LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარი გამარჯვება გველის წინ, 26 ოქტომბერს!“ – ოპოზიციის გამოხმაურებები აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებზე

163
ოპოზიცია შეზღუდვებზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გუშინ გამოაცხადა, რომელიც „ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტარებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესებას ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან:

„ამ ყველაფერში რაიმე „პოზიტიური“ თუ უნდა დავინახოთ, ის არის, რომ ოპოზიციას 2 დღით გაუხანგრძლივდა პოლიტიკური სიცოცხლე“ – ნინო წილოსანი 

იაგო ხვიჩია: „ჩვენ სანქციებს ვუყურებთ ისე, რომ გვეცოდებიან კოლეგები, არ გვემეტება ამისთვის. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, შეცვალონ საკუთარი ქცევა, ვიდრე  გვიანი არ არის. ზოგადად, სწორ გზაზე შემობრუნება არასდროს არის გვიანი. უბრალოდ, მეცოდებიან ეს ადამიანები, რომლებიც შარში გაეხვიენ და ოჯახის წევრებსაც შარში ხვევენ. მოლოდინით შევყურებ შემოდგომას და არჩევნებს, იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნების შემდეგ ამ ვითარებას ჩვენ გამოვასწორებთ და რაღაცნაირად მოვუბოდიშებთ, რომ ასეთი უხერხულობა დაგვემართა ყველასთან და ყველაფერთან. მოლოდინი მაქვს, ამერიკელები სიტყვას შეასრულებენ, მიუხედავად იმისა, ვგულშემატკივრობ თუ არა ვინმეს დასანქცირებას. აქედან გამომდინარე, მოლოდინიც იმის შესაბამისი მაქვს, რაც ითქვა და რაც საჯაროდაც გაცხადებულია“ – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა.

თეონა აქუბარდია: „სანქციების მეშვეობით იზრდება ქართველი ხალხის მხარდაჭერა, რათა ჩვენ დავრჩეთ დემოკრატიული, ევროპული კურსის სადარაჯოზე. ეს არის კიდევ ერთი გზავნილი „ქართული ოცნებისთვის“, რომ ქვეყანა ბოლომდე არ წაიყვანოს ავტორიტარიზმისკენ და გაფრთხილება, რამდენადაც „ქართული ოცნება“ ქვეყნის ძირგამომთხრელ საქმიანობას თუ გააგრძელებს, ამას დამატებითი სანქციები მოჰყვება. ბუნებრივია, ეს საკმაოდ დიდი არასტაბილურობის შემქმნელი პროცესია ქვეყანაში, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია და ქვეყანაში, რომლის ცივილიზაციური არჩევანი არის ევროპა. ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“ – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჟურნალისტებთან.

ბადრი ჯაფარიძე: „ამ კანონის ინიციატორებმა და პოლიციის იმ მაღალჩინოსნებმა, რომელთა მითითებითაც სასტიკად გაუსწორდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, პასუხი უნდა აგონ და ამიტომაც დაუწესდათ მათ სანქციები.

მთავარი გამარჯვება გველის წინ, 26 ოქტომბერს!“ – წერს „ლელოს“ერთ-ერთი ლიდერი სოციალურ ქსელში.

პაატა მანჯგალაძე: „მოდი, დაველოდოთ მოვლენებს, ადრე ამბობდნენ, „სამართალი ურმით დადისო, მაგრამ ყველასთან მივაო“, ახლა მეილებით დადის სანქციები, ყველას მიუვა აუცილებლად და ამ ყველაფერს საკუთარ ტყავზე იგრძნობენ. რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, ქვეყნისთვის კარგი არ არის. სანქცირებულ მთავრობას არავინ დაელაპარაკება, ხელს არ ჩამოართმევს… მე მაგალითად, ვამბობ, რომ ეს რეჟიმი ხალხს სიკეთეს ვერ მოუტანს და მისი დროული ჩამოშორებაა აუცილებელი.

ვინც თავისუფალ სამყაროსთან ამერიკის შეერთებულ შტატებს მტრად აცხადებს, ასეთი ქვეყნები არიან ირანი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ამ გზას გაუდგა სამწუხაროდ [საქართველო]“ – ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი.

მიხეილ დაუშვილი: „ეს სანქციები მიუხედავად იმისა, რომ წერტილოვანი და პერსონალურია, საბოლოო ჯამში, თავისი გადაცემის ეფექტი აქვს, რითაც ჩვენ ყველა ვზიანდებით. რეალობა არის ის, რომ კონკრეტული ადამიანები, ვინც დღეს „ოცნების” მესვეურები არიან, ამოფარებული არიან სახელმწიფოს და ფაქტობრივად თავიანთ ქონებას, თავს და კორუფციით თუ სხვა გზით მოპოვებულ ქონებას ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე იცავენ, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მათთვის ამის უფლება არავის მიუცია, ამიტომ ჯერ კიდევ არსებობს დრო და შესაძლებლობა, რომ ეს ადამიანები გონს მოეგონ და თავი დაანებონ ამ ქვეყნის დაზიანებას. ეს ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. უნდა გვესმოდეს, რომ სხვაგვარად, სამწუხაროდ, ეს პროცესი ვერ გაჩერდება. დღეს მთავარი პასუხისმგებლობა „ოცნებაზე” და „ოცნების” მესვეურებზეა, რომ გონს მოეგონ და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომ ეს ქვეყანა აღარ დააზიანონ“- აცხადებს „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი.

მამუკა ხაზარაძე: „ამერიკის შეერთებული შტატები მოქმედებაზე გადავიდა. მოღალატე ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების პირველი ტალღა სახეზეა… ახლა ჯერი ისევ ჩვენზეა – კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვჭირდება, რომ ოქტომბერში გამარჯვება საბოლოოდ გავაფორმოთ!“ – ამბობს „ლელოს“ერთ-ერთი ლიდერი.

ლევან ხაბეიშვილი: „ქართული ოცნების“ წევრებს, „რუსულ კანონზე“ ხმის მიმცემ პარლამენტარებს, პოლიციელებს, რომლებიც არბევდნენ მშვიდობიან მანიფესტანტებს, სანქციები დაუწესა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და გამოაცხადეს, რომ ეს დასაწყისია.

ასეთ ქვეყანაში რომელი ინვესტორი შემოვა ან გაჩერდება?! ივანიშვილის პირობებში ეკონომიკური კოლაფსი გარდაუვალია! ივანიშვილის გუნდის მავნებლობა აისახება საქართველოს მოქალაქეების ჯიბეზე. მადლობა ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის“- წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

სალომე სამადაშვილი: „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ სანქცირებული რუსული რეჟიმის შეცვლაზე ოქტომბრის არჩევნებზე გადის ჩვენი ქვეყნის მომავლის ბედი. თუ ეს არჩევნები დღემდე იყო რეფერენდუმი საქართველოს ევროპულ მომავალს და რუსეთს შორის რა არჩევანს გააკეთებდა ქართველი ხალხი, გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, ეს არჩევნები არის რეფერენდუმი საქართველოს სუვერენიტეტის თაობაზე ანუ გვინდა თუ არა, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი მოკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების გვერდში დგომის გარეშე, საქართველო უბრალოდ ვერ გადარჩება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო“ – განაცხადა „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან.

„კონკრეტული სახელების თქმა არ შემიძლია, სავიზო შეზღუდვები ქმედებების სერიაში მხოლოდ პირველი ნაბიჯია“ – მეთიუ მილერი

„ქმედებები, რომლებსაც დამატებით ვამზადებთ, მაინცდამაინც სავიზო შეზღუდვებთან არ იქნება დაკავშირებული“ – მეთიუ მილერი

პოპულარულები