LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვა დრო და ჩვენც მოვიგებთ: სამტრედია ევროპისთვის მზად არ არის

24

საქართველოსთვის ევროპა ოფიციალურად დასრულდა. „სამტრედიას“ კი უნდოდა პრესტიჟისთვის მოეგო და ქვეყნისთვის სარეიტინგო ქულები მოეტანა, მაგრამ სამწუხაროდ არც აქედან გამოვიდა რამე. ჩვენმა ჩემპიონმა განმეორებითი მატჩიც წააგო – 0:1 და ასე უქულოდ კი არა, უგოლოდ დაასრულა ევროგამოსვლა.

პირველი ტაიმი მოსაწყენი გამოდგა – “ყარაბაღი”თავს არ იკლავდა, “სამტრედია” ვერ თამაშობდა და ასე გაილია 45 წუთი. თუმცა, გოლი მაინც გავიდა: 22-ე წუთზე დონალდ გუერიემ საჯარიმო ეშმაკურად დაარტყა და ომარ მიგინეშვილი დარტყმულს ვერ გაუმკლავდა – 0:1.

მეორე ტაიმში სურათი შეიცვალა და მასპინძლებმა რამდენჯერმე განახორციელეს მწვავე შეტევა. ყველაზე რეალური მომენტი გურამ სამუშიას მიეცა, რომელიც დავით რაჟამაშვილის ჩინებული პასით მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა ვერ ივარგა. შემდეგ იყო მანჯგალაძემ კარს მცირედით ააცილა. ორ ეპიზოდში ნიკა სანდოხაძე ურტყამდა თავით სახიფათოდ. მოკლედ, ეს იყო და თამაში და ევროპაც მორჩა.

საინტერესოა, რომ “დინამო არენაზე” აზერბაიჯანელი გულშემატკივრები უფრო მეტნი იყვნენ.

“სამტრედია” – “ყარაბაღი” 0:1 (0:1)

თბილისი, “დინამო არენა”, 2 000 მაყურებელი

“სამტრედია”: მიგინეიშვილი; მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე; მანჯგალაძე, დათუნაიშვილი; მარკოზაშვილი (სამუშია 58), რაჟამაშვილი, ინტერს გი (ნინუა 84); საბანაძე (ჯიქია 77)
“ყარაბაღი”: კანიბოლოცკი; მედვედევი, ჰუსეინოვი, რჟეჟიჩაკი, აგოლი; მიჩელი, გარაიევი, ალმეიდა (ამირგულიევივი 62); მადატოვი, ნდლოვუ (რამაზანოვი 70), გუერიე (ისმაილოვი 62)

გოლები: 0:1 გურიე (22)

გაფრთხილება: რაჟამაშვილი (53), სანდოხაძე (59) – ამირგულიევი (67), რამაზანოვი (88)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (4) – 6 (4) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 2:1

“თამაშით კმაყოფილი არ ვარ. როდესაც 0:6 წააგებ ორი მატჩის ჯამში, არაფერია სასაუბრო – გვაჯობა მეტოქემ და დამსახურებულად მოიგო. არ ვიყავით მზად “ყარაბაღის” ბარიერის დასაძლევად. გოლიც ვერ გავიტანეთ, მაგრამ ვფიქრობ, მინიმუმ ერთი გოლის გატანა, როგორც თბილისში, ისე ბაქოში შეგვეძლო.
ვიტყოდი, რომ ორივე გუნდმა დღეს კარგად ივარჯიშა. სამწუხაროდ, ეს იმის გამო მოხდა, რომ პირველი შეხვედრა 0:5 წავაგეთ.
ფეხბურთში მუდმივი არაფერია. დღეს აზერბაიჯანულ ფეხბურთს აქვს პროგრესი და იგებენ, მაგრამ მოვა დრო და ჩვენ გავიმარჯვეთ. ახლა კი, გილოცავთ წარმატებას”, – განაცხადა „სამტრედიის“ მწვრთნელმა გია ცეცაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები