დღეს მთავარი საკალათბურთო თამაშია.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მონტენეგროსთან საომრად ემზადება. 19:00 საათზე ჩვენი გუნდი ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის F ჯგუფის ცენტრალურ შეხვედრაში მთავარ კონკურენტს დაუპირისპირდება, რომლის დამარცხების შემთხვევაში ევროპირველობის საგზურის მოსაპოვებლად უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.
მონგენეგრო, რომელსაც ხნიერი და ლეგენდარული მწვრთნელი, ბოგდან ტანიევიჩი წვრთნის, თბილისში 4 სექტემბერს ჩამოვიდა და ქართველებთან საბრძოლველად საგულდაგულოდ ემზადება. ექსიუგოსლავიელებს აკლიათ მინესოტელი ნიკოლა პეკოვიჩი, თუმცა წლების შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა და საქართველოს წინააღმდეგ ითამაშებს „ორლანდო მეჯიქისა” და მთლიანად ნბა-ს ერთ-ერთ ერთი საუკეთესო ცენტრფორვარდი ნიკოლა ვუჩევიჩი.
მონტენეგროელები საქართველოს მსგავსად წაუგებლები არიან – ტანიევიჩის გუნდმა სლოვაკებს შინ, ალბანელებს კი სტუმრად მოუგო. საქართველომ კი პირიქით – სლოვაკეთში მასპინძლებს და თბილისში ალბანელებს იოლად სძლია. სლოვაკეთში 94:63 მოგებულ მატჩში დისკვალიფიკაცია მიიღეს ვიქტორ სანიკიძემ და ბესო ლეჟავამ. ეს ორივე კალათბურთელი მონტენეგროსთან მატჩში ითამაშებს.
ილიას ზუროსი:
– დავიწყებ ისევ გულშემატკივართაგან და ყველას მოვუწოდებ, მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ. რამდენადაც ვიცი, დარბაზი სავსე იქნება და ეს ძალიან კარგია. გულშემატკივართა ფაქტორი ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ, ამასთან ერთად უნდა ვითამაშოთ კარგი დაცვა, რაც მოგების გარანტი იქნება. ჩვენ ეს დაგვანახა გასულმა თამაშებმა და ვალდებულები ვართ, კვლავ კონცენტრაცია დაცვაზე მოვახდონოთ. მე მჯერა ჩვენი ბიჭების, ჩვენი გუნდის და იმედი მაქვს, ყველა მათგანი მაქსიმუმს გაიღებს.