LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშპ-ის ზრდის პროგნოზები: რომელი ევროპული ეკონომიკა გაიზრდება უფრო სწრაფად?

119
1366x768_cmsv2_c7d6f4f1-fabd-556e-9ae4-e85bc3f18b69-9582232

2025 წელს გლობალურ ეკონომიკაზე ერთდროულად  მრავალი მაკროეკონომიკური ფაქტორი მოქმედებს: პოლიტიკური არასტაბილურობა და მონეტარული პოლიტიკის ცვლილებები ანალიტიკოსებს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებს. პოსტპანდემიური ნახტომის შემდეგ 2021 წელს და შემდგომი შენელების ფონზე, მიმდინარე წელი ხასიათდება სავაჭრო ომებით, ტარიფების საფრთხეებითა და საპროცენტო განაკვეთების შემცირებით.

OECD-ის( ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) მონაცემებით, ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი და ფინანსური პირობების გაუმჯობესება, უახლოეს წლებში გლობალური ზრდის მხარდამჭერი იქნება. თუმცა, წარმოების შემცირების რისკები კვლავ რჩება, მათ შორის შრომის ბაზრების შესუსტება. ქვეყნების მიხედვით ზრდის შეფასებები მნიშვნელოვნად განსხვავდება მსოფლიო წესრიგის ცვლილების ფონზე, რაც დიდწილად ტექნოლოგიურ განვითარებასა და რესურსებზე წვდომის დომინირებას უკავშირდება.

OECD-ის პროგნოზით, 2025 წელს ევროზონაში რეალური მშპ-ის ზრდა ჩამორჩება მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას – აშშ-სა და ჩინეთს. მაგრამ რა მოხდება 2026 და 2027 წლებში? და როგორია ცალკეული ქვეყნების მდგომარეობა ევროზონის შიგნით?

ზრდა 2025 წელს: ფინეთი ჩამორჩება

2025 წლის ბოლოსთვის, მოსალოდნელია, რომ ირლანდია OECD-ის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს – 10,2%-ს. OECD Economic Outlook-ის დეკემბრის ანგარიშის მიხედვით, ეს მკვეთრი ზრდა განპირობებულია ფარმაცევტული პროდუქციის დაჩქარებული ექსპორტით აშშ-ის ტარიფების ამოქმედებამდე.

წლის დასაწყისში არაერთი მუქარის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან იმპორტირებულ ფარმაცევტულ პროდუქტებზე ტარიფები შესაძლოა 100%-მდე გაიზარდოს. გამონაკლისი შეეხებათ იმ კომპანიებს, რომლებიც საწარმოო ობიექტებს აშშ-ში ააშენებენ. ამასთან, ევროკავშირი აცხადებს, რომ მისი ექსპორტი დაცულია ადრე დადებული სავაჭრო შეთანხმებით, რომელიც აშშ-ის ტარიფებს 15%-ით ზღუდავს.

ირლანდია აშკარად გამოირჩევა OECD-ის რეიტინგში: შემდეგ მოდიან თურქეთი 3,6%-ით და პოლონეთი 3,3%-ით.

ამასთან, ირლანდიის მშპ ხშირად დამაბნეველია ეკონომიკის სტრუქტურის გამო. დაბალი კორპორაციული გადასახადების შედეგად, ქვეყანაში რეგისტრირებულია მრავალი მულტინაციონალური კომპანია, რომლებიც მოგებას ირლანდიაში აფიქსირებენ, რაც სტატისტიკას ხელოვნურად ზრდის.

რეიტინგის ბოლოშია ფინეთი, რომელსაც 2025 წელს ნულოვანი ზრდა ელის. OECD-ის განმარტებით, ეკონომიკაზე ძლიერ ზეწოლას ახდენს მომხმარებელთა სუსტი ნდობა და საცხოვრებელი მშენებლობის მკვეთრი ვარდნა ჭარბი მიწოდების აღმოსაფხვრელად.

სამი ევროპული ეკონომიკა ლიდერობს

2026 წელს, 27 ევროპულ ქვეყანას შორის რეალური მშპ-ის ზრდა 0,6%-დან იტალიაში 3,4%-მდე პოლონეთსა და თურქეთში იქნება მოსალოდნელი. შემდეგ მოდის ლიეტუვა 3,1%-ით. მხოლოდ ეს სამი ქვეყანა გადააჭარბებს გლობალურ საშუალო მაჩვენებელს – 2,9%-ს.

რეიტინგის ქვედა ნაწილში იტალიის შემდეგ არიან ავსტრია და ფინეთი – თითოეული 0,9%-ით. 

ესპანეთი ლიდერია ხუთ უდიდეს ეკონომიკას შორის

OECD-ის შეფასებით, 2026 წელს ესპანეთის ეკონომიკა 2,2%-ით გაიზრდება, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპის ხუთ უდიდეს ეკონომიკას შორის. მეორე ადგილზეა დიდი ბრიტანეთი 1,2%-ით.

ანგარიშის მიხედვით, ესპანეთში დასაქმებისა და რეალური ხელფასების ზრდა კერძო მოხმარებას შეუწყობს ხელს, ხოლო ინვესტიციების ზრდა უზრუნველყოფილი იქნება აღდგენის, ტრანსფორმაციისა და მდგრადობის გეგმის (RTRP) გაგრძელებით და სესხების გაიაფებით.

დიდ ბრიტანეთში კი ზრდას ზღუდავს სახელმწიფო ხარჯების შეზღუდვა და გაურკვევლობა. შრომის ბაზარი ნელდება: სექტემბრამდე ერთ წელიწადში დაქირავებულთა რაოდენობა დაახლოებით 0,4%-ით შემცირდა, ხოლო ვაკანსიების რაოდენობა თითქმის 14%-ით დაეცა.

გერმანიისა და საფრანგეთის ზრდა 1%-ს მიაღწევს, ხოლო იტალია კვლავ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა – 0,6%.

ხუთი უდიდესი ეკონომიკა 2027 წელს

2027 წელს ესპანეთი კვლავ ლიდერი იქნება ხუთ უდიდეს ეკონომიკას შორის, თუმცა ზრდა 1,8%-მდე შენელდება. გერმანია დააჩქარებს ზრდას 1%-დან 1,5%-მდე. დიდ ბრიტანეთსა და იტალიაში ზრდა მხოლოდ 0,1 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდება, ხოლო საფრანგეთი კვლავ 1%-ზე დარჩება.

OECD პროგნოზირებს, რომ 2027 წელს 27 ევროპულ ქვეყანას შორის ყველაზე სწრაფი ზრდა თურქეთს ექნება – 4%. ორგანიზაციის შეფასებით, უფრო მაღალი ტარიფები ექსპორტს შეასუსტებს, თუმცა გავლენა შედარებით მცირე და დროებითი იქნება. ფინანსური პირობების გაუმჯობესება 2026 და 2027 წლებში კერძო მოხმარებასა და ინვესტიციებს გააძლიერებს, რაც იმპორტის ზრდასაც გამოიწვევს. ასევე მოსალოდნელია ინფლაციის შემდგომი შემცირება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g