საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ „Freedom Holding Corp“-ის მენეჯმენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
„Freedom Holding“-ი მსხვილი საცალო, საბროკერო და საინვესტიციო ბანკია ცენტრალური აზიის რეგიონში. ჰოლდინგი კლიენტებს სთავაზობს როგორც ტრადიციულ საბანკო, ასევე ინოვაციურ ფინანსურ სერვისებს. ჰოლდინგი აშშ-ში, ნევადაშია დაფუძნებული, მისი სათავო ოფისი კი ყაზახეთში, ალმათიში მდებარეობს.
„Freedom Holding“-ი როგორც საბანკო, ასევე საბროკერო სერვისების მიწოდების გზით საქართველოში საკუთარი აქტივობების განვითარებითაა დაინტერესებული.
სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში საფინანსო სექტორში არსებულ მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე. ყაზახური ჰოლდინგის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია საკანონმდებლო ჩარჩოზე და საზედამხედველო პოლიტიკაზე.