მარადიული ქალაქი ტურისტებისთვის შეზღუდვას აწესებს – საუბარია მსოფლიოს ულამაზეს და ყველაზე ცნობილ ესპანურ კიბეებზე, რომელიც რომის ცენტრში, ესპანეთის მოედანზე მდებარეობს და მოგზაურების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კიბეების თავში მდებარეობს ფრანცისკანული ეკლესია ტრინიტა დეი მონტი (სამება მთაზე), რომელიც ამ აკრძალვის ინიციატორია. საქმე ისაა, რომ მოგზაურები მთელი დღის განმავლობაში ესპანურ კიბეებზე სხედან ან წვანან და იქ ხშირ შემთხვევაში ჭამენ და სვამენ კიდეც, აქედან გამომდინარე ქაოსს იწვენენ, რაც „ტრინიტა დეი მონტის“ სიმშვიდეს არღვევს.
აღსანიშნავია, რომ რომში უკვე მიიღეს კანონდებლობა, რომლის მიხედვითაც ღირებულ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან, ჭამა-სმა იკრძალება. კანონის დარღვევა კი ისჯება 160-დან 400 ევრომდე ჯარიმით.
ტურისტების ნაწილი ამ აკრძალვას აპროტესტებს: „გასაგებია, აკრძალვა ეხება მათ ვინც აქ ჭამს, მაგრამ ვისაც მარტო ჩამოჯდომა გვინდა – რატომ გვიშლიან?“ – ამბობენ ისინი. თუმცა, ყოველ მათ საპროტესტო განცხადებაზე, ადგილობრივი პოლიცია პასუხობს, რომ ისინი იცავენ კანონს და პროტესტს აზრი არ აქვს.
ცნობისთვის, ფრანცისკანული ეკლესია ტრინიტა დეი მონტის (სამება მთაზე) მშენებლობა საფრანგეთის მეფის ლუდოვიკო XII-ს შეკვეთით 1502 წელს დაიწყო და მხოლოდ 1585 წელს დასრულდა. ტაძრის არქიტექტურა აღინიშნება იტალიისათვის უცხო – ორმაგი სამრეკლოთი. ეკლესიაში საინტერესოა მიქელანჯელოს მოწაფის, დანიელე დე ვოლტერას სკულპტურული კომპოზიცია „ჯვრიდან გარდმოსვენება“. რაც მთავარია, ეკლესია მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე ლამაზი კიბეების თავზე. ეს რომის ულამაზესი ადგილიდან – ესპანეთის მოედნიდან (Piazza di Spagna) ამომავალი კიბეებია. აქ სულ ხალხმრავლობაა. ხდება ისეც, რომ შეიძლება ჩამოსაჯდომი ადგილის ძებნაც კი მოგვიწიოს. თავად ესპანური კიბეები აგებულია 1723-1726 წლებში.