნება“ ყველაზე მოთხოვნადი უნარია – დამსაქმებელთა დაახლოებით 69% მას ძირითად მოთხოვნად მიიჩნევს. მეორე ადგილზეა „მდგრადობა, მოქნილობა და დინამიკა“, რომელსაც აუცილებელ უნარად დამსაქმებელთა ორი მესამედი (67%) ასახელებს.

უნარების ევოლუციის პირობებში კვლავ მნიშვნელოვან როლს ასრულებს „ლიდერობა და სოციალური გავლენა“. დამსაქმებელთა დაახლოებით 61% აცხადებს, რომ ეს მათი თანამშრომლებისთვის აუცილებელი ძირითადი უნარია.

პირველ ადგილზე მყოფ „ანალიტიკურ აზროვნებასთან“ ერთად, „შემოქმედებითი აზროვნება“ ასევე ერთ-ერთ საკვანძო უნარად მიიჩნევა – მასზე მიუთითებს დამსაქმებელთა 57%.

„მოტივაცია და თვითშეფასება“, „ტექნოლოგიური წიგნიერება“, „ემპათია და აქტიური მოსმენა“, „ცნობისმოყვარეობა და მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლა“ – ამ უნარებს დამსაქმებელთა მინიმუმ ნახევარი თვლის აუცილებლად.

მეორე მხრივ, დამსაქმებელთა ნახევარზე ნაკლებმა განაცხადა, რომ „ხელოვნური ინტელექტი და დიდი მონაცემები“ მათთვის ამჟამად ძირითადი უნარია.

ასევე ნაკლებად მოთხოვნადია „მულტილინგვიზმი“ და „გლობალური სამოქალაქო პასუხისმგებლობა“.

ყველაზე ნაკლებად მოთხოვნადი უნარი არის „სენსორული ინფორმაციის დამუშავების უნარი“ – მას მხოლოდ 6% ასახელებს ძირითად უნარად.

ყველაზე დიდი ზრდა მოსალოდნელია „ხელოვნური ინტელექტისა და დიდი მონაცემების“ სფეროში

დამსაქმებლებს ჰკითხეს, გაიზრდება, შემცირდება თუ უცვლელი დარჩება თითოეული უნარის მოთხოვნა 2030 წლამდე. შედეგები კი ასე გამოიყურება:

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ტექნოლოგიურ უნარებზე მოთხოვნა ყველაზე სწრაფად გაიზრდება, ყველა კატეგორიაში. გამოკითხულთა უმრავლესობა მიუთითებს „ხელოვნურ ინტელექტსა და დიდ მონაცემებზე“, სადაც მოსალოდნელი ზრდა 87%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის „ქსელები და კიბერუსაფრთხოება“ (70%) და „ტექნოლოგიური წიგნიერება“ (68%).

ამ ტექნოლოგიურ უნარებთან ერთად, გაიზრდება „შემოქმედებითი აზროვნების“ და ორი სოციალურ-ემოციური განწყობის მნიშვნელობა – „მდგრადობა, მოქნილობა და დინამიკა“ და „ცნობისმოყვარეობა და მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლა“.

მოსალოდნელია, რომ „ლიდერობა და სოციალური გავლენა“ და „ტალანტების მართვა“ კვლავ მოთხოვნადი დარჩება.

დამსაქმებლები მხოლოდ ორი უნარის მნიშვნელობის შემცირებას პროგნოზირებენ: „ხელის მოხერხებულობა, გამძლეობა და სიზუსტე“ და „კითხვა, წერა და მათემატიკა“.

„COVID-19-ის პანდემიამ და მოწინავე ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა შრომით ცხოვრებასა და უნარებში, რამაც რესპონდენტები აიძულა, მომდევნო ანგარიშებში უნარების არასტაბილურობის მაღალი დონე ევარაუდათ”, – ნათქვამია დოკუმენტში. 

ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ უნარების არასტაბილურობის დონე სხვადასხვა ეკონომიკასა და სექტორში განსხვავებულია. საშუალოზე დაბალი და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები უფრო დიდ ცვლილებებს ელოდებიან სამუშაო ძალის კვალიფიკაციაში, მაშინ როცა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნები შედარებით ნაკლებ რყევებს პროგნოზირებენ.

მაგალითად, ანგარიშში წარმოდგენილი 55 ქვეყნიდან, იმ 12 ქვეყანას შორის, სადაც 2025-2030 წლებში უნარების ცვლილება ყველაზე ნაკლებადაა მოსალოდნელი, 10 ევროპაში მდებარეობს, მათ შორის – დანია, ნიდერლანდები, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და გერმანია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g