19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გუშინ გვიან ღამით ლაშა ლურსმანაშვილი გამოკითხეს.
პირი, რომელიც შაქარაშვილის გაუჩინარების ღამეს, შაქარაშვილის მეგობარ გური ამირხანაშვილს დიდუბეში შეხვდა, აცხადებს, რომ ამირხანაშვილს არ იცნობს.
მოწმის თქმითვე, ამირხანაშვილმა მას დარეკვა სთხოვა.
“ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი არ ვიცი. ერთადერთს გეტყვით: ჩამოვედი ღამე ჩემ პირად საქმეზე, მოვხვდი არასწორ ადგილას, არასწორ დროს. ამირხანაშვილს არავის ვიცნობ. უბრალოდ, ადამიანმა დარეკვა მთხოვა, დასარეკი არ მქონდა”, – განაცხადა ლურსმანაშვილმა.
შეგახსენებთ, ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ თუ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილი “თეთრპერანგიან” პირს. კადრებში ასევე ჩანს მიკროავტობუსი, საიდანაც სწორედ აღნიშნული პირი ჩამოდის. ის ამირხანაშვილს რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება.
„მთავარი“ ვარაუდობდა, რომ „თეთრპერანგიანი ბიჭი“ ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ იყო. გუშინ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ავთანდილ ბილანიშვილიც გამოიკითხა. გამოკითხვა 4 საათზე დიდხანს გრძელდებოდა.
ავთანდილ ბილანიშვილი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებთან მეგობრობას უარყოფს